პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველ ვიდეოებს ოფიციალურად აქვეყნებს
პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველ ვიდეოებს ოფიციალურად აქვეყნებს

პენტაგონი ოფიციალურად აქვეყნებს სამ მოკლე ვიდეოს, რომლებშიც ასახულია „დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“. აღნიშნული კადრები გასული წლის შემოდგომაზე ერთ-ერთმა კერძო კომპანიამაც გამოაქვეყნა.

ვიდეოებში ჩანს ინფრაწითელი კამერების მიერ დაფიქსირებული სწრაფად მფრინავი ამოუცნობი ობიექტები. ორ ვიდეოში ისმის სტაფის წევრების გაოცებული შეძახილები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ ობიექტები. ერთ-ერთი ხმა ამბობს იმასაც, რომ ის შეიძლება, დრონი იყოს.

ვიდეოების ნამდვილობა აშშ-ის საზღვაო ძალებმა გასული წლის სექტემბერში დაადასტურა. პენტაგონის პრესსპიკერის, სიუ გაუფის განცხადებით, ამჯერად, ისინი ოფიციალურად გამოაქვეყნეს „საზოგადოებაში ამ ვიდეოების ნამდვილობის შესახებ ნებისმიერი არასწორი შეხედულების გავრცელების თავიდან ასაცილებლად“.

„ყოველმხრივი მიმოხილვის შემდეგ, დეპარტამენტმა განსაზღვრა, რომ ამ არასაიდუმლო ვიდეოების ოფიციალური გავრცელება არ ამჟღავნებს რაიმე სენსიტიურ შესაძლებლობებს ან სისტემებს. ამავე დროს, არ იმოქმედებს შემდგომ გამოძიებაზე“, — ამბობს გაუფი.

საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ვიდეოები პირველად 2017 წლის დეკემბერში და შემდეგ 2018 წლის მარტში გამოაქვეყნა კომპანია To the Stars-მა.

2017 წელს, ერთ-ერთმა პილოტმა, რომელმაც ერთ-ერთი ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 2004 წელს დაინახა, CNN-ს უთხრა, რომ ის ისე მოძრაობდა, ვერც მიხვდა რა იყო.

„როდესაც მივუახლოვდი, მან სასწრაფოდ აუჩქარა სამხრეთის მიმართულებით და დაახლოებით ორ წამში გაუჩინარდა. წარმოუდგენლად მკვეთრი რამ იყო, როგორც კედლიდან ასხლეტილი პინგ-პონგის ბურთი. გამოხტა და შემდეგ სხვა გზით წავიდა“, — აღნიშნა აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა პილოტმა დევიდ ფრავორმა.

ამოუცნობ ობიექტებთან საჰაერო შეხვედრის ამსახველ ჩანაწერებს პენტაგონი კონგრესის მიერ დავალებული საიდუმლო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა. პენტაგონის განცხადებით, პროგრამა 2007-2012 წლებში მიმდინარეობდა და ნევადის სენატორი ჰარი რიდი ხელმძღვანელობდა.

საიდუმლო პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლუის ელისონდომ 2017 წელს CNN-ს უთხრა, რომ მისი პირადი რწმენით, „ეს გახლავთ ძალიან მყარი მტკიცებულება იმისა, რომ სამყაროში ჩვენ მარტონი არ ვართ“.

„ეს საჰაერო ხომალდები, მოდი ვუწოდოთ მათ ასე, წარმოაჩენენ მახასიათებლებს, რომლებიც არ შედის არც აშშ-ს და არც სხვა ქვეყნების ჩვენთვის ცნობილ ტექნოლოგიებში“, — აღნიშნა ელისონდომ მათ მიერ შესწავლილი ობიექტების შესახებ. მისი თქმით, თავდაცვის დეპარტამენტიდან ის 2017 წელს წამოვიდა პროგრამის საიდუმლოობის პროტესტისა და მისი დაფინანსების შიდა ოპონირების გამო.

როგორც ჰარი რიდი ტვიტერზე წერს, ის მოხარულია, რომ პენტაგონმა ვიდეოები ოფიციალურად გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს ამ კვლევების მხოლოდ დასაწყისია და აშშ-ს სჭირდება სერიოზული, სამეცნიერო მიდგომა ეროვნული უსაფრთხოების ამ და სხვა ნებისმიერი პოტენციური გართულებების მიმართ“.

ამ საკითხით კონგრესის ზოგიერთი წევრი კიდევ დაინტერესებულია. გასულ ზაფხულს, ამ თემაზე სენატორებმა პენტაგონის ხელმძღვანელობასთან საიდუმლო შეხვედრაც გამართეს.

სენატორი მარკ ვარნერი ამბობს, რომ თუკი პილოტებმა მსგავსი რამ კიდევ შენიშნეს, იქნება ეს ამინდის ბურთები, პატარა, მწვანე კაცუნები თუ ნებისმიერი ასეთი რამ, შეუძლებელია პილოტს მოსთხოვო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.