დედამიწაზე სიცოცხლე შეიძლება კოსმოსურმა მტვერმა მოიტანა, სხვა პლანეტებიდან
დედამიწაზე სიცოცხლე შეიძლება კოსმოსურმა მტვერმა მოიტანა, სხვა პლანეტებიდან

ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლე შეიძლება სათავეს იღებდეს კოსმოსური მტვრის ნაკადების მიერ დედამიწაზე მოტანილი ბიოლოგიური ნაწილაკებისგან. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. კოსმოსურ მტვერს შეიძლება სიცოცხლე პლანეტიდან პლანეტაზე გადაჰქონდეს.

კვლევის მიხედვით, პლანეტათშორისი მტვრის სწრაფად მოძრავი ნაკადებს, რომლებიც გამუდმებით ბომბავენ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს, შესაძლოა შორეული პლანეტებიდან მოტანილი ჰქონდეთ ციცქნა ორგანიზმები, ანდა პირიქით, დედამიწისეული ორგანიზმები სხვა პლანეტებზე მიჰქონდეს.

მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწის ატმოსფეროში, მტვრის ნაკადები შეიძლება ბიოლოგიურ ნაწილაკებს ისეთი ენერგიით შეეჯახოს, რომ ისინი კოსმოსში გატყორცნოს.

ასეთი მოვლენა ბაქტერიებს ან სიცოცხლის სხვა ფორმებს საშუალებას უნდა აძლევდეს მზის სისტემის ერთი პლანეტიდან მეორეზე გადაადგილდეს, ანდა სისტემის მიღმაც.

კვლევის თანახმად, მსხვილი ასტეროიდის შეჯახება შესაძლოა სულაც არ იყოს ერთადერთი მექანიზმი, რომლის წყალობითაც სიცოცხლეს პლანეტებს შორის გადაადგილება შეუძლია, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოთვალეს თუ რამდენად მძლავრად შეიძლება შეეჯახოს 70 კმ/წმ სიჩქარით მოძრავი კოსმოსური მტვრის ნაკადები ჩვენს ატმოსფერულ სისტემაში არსებულ ნაწილაკებს.

დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირიდან 150 კმ ან უფრო მეტ სიმაღლეზე არსებული ციცქნა ნაწილაკები შესაძლებელია კოსმოსური მტვრის მიერ გაიტყორცნოს დედამიწის გრავიტაციის მიღმა და შემდეგ, თანდათან მიაღწიონ სხვა პლანეტებს.

ამ მექანიზის საშუალებით, ასევე შესაძლებელია ატმოსფერული ნაწილაკების გაცვლა-გამოცვლა შორეულ პლანეტებს შორის.

როგორც ცნობილია, ზოგიერთ ბაქტერიას, მცენარეს და ცხოველებს, რომლებსაც ნელამავალებს უწოდებენ, კოსმოსში გადარჩენა შეუძლიათ; შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ასეთი ორგანიზმები — თუკი ისინი წარმოდგენილნი იქნებიან დედამიწის ზედა ატმოსფეროში — შეეჯახონ სწრაფად მოძრავ კოსმოსურ მტვერს და გაუძლონ სხვა პლანეტამდე მგზავრობას.

„მოსაზრება, რომ კოსმოსურ მტვერთან შეჯახებას შესწევს უნარი გატყორცნოს ორგანიზმები უზარმაზარ მანძილებზე, პლანეტებს შორის — აჩენს ამაღელვებელ პერსპექტივებს პლანეტებზე სიცოცხლისა და მათი ატმოსფეროს წარმოშობის შესახებ. სწრაფი კოსმოსური მტვრის ნაკადები აღმოჩენილია პლანეტურ სისტემებს შორის და შესაძლოა, სიცოცხლის გავრცელების ძალიან ჩვეულებრივი ფაქტორიც იყოს“, — ამბობს პროფესორი არჯუნ ბერერა.

კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ed.ac.uk-ის (ედინბურგის უნივერსიტეტი) მიხედვით