რა ვისწავლეთ 2021 წელს არამიწიერი სიცოცხლის შესახებ — #1tvმეცნიერება
რა ვისწავლეთ 2021 წელს არამიწიერი სიცოცხლის შესახებ — #1tvმეცნიერება

2021 წელს არამიწიერი სიცოცხლის მაძიებლებსა თუ ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას ნამდვილად არ აკლდა საიდუმლოები დასაფიქრებლად. თუმცა, მივიღეთ გარკვეული პასუხებიც — პენტაგონის მიერ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე გაკეთებული განცხადებით დაწყებული, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტების შესახებ ახალი ცნობებით დამთავრებული.

შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა ვისწავლეთ 2021 წელს არამიწიერი სიცოცხლის შესახებ.

1. გაურკვეველი მფრინავი ობიექტები რეალურია

ივნისში, პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელსაც საზოგადოება დიდხანს ელოდა. მოხსენება აღწერს გაურკვეველ მფრინავ ობიექტებთან 144 შეხვედრას 2004-2021 წლებში. მოხსენების მიზანი იყო „გაურკვეველი საჰაერო ფენომენების მხრიდან მომდინარე საფრთხის“ შეფასება და რამდენიმე ისეთი გაურკვეველი მფრინავი ობიექტის დაფიქსირების დადასტურება, რომელთა შესახებ ცნობები იქამდე მხოლოდ ვირუსულ მედიაში ვრცელდებოდა. 9-გვერდიანი მოხსენება ადასტურებს, რომ „გაურკვეველ საჰაერო ფენომენთა უმეტესობა სავარაუდოდ ფიზიკურ ობიექტს წარმოადგენს“, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ფრინველებს ან საჰაერო ბუშტებს, ისე უცხოური დაზვერვის აღჭურვილობას ან აშშ-ის ზესაიდუმლო სამთავრობო პროექტებს. მოხსენება 144 ობიექტიდან ვერც ერთს ვერ უკავშირებს არამიწიერ არსებათა შესაძლო საქმიანობას.

2. შავი ხვრელები შეიძლება უცხო ცივილიზაციათა ელექტროსადგურები იყოს

მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერ სიცოცხლეზე მონადირეებმა ძალიან დიდი დრო გაატარეს მზის სისტემის მიღმა სიცოცხლისთვის ვარგის პლანეტათა ძებნას, ივლისში, ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებული ერთი კვლევა გვაფრთხილებს, რომ მეცნიერებს არ უნდა გამორჩეთ ბუნების ყველაზე ექსტრემალური ობიექტები: შავი ხვრელები. ვინაიდან შავ ხვრელებს იმაზე 100 000 და მეტი ენერგიის გამოსხივება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენი მზის მსგავს ვარსკვლავებს, კვლევის ავტორთა განცხადებით, ისინი შეიძლება მაცდური სამიზნე იყოს იმ არამიწიერ ცივილიზაციათათვის, რომლებიც შეიძლება, ენერგიის წყაროს ეძებდნენ საკუთარი ვარსკვლავთშორისი ბაზებისთვის. ამისათვის, არამიწიერ ცივილიზაციებს მოუწევთ გამოიყენონ მაღალტექნოლოგიური სტრუქტურები, სახელად დაისონის სფეროები, რომელთა საშუალებითაც ისინი ენერგიას მოიპარავენ შავი ხვრელის გარშემო მოძრავი წარმოუდგენლად ცხელი მატერიის დისკოსგან, შემდეგ კი ამ ენერგიას ის გარეთ, კოსმოსში გაასხივებს. კვლევის ავტორთა ვარაუდით, ეს ხელახლა გამოსხივებული ენერგია განსხვავებულ ტალღის სიგრძეს უნდა წარმოქმნიდეს, რომლის დაფიქსირებაც ასტრონომებმა დედამიწიდანაც უდნა შეძლონ. მკვლევრები ამჟამად ქმნიან ალგორითმებს, რომლებითაც ტელესკოპთა მიერ უკვე შეგროვებულ მონაცემებში ასეთ ხელწერებს მოძებნიან.

3. უცხო პლანეტები შეიძლება სულ არ ჰგავდნენ დედამიწას

ჰიკეანე პლანეტა,არამიწიერი სიცოცხლე

როგორც წესი, არამიწიერი სიცოცხლის ძებნას დედამიწის მსგავს პლანეტათა ძებნით ვიწყებთ; თუმცა, Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს უცხო პლანეტათა სხვა კლასი, რომელიც ასეთივე ხელსაყრელია სიცოცხლისთვის.

„ჰიკეანე“ პლანეტები, რომლებიც დედამიწაზე 2,5-ჯერ დიდია, თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანეები აქვთ და წყალბადით მდიდარი ატმოსფერო აკრავთ, შეიძლება იდეალური ადგილი იყოს მიკრობული სიცოცხლისთვის, კერძოდ „ექსტრემოფილებისთვის“, რომლებიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ გარემო პირობებში ყვავიან.

ირმის ნახტომში ასეთი პლანეტები არა მხოლოდ უხვად არის, არამედ დიდი მრავალფეროვნებითაც; ზოგიერთი მათგანი საკუთარ დედავარსკვლავს ძალიან ახლოდან უვლის გარშემო, ზოგიც შორს. კვლევის ავტორთა განცხადებით, ორივე ტიპის პლანეტაზე, ტალღებქვეშ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის გარკვეული ფორმები, რაც სრულიად ახალ პერსპექტივას აჩენს ეგზოპლანეტათა კვლევის თვალსაზრისით.

4. სატურნის ერთ-ერთ მთვარეს სიცოცხლის პოტენციალი აქვს

ივნისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სატურნის მეექვსე უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრიდან, ენცელადიდან ამოსული მეთანი შეიძლება მის ზედაპირქვეშა ოკეანეში სიცოცხლის არსებობის ნიშანი იყოს. 2005 წელს, NASA-ს ხომალდმა კასინიმ ენცელადის სამხრეთ პოლუსთან არსებული ნაპრალებიდან ამოფრქვეული წყლის გეიზერები დააფიქსირა. ისინი ენცელადის ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებული თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანიდან იფრქვევა; თუმცა, კასინიმ მხოლოდ წყალი როდი დააფიქსირა. გეიზერების შემადგენლობაში ასევე აღმოჩნდა სხვა მრავალი ნაერთიც, მათ შორის წყალბადი და ნახშირბადშემცველი ორგანული ნაერთები, მათ შორის მეთანი (CH4).

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა მოდელირებათა სერია გაუშვეს, რათა გაერკვიათ, შეიძლება თუ არა, ეს ნაერთები ისეთი მიკრობების ნიშანი იყოს, რომლებიც დიჰიდროგენს (ნაერთი სადაც გვხვდება წყალბადის ორი მოლეკულა) „ჭამენ“ და ნარჩენის სახით მეთანს გამოყოფენ. მკვლევართა ჯგუფმა განსაზღვრა, რომ ენცელადის გეიზერებში არსებული აირები შეიძლება მართლაც მიკრობების მიერ იყოს გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლის არსებობა სულაც არ არის გამორიცხული.

5. მეცნიერები შეიძლება სათანადო ყურადღებას არ აქცევენ „უცხოპლანეტელთა ნაგავს“ მზის სისტემაში

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ავი ლოები თავის ახალ წიგნში, „არამიწიერი: დედამიწის მიღმა გონიერი სიცოცხლის პირველი ნიშანი“ წერს, რომ უცნაური, სიგარის ფორმის ობიექტი, სახელად ოუმუამუა, რომელიც მზის სისტემაში 2017 წელს გამოჩნდა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიის ნაწილია. წიგნში ლოები ირწმუნება, რომ ობიექტის უჩვეულო, წაგრძელებული ფორმა (ჩვენთვის ცნობილი კომეტებისგან ძლიერ განსხვავებული), უკიდურესი სიკაშკაშე და მზისგან შორ მანძილზე დიდი სიჩქარე მიუთითებს, რომ ოუმუამუა ბუნებრივი წარმოშობის არ არის და არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიის ნაწილია, რომელიც სავარაუდოდ, შემთხვევით გამოისროლეს მზის სისტემაში.

„ტივტივა. საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი ნაწილი… სხვა გონიერ ორგანიზმთა მოშლილი ტექნოლოგია ან ჩამოწერილი ტექნოლოგიური ნაგავი“, — წერს ლოები.

„ეს ყოველივე ოუმუამუას საიდუმლოს შესაძლო ახსნაა — შესაძლო იმიტომ, რომ აქ, დედამიწაზე, კაცობრიობა უკვე ამზადებს ასეთ საგნებს, მაგრამ უფრო შეზღუდული მასშტაბებით“.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასტრონომთა უმეტესობა, რომლებმაც ეს ობიექტი შეისწავლეს, მისი ბუნებრივი წარმომავლობისკენ იხრება და მიაჩნიათ, რომ ის მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი კომეტაა.

6. ათასობით უცხო პლანეტიდან შეიძლება აკვირდებოდნენ კაცობრიობის განვითარებას

სხვა ვარსკვლავებთან არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა ადამიანებმა ჯერ ერთი საუკუნეც არ არის, რაც დაიწყეს. თუმცა, შეიძლება, 1700-ზე მეტი უცხო ცივილიზაცია ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ გვაკვირდებოდა. ივნისში, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახლომდებარე 1715 ვარსკვლავურ სისტემას ბრწყინვალე ხედვის კუთხე აქვს დედამიწისკენ, თანაც, 5000-ზე მეტი წლის განმავლობაში; 1400-ზე მეტი ასეთი ვარსკვლავიდან კი დედამიწა დღემდე ბრწყინვალედ უნდა მოჩანდეს.

ყველა ეს ვარსკვლავი ჩვენი პლანეტიდან 300 სინათლის წლის რადიუსშია მოქცეული, 75 მათგანს კი 100 სინათლის წელი ან უფრო ცოტა გვაშორებს. კვლევის ავტორის, კორნელის უნივერსიტეტის კარლ სეიგანის ინსტიტუტის დირექტორის, ლაიზა კალტენეგერის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები რადიოსიგნალებს უკვე დაახლოებით 100 წელია, რაც გადასცემენ, ამ 75 ვარსკვლავური სისტემიდან ყველა საკმარის მანძილზეა, რათა ჩვენს რადიოტალღებს მათთან უკვე მიეღწიათ. სულ სხვა საკითხია, ექნება თუ არა ამ ვარსკვლავურ სისტემებში მცხოვრებ რომელიმე ჰიპოთეტურ ცივილიზაციას ჩვენთან კონტაქტი.

7. შეიძლება, ჩვენივე ტექნოლოგიები გვიშლიდეს ხელს

2019 წლის 29 აპრილს, ასტრონომებმა დედამიწისკენ მომავალი სიგნალი დააფიქსირეს; ისე ჩანდა, რომ ეს სიგნალი მზის სისტემის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემიდან, პროქსიმა კენტავრიდან მოდიოდა; ცნობილია ისიც, რომ ამ სისტემაში არსებობს სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი სულ მცირე ერთი პლანეტა. იმის გამო, რომ ეს სიგნალი რადიოტალღების ვიწრო დიაპაზონში თავსდებოდა, რასაც იშვიათად გამოყოფს ხელოვნური თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები, მკვლევრებმა იეჭვეს, რომ ის შეიძლება არამიწიერ ტექნოლოგიათა სიგნალი ყოფილიყო. თუმცა, ის აღარასოდეს გამეორებულა. ოქტომბერში, ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ახსნა, რატომაც: სინამდვილეში, სიგნალი მოდიოდა მისი დამფიქსირებელი ტელესკოპის სიახლოვეს მოთავსებული ხარვეზებით მომუშავე კომპიუტერის ან ფიჭური მოწყობილობისგან.

8. უცხოპლანეტელთა მიერ „მოტაცებები“ შეიძლება ლუციდური სიზმრები იყოს

ლუციდური სიზმრები, რომლებშიც ადამიანებმა ნაწილობრივ იციან, რომ სიზმარში არიან და ამ სიზმრების კონტროლიც შეუძლიათ, შეიძლება გამოდგეს ე. წ. უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებების ამბების ასახსნელად. ამის შესახებ ივლისში გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს. ასეთი მოტაცებების შესახებ ამბები მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. მოტაცების გარემოებები ხშირად სიზმარს ჰგავს და ტერორისა და პარალიზის შეგრძნებებს იწვევს. ცნობილია, რომ ასეთ გრძნობებს აჩენს სიზმრის გარკვეული მდგომარეობები; ამიტომ, რუსი მკვლევრები დაინტერესდნენ, შეეძლო თუ არა სიზმრის ექსპერიმენტებს გარკვეული ცნობები მოეცა არამიწიერ არსებებთან კონტაქტის შესახებ მონათხრობთა შესახებ.

მეცნიერებმა ხელი შეუწყვეს 152 ადამიანს, რათა ლუციდური სიზმარი ენახათ უცხოპლანეტელებთან ან გაურკვეველ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრის შესახებ. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანმა მოყვა სიზმრები, რომლებიც უცხოპლანეტელთა მიერ გატაცების სავარაუდო ამბებს წააგავდა. მათგან, ვინც სიზმარში გადახდენილი ასეთი ამბები „რეალისტურად“ მიიჩნია, 24 პროცენტს ძილის პარალიზი და ძლიერი შიში განუვითარდა. ასეთი ემოციები ხშირად თან ახლავს ე. წ. უცხოპლანეტელთა მიერ გატაცების შემთხვევებს და მიჩნეულია, რომ პირებს, რომლებისაც მართლაც სჯერათ, რომ უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცების შემთხვევა რეალური იყო, სინამდვილეში, არამიწიერ არსებებთან შეხვედრებს ისინი შეიძლება ლუციდურ სიზმრებში ხედავენ.

9. სიცოცხლისთვის საჭირო კომპლექსური მოლეკულები კოსმოსში

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა კოსმოსში აღმოაჩინეს ნახშირბადის შემცველი კომპლექსური მოლეკულები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიცოცხლის განვითარებისთვის. მეცნიერებს დიდი ხანია სჯეროდათ, რომ ეს მოლეკულები კოსმოსში უხვად არის და მართლაც, მარტში, გრინ-ბენკის ტელესკოპმა მათი პირველი უდავო რადიოხელწერა დააფიქსირა.

10. მარსმავალმა „პერსევერანსმა“ მუშაობა დაიწყო

NASA-ს მავალი „პერსევერანსი“ მარსის ეზეროს კრატერში 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა. მისი მთავარი მიზანი სიცოცხლის ნიშნების პოვნაა. წითელი პლანეტა ასტრობიოლოგთა დიდი ინტერესის საგანია, რადგან მიჩნეულია, რომ ის ერთ დროს უფრო თბილი, სველი და შესაბამისად, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო. იმის გაგება, არსებობდა თუ არა ერთ დროს მარსზე სიცოცხლე, ადამიანებს დაგვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ, როგორ აღმოცენდა სიცოცხლე დედამიწაზე და შესაძლოა, სხვა პლანეტებზეც.

მომზადებულია Live Science-ის და seti.org-ის მიხედვით.