იაპონური ხომალდი ასტეროიდ რიუგუსთან მივიდა და ორი რობოტის გადასმისთვის ემზადება
იაპონური ხომალდი ასტეროიდ რიუგუსთან მივიდა და ორი რობოტის გადასმისთვის ემზადება

იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა ჰაიაბუსა-2-მა ასტეროიდ რიუგუს მიაღწია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, უახლოეს რამდენიმე დღეში ზონდი მასზე ორ ციცქნა მავალს გადასვამს.

ჰაიაბუსა-2-ის ჯგუფმა ეპიკური მანევრისთვის სამზადისი გასულ კვირას დაიწყო. ზონდი ასტეროიდზე გადასვამს დისკოს ფორმის ორ პატარა რობოტს, MINERVA-II1A-სა და MINERVA-II1B-ს, რომლებმაც ნიმუშები უნდა აიღონ. თითოეული მათგანის ზომა 18X7 სანტიმეტრია, წონა კი 1,1 კგ. მარსმავალებისგან განსხვავებით, ციცქნა რობოტები საბურავებზე სიარულის ნაცვლად იხტუნავებენ.

„ასტეროიდზე გრავიტაცია იმდენად სუსტია, რომ ჩვეულებრივ საბურავებზე მდგარი მავალი მოძრაობის დაწყებისთანავე ზემოთ, სივრცეში ატივტივდება. ამიტომ, ასეთ პატარა ციურ სხეულებზე სამოძრაოდ გამოიყენება ხტუნვის მექანიზმი. მავალი 15 მ სიმაღლეზე ახტება და ყოველი ახტომის შემდეგ, ჰაერში 15 წუთს გაჩერდება, კვლავ ზედაპირზე დაჯდომამდე“, — წერენ ჯგუფის წევრები MINERVA-II1A-ის აღწერაში.

მავალები ავტომატურად იმოძრავებენ და 95 მ სიგანის ასტეროიდის მრავალ სხვადასხვა ზონას გამოიკვლევენ. სამეცნიერო ხელსაწყოებით მავალთა წყვილი სხვაფასხვა მონაცემებს შეაგროვებს. ისინი აღჭურვილი არიან ტემპერატურისა და ოპტიკური სენსორებით, აქსელერომეტრით, გიროსკოპით და 3-3 კამერით.

მისია 150$ მილიონი დაჯდა და 2014 წლის დეკემბერში გაეშვა. ასტეორიდ რიუგუს ორბიტაზე ზონდი 2018 წლის 27 ივნისს გავიდა. ოქტომბერში ხომალდი ასტეროიდზე გადასვამს მოზრდილ მავალ MASCOT-ს, მომავალ წელს კი ასევე მოხტუნავე მავალ MINERVA-II2-ს.

ჰაიაბუსა-2 ასტეროიდს 2019 წლის დეკემბერში დატოვებს და იქ აღებულ ნიმუშებს დედამიწაზე სპეციალური კაფსულაში მოთავსებულს ჩამოიტანს. მშობლიურ პლანეტას ზონდი 2020 წელს დაუბრუნდება.

ამის შემდეგ, ნიმუშებს მეცნიერები დეტალურად შეისწავლიან, რათა მრავალი ახალი დეტალი გაარკვიონ მზის სისტემის ადრეული ისტორიიდან.

ზონდი ჰაიაბუსა-2 დაახლოებით მაცივრის ზომისაა და აღჭურვილია მზის პანელებით. წარმოადგენს JAXA-ს ასტეროიდთა პირველი მკვლევრის, ჰაიაბუსას მემკვიდრეს. ჰაიაბუსა იაპონურად „შავარდენს“ ნიშნავს.

2010 წელს, შვიდწლიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, ამ ზონდმა ნიმუშები ჩამოიტანა კარტოფილის ფორმის პატარა ასტეროიდიდან.

ჰაიაბუსა-2 ასტეროიდისკენ ნიმუშების ასაღებად გაგზავნილი ერთადერთი მისია როდია. თავის სამიზნეს, 500 მეტრიან ასტეროიდს უახლოვდება NASA-ს ხომალდი OSIRIS-REx-იც. მის ორბიტაზე ზონდი 31 დეკემბერს გავა, შემდეგ ასტეროიდის ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე 2023 წელს დაბრუნდება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი