პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა კვლევის საიდუმლო პროგრამაში 22$ მლნ დახარჯა
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა კვლევის საიდუმლო პროგრამაში 22$ მლნ დახარჯა

2008-2011 წლებში, პენტაგონმა საიდუმლოდ დახარჯა 22 მლნ აშშ დოლარი თითქმის უცნობ პროგრამაზე, რომლის მიზანიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა (ამო) მხრიდან მომდინარე საფრთხეების კვლევა იყო. ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პენტაგონმა ამ პროგრამის არსებობის შესახებ აღიარა.

მოწინავე საავიაციო საფრთხის იდენტიფიკაციის პროგრამა (Advanced Aerospace Threat Identification Program) 2007 წელს შეიქმნა სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს შემადგენლობაში, ნევადელი სენატორის, ჰარი რეიდის მოთხოვნის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს პროგრამას სამთავრობო დაფინანსება შეუწყდა, ის მუშაობას მაინც აგრძელებდა სამხედრო-სადაზვერვო ჩინოვნიკის, ლუის ელისონდოს ხელმძღვანელობით.

გამოცემის ცნობით, იმედგაცრუების, პენტაგონის მიერ დაფინანსების შეწყვეტისა და მისი ძალისხმევისადმი გამოჩენილი უყურედღებობის გამო, ელისონდო ოქტომბერში თანამდებობიდან გადადგა.

The Times-ის ცნობით, თავდაცვის მდივან ჯეიმზ მეტისისთვის გაგზავნილ გადადგომის წერილში ელისონდო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „საზღვაო ფლოტისა და სხვა სერვისებისათვის უჩვეულო საჰაერო სისტემების მიერ წარმოქმნილი დაბრკოლებების სერიოზული კვლევა და წარმოაჩინოს შემდგომი თაობის შესაძლებლობები“.

პროგრამის საწყის წლებში, პენტაგონმა გამოყოფილი 22 $ მილიონის დიდი ნაწილი მისცა რობერტ ბიგლოუს კუთვნილ აეროკოსმოსურ კომპანიას. ამ მილიარდერ ბიზნესმენს მტკიცედ სწამს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები არსებობენ და დედამიწასაც სტუმრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიგლოუ რეიდის ახლო მეგობარია და სენატორი თავდაპირველად სწორედ მან დააინტერესა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებითა და უცხოპლანეტელებით. 2004-2010 წლებში, სწორედ იგი აფინანსებდა რეიდის საარჩევნო კამპანიას.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ხელისუფლება იძიებდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა და იდუმალებით მოცულ სხვა კოსმოსურ ფენომენებს.

CIA-ს ანალიზების მიხედვით, 1947 წელს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაუშვეს პროექტი, რომლის მიზანიც იყო „ასეთ მოვლენებთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, შეფასება და მთავრობისთვის მიწოდება. პროგრამა ეყრდნობოდა რწმენას, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები შეიძლება მართლაც არსებობდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ამ კვლევას მოჰყვა პროექტები Grudge და Blue Book. ორივე მათგანის მიზანი იგივე იყო — ამო-ების მონაცემების შეგროვება და შესაძლო საფრთხეების ანალიზი.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა მეტად საკამათო გახდა როზუელის 1947 წლის სახელგანთქმული ინციდენტის შემდეგ, როდესაც ნიუ-მექსიკოში, ქალაქ როზუელის ერთ-ერთ რანჩოზე, დისკო ფორმის მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა.

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, ეს იყო სტანდარტული ამინდის ბუშტი, თუმცა ამო-ს ენთუზიასტები მთავრობას მაინც ადანაშაულებენ, რომ თითქოს ის სინამდვილეს მალავს.

მათ, ვინც როზუელის ინციდენტის მთავრობისეულ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და უცხოპლანეტელთა არსებობის სჯერათ, კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ კონსპირაციული თეორიის მიმდევრებს. თუმცა, ბიგლოუ და მისი მხარდამჭერი სენატორ რეიდის მსგავსი აეროკოსმოსური მკვლევრები ამტკიცებენ, რომ აუხნელი ფენომენების კვლევისათვის მთავრობის მიერ ფულისა და რესურსების ხარჯვა ლეგიტიმურად გამართლებულია.

„მსოფლიო მასშტაბით, ამ საკითხთან მიმართებაში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ. ჩვენს მეცნიერებს ზედმეტი კრიტიკის ეშინიათ, ჩვენს მედიას კი სტიგმის“, — უთხრა The Times-ს ბიგლოუმ.

„სხვა ქვეყნები ამ მხრივ აქტიურნი არიან და საკითხსაც გულმოდგინედ განიხილავენ, სულაც არ ეშინიათ ყმაწვილური ტაბუების“.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით