მკაცრ პლანეტებზე, დღიდან ღამეში გარდამავალი, მუდმივი ბინდის ზონები შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — #1tvმეცნიერება
მკაცრ პლანეტებზე, დღიდან ღამეში გარდამავალი, მუდმივი ბინდის ზონები შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — #1tvმეცნიერება

ამჟამად, პლანეტის სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ერთადერთი მაგალითი ჩვენთვის დედამიწაა. ჩვენს უზარმაზარ გალაქტიკაში სიცოცხლე შეიძლება კიდევ სხვა ბევრ ადგილას იყოს, მაგრამ ჩვენი პლანეტა ერთადერთია, სადაც გადაჭრით ვიცით, რომ ის აღმოცენდა.

პრობლემა ის არის, რომ ზუსტად ჩვენი პლანეტის მსგავსი სხეული ჯერ არსად გვიპოვია — იმავე ზომისა და შემადგენლობის, პლანეტური სისტემის ზუსტად იმავე ადგილას, ვარსკვლავიდან ხელსაყრელ მანძილზე, სადაც ტემპერატურა სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის ხელსაყრელია.

ამ დროისათვის აღმოჩენილი 5300 ეგზოპლანეტიდან, უმეტესობა თავის ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის, ვიდრე დედამიწა მზესთან. ასეთი სიახლოვის გამო, ისინი გრავიტაციულად ჩაკეტილები არიან, ანუ, ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ არის მოქცეული და სულ დღეა, მეორე მხარე კი პირიქით და მუდამ ღამე და ყინვაა.

ახალი კვლევის მიხედვით, ვარსკვლავთან ასე ახლოს მოძრავ პლანეტებზე არის ადგილი, რომელიც შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს: ბინდის წვრილი ზონა, სადაც დღე ღამეს ხვდება; ასეთ ზონას ტერმინატორს უწოდებენ.

„საჭიროა პლანეტა, რომელზეც თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა იქნება. ეს არის პლანეტა, რომლის დღის მხარეც ძლიერ ცხელი იყოს, სიცოცხლისათვის სრულიად შეუფერებელი, ღამის მხარე კი ცივი, ალბათ ყინულით დაფარული. ღამის მხარეს შეიძლება იყოს დიდი მყინვარებიც“, — ამბობს ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ანა ლობო.

დედამიწის მსგავსი პლანეტების ძებნას გარკვეულწილად აფერხებს ჩვენი ტექნოლოგიების შეზღუდულობა. ყველაზე გამოსადეგი მეთოდები საუკეთესოდ მუშაობს ისეთი პლანეტების ძებნაში, რომლებიც თავის ვარსკვლავს საკმაოდ ახლოდან უვლიან გარშემო, 100 დღეზე ნაკლები პერიოდულობით.

თუ მხოლოდ მზის მსგავს ვარსკვლავებთან მოვძებნით, ეს შეიძლება პრობლემა იყოს სიცოცხლისათვის პოტენციური ხელსაყრელობისთვის. გალაქტიკის ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი წითელი ჯუჯაა — ჩვენს მზეზე პატარა, მკრთალი და გაცილებით გრილი ვარსკვლავები.

მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლო ზონა ასეთ ვარსკვლავებთან საკმაოდ ახლოს უნდა იყოს, მაგრამ აქ უკვე გრავიტაციული ჩაკეტილობის პრობლემა იჩენს თავს. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ორ სხეულს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება პატარა სხეულის ბრუნვას იმავე პერიოდში „გამოკეტავს“, რითაც ორბიტაზე მოძრაობს; შედეგად, ერთი მხარე მუდმივად დიდი სხეულისკენ მიქცეული ხდება. ეს განსაკუთრებით ხშირია ახლო ორბიტაზე მოძრავ ეგზოპლანეტებში, რადგან ვარსკვლავის გრავიტაცია ეგზოპლანეტას ისე ჭიმავს, რომ ეს გაღუნვა მუხრუჭის როლს ასრულებს. ზუსტად ასეა დედამიწისა და მთვარის შემთხვევაშიც.

არსებობს ეგზოპლანეტათა ერთი კატეგორია, რომელსაც „თვალის კაკალ პლანეტებს“ უწოდებენ; მათ შემთხვევაში, დღისა და ღამის მხარეებზე უნდა იყოს კლიმატური უკიდურესობები, და შესაბამისად, გარემო შეიძლება სულაც არ იყოს სტუმართმოყვარე. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა რაიმე გზა, რომლითაც ასეთი პლანეტები შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს, ანა ლობომ და მისმა კოლეგებმა მოდიფიცირებული კლიმატის მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს, რომელსაც როგორც წესი, დედამიწისთვის იყენებენ.

ეგზოპლანეტების პოტენციური სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის მცდელობები აქამდე ძირითადად ფოკუსირებული იყო წყლით მდიდარ, გაცილებით დიდ პლანეტებზე, რადგან დედამიწაზე არსებული სიცოცხლე სწორედ წყალს საჭიროებს. მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ გააფართოებს იმ პლანეტათა დიაპაზონს, სადაც არამიწიერი სიცოცხლის ნიშნები უნდა ვეძებოთ.

„ვცდილობთ, ყურადღება უფრო წყალნაკლული პლანეტებისკენ მივმართოთ, რომლებსაც შეიძლება ვრცელი ოკეანეები არ ჰქონდეთ, მაგრამ ჰქონდეთ ტბები ან უფრო პატარა წყალსატევები, ასეთი კლიმატი კი სინამდვილეში ძლიერ იმედისმომცემი უნდა იყოს“, — განმარტავს ლობო.

როგორც ჯგუფის კვლევამ აჩვენა, სავარაუდოა, რომ მეტი წყალი, „თვალის კაკალ პლანეტებს“ სიცოცხლისუნარიანობას შეუმცირებს. თუკი ასეთი პლანეტის დღის მხარეს თხევადი ოკეანეებია, ვარსკვლავთან ურთიერთქმედება ატმოსფეროს ორთქლით აავსებს, რომელმა შეიძლება მთელი პლანეტა საბურველში გაახვიოს და გამოიწვიოს სათბურის მხუთავი ეფექტი.

თუმცა, თუკი ეგზოპლანეტას ბევრი ხმელეთი აქვს, ტერმინატორი უფრო მეტად იქნება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ღამის მხარის მყინვარებმა იქ უნდა დნებოდნენ, რადგან ტემპერატურა ნულს ზემოთ ადის და შედეგად, ტერმინატორი ეგზოპლანეტას შემორტყმული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი სარტყელი გახდება.

დაახლოებით ასეთი შედეგები დადო 2013 წელს ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამაც. ერთობლივად, ისინი მიუთითებს, რომ ნამდვილად ღირს, „თვალის კაკალი“ ეგზოპლანეტები იმ პლანეტათა კატეგორიას დავამატოთ, რომელთა ატმოსფეროშიც მომავალში სიცოცხლის ნიშნებს მოვძებნით.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uci.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.