თუ შორეულ პლანეტებზე ამ აირს დავაფიქსირებთ, ის შეიძლება იქ სიცოცხლის არსებობის ნიშანი იყოს — #1tvმეცნიერება
თუ შორეულ პლანეტებზე ამ აირს დავაფიქსირებთ, ის შეიძლება იქ სიცოცხლის არსებობის ნიშანი იყოს — #1tvმეცნიერება

მოსაზრება, რომელიც ალბათ არასოდეს გაუვლია თავში კოსმოსის მოყვარულთა უმეტესობას — ბროკოლის (და სხვა მცენარეთა) მიერ გამოყოფილი აირი პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიშანია.

სულ მცირე, ასე იუწყება რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა.

უკვე დიდი ხანია, რაც აირი, სახელად მეთილის ბრომიდი დედამიწაზე სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ბუნებრივად გამოიყოფა მცენარეთა მიერ საკუთარი თავის დაცვის პროცესში.

მეთილირება, როგორც ამ თავდაცვის პროცესს უწოდებენ, მცენარეებს უცხო დამაბინძურებელთა გამოძევების საშუალებას აძლევს, მაგალითად, ბრომიდის, რისთვისაც მასზე აკრავს ნახშირბადისა და წყალბადის ატომთა სერიას, შესაბამისად, ახდენს მის აირიზაციას და ჰაერში გადევნას.

ასტრობიოლოგიური გადმოსახედიდან განსაკუთრებით საინტერესოა მეთილის ბრომიდი. 2000-იანი წლების დასაწყისამდე მას პესტიციდად იყენებდნენ და რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა სხვა პოტენციური ბიოხელწერისგან, თუკი ის ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გამოჩნდება.

პირველ რიგში, ის პლანეტის ატმოსფეროში ძალიან ცოტა ხანს ძლებს. ეს კი ძლიერ მნიშვნელოვანია ეგზოპლანეტათა ძებნაში, რადგან ნიშნავს იმას, რომ რაღაც პროცესი, რომელიც გაზებს წარმოქმნის, დიდი ალბათობით, კვლავ აქტიურია. მისი არსებობა უბრალოდ არ წარმოადგენს ათასობით წლის წინანდელი გეოლოგიური აქტივობის შედეგს.

მეორე უპირატესობა ის არის, რომ მისი ნახვა ყველა ასტრობიოლოგს უყვარს — ძალიან ცოტაა არაბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ამ აირს წარმოქმნის და ეს პროცესებიც ტიპურად ბუნებრივი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სახიფათო ქიმიურ ნივთიერებად ითვლება, მეთილის ბრომიდს დიდი ოდენობით აწარმოებდნენ პესტიციდის სახით გამოყენებისთვის, ვიდრე მისი რეგულირება მოხდებოდა ჯანმრთელობისთვის საზიანო ეფექტების გამო.

მესამე უპირატესობაა მისი სპექტროსკოპიული ტალღის სიგრძე, რომელიც მას საერთო აქვს „ბიძაშვილ“ აირთან, ასევე ერთ-ერთ ბიოხელწერასთან — მეთილის ქლორიდთან, რომელიც ასევე მეთილირების პროცესის შედეგად გამოიყოფა.

კომბინირებული ხელწერის გამო, მათი შორიდან დაფიქსირება გაცილებით ადვილია და ორივე მათგანი ბიოლოგიურ პროცესთა არსებობის მანიშნებელია; თუმცა, შესაძლებელია მეთილის ბრომიდისა და მეთილის ქლორიდის ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან მეთილის ქლორიდი უკვე დაფიქსირებულია ზოგიერთ ვარსკვლავთა გარშემო და სავარაუდოდ, არაორგანულ პროცესთა შედეგად არის წარმოქმნილი.

არც ისე დიდი უპირატესობა, მაგრამ მეთილის ბრომიდის დაფიქსირების საინტერესო ხრიკია ის, რომ დედამიწის ატმოსფეროში მისი შორიდან დაფიქსირება ადვილი არ იქნებოდა.

მისი კონცენტრაციის დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ მზის ულტრაიისფერი სინათლე ატმოსფეროში წყლის მოლეკულებს შლის ნაერთებად, რომლებიც მეთილის ბრომიდს ანადგურებს; შესაბამისად, დედამიწის ატმოსფეროში ის დიდხანს ვერ ძლებს.

თუმცა, ულტრაიისფერი სინათლე მხოლოდ მზის მსგავს ვარსკვლავთა პრობლემაა. M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო, რომლებიც გალაქტიკაში ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე მზის მსგავსი ვარსკვლავები, უფრო ნაკლები ულტრაიისფერი რადიაცია, რომელიც პოტენციურად დაშლიდა მეთილის ბრომიდის მოლეკულას.

გამომდინარე იქიდან, რომ M-ტიპის ჯუჯები ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავები იქნება, რომლებსაც ასტრობიოლოგები დააკვირდებიან, შეიძლება ჰქონდეთ შანსი, რომ მათ ატმოსფეროში მეთილის ბრომიდი იხილონ.

თუმცა, ნებისმიერი ასეთი აღმოჩენა ახლა ალბათ არ იქნება შესაძლებელი. ეგზოპლანეტის ატმოსფეროში მისი კვალის დაფიქსირება ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპსაც არ შეუძლია, რადგან ის ამაზე გათვლილი არ ყოფილა.

ამ დავალებისთვის თავის გართმევას უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეძლებს ზოგიერთი მიწისპირა ტელესკოპი.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.