დედამიწისეული სიცოცხლის მარცვლები შეიძლება შორეულ ეგზოპლანეტებზე გაგზავნონ - ამბიციური პროექტი
დედამიწისეული სიცოცხლის მარცვლები შეიძლება შორეულ ეგზოპლანეტებზე გაგზავნონ - ამბიციური პროექტი

გერმანელმა ფიზიკის თეორეტიკოსმა წარმოადგინა ისტორიაში პირველი ვარსკვლავთშორისი ხომალდის მოდიფიკაცია, რომელსაც დამუხრუჭების შესაძლებლობა ექნება, რათა ეგზოპლანეტის ორბიტაზე გავიდეს და სიცოცხლის დედამიწისეული თესლები ჩაიტანოს. თუმცა, მოგზაურობისთვის საჭირო 12 000 წელი შეიძლება მთავარი პრობლემა გახდეს მისიის მხარდაჭერისათვის.

გასული 30 წლის განმავლობაში, როდესაც ისმოდა კითხვა, თუ სად შეიძლება წასულიყვნენ ადამიანები კოსმოსში დედამიწის შემდეგ, ყოველთვის განიხილებოდა მისია მარსზე და მთვარეზე დაბრუნება.

თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემათა მთელ ერთობლიობას, რომლებიც ჩვენ დავატეხეთ თავს პლანეტა დედამიწას, ეკოლოგიიდან დაწყებული და ეკონომიკით დამთავრებული — მსგავსი კვლევებისა და კოლონიზაციის მიზნებს შეიძლება ეგოისტური ფესვები ჰქონდეს, რადგან ახალი სახლის ძებნა გვჭირდება ზემოთხსენებული თუ კიდევ სხვა პრობლემათა გამო.

მიუხედავად ამისა, კოლონიზაციის ყველაზე ოპტიმისტურ გეგმებსაც კი ათწლეულები სჭირდება; ამავე დროს, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ საუკუნეს გადავურჩებით და გვეყოფა დრო, რათა კაცობრიობა გალაქტიკაში გავიდეს.

მაგრამ რა მოხდება, თუკი ახლავე დავიწყებთ სიცოცხლის დათესვის პროცესს სხვა პლანეტებზე? კაცობრიობა შეიძლება ვერ გადარჩეს, მაგრამ ეს სიცოცხლის გარკვეულმა ფორმებმა შესძლოს.

კლაუდიუს გროსი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ფიზიკის თეორეტიკოსი — ფიქრობს, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.

მას სჯერა, რომ კოსმოსის მასშტაბით სიცოცხლის დათესვა წინ წაუღძვება ადამიანთა კოლონიზაციას; მას ასევე სწამს, რომ სამყაროს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის მიზანმიმართული დათესვის პროცესი, რომელსაც უფრო ლაკონურად წინასწარგანზრახულ პანსპერმიას უწოდებენ, სრულად ჯდება ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებეში.

Breakthrough Starshot-ი ამბიციური გეგმაა, რომელიც ლაზერული აჩქარების სისტემის გამოყენებით, ისტორიაში პირველი ზონდის გაგზავნას გულისხმობს ჩვენს უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრთან.

როგორც მოსალოდნელია, ამ მოგზაურობას 20 წელი დასჭირდება და საჭიროა მხოლოდ ერთგრამიანი ზონდი, რომელიც აჩქარდება 160 მილიონი კმ/სთ-ით, ანუ სინათლის სიჩქარის ერთი-მეხუთედით.

ზონდს არ ექნება დამუხრუჭების სისტემა და როგორც მოსალოდნელია, მისვლიდან რამდენიმე საათში, ვარსკვლავი მას ააშიშინებს, თუმცა მაინც მოასწრებს ფოტოების გადაღებას და უკან, დედამიწაზე გამოგზავნას.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალ Journal of Physics Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, გროსი გვთავაზობს, რომ აჩქარების იგივე სისტემა გამოვიყენოთ 1,5-ტონიანი ხომალდის გასაგზავნად, რომელიც უფრო დაბალი სიჩქარით იმოძრავებს, რათა გადავიღოთ უფრო მეტი ფოტო.

მას სურს, რომ ხომალდმა მიაღწიოს სტაბილური ეგზოპლანეტის ორბიტას და იქ დათესოს სიცოცხლე ბორტზე მოთვსებული „მინი ლაბორატორიებიდან“, რომლებშიც უნდა იზრდებოდეს გენები და უჯრედები. ზემოთხსენებული სამიზნეა TRAPPIST-1-ის სისტემა, თუმცა განიხილავენ სხვა ეგზოპლანეტებსაც, მაგალითად, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ როს 128b-ს.

გროსის ჰიპოთეტური, 1,5-ტონიანი ხომალდი სიცოცხლის დასათესად დედამიწიდან უნდა გაეშვას და ჩვენს პლანეტაზე განთავსებულმა უზარმაზარმა ლაზერებმა, რომლებიც მის 50 კილომეტრიან სინათლის იალქნისკენ იქნება მიმართული, ხომალდს სინათლის სიჩქარის დაახლოებით 30% უნდა მიანიჭოს.

ალფა კენტავრის მისიის ციცქნა ზონდისგან განსხვავებით, გროსის ხომალდს ეგზოპლანეტასთან მისვლისას დამუხრუჭება უნდა შეეძლოს. ამიტომ, მკვლევარი ფიქრობს თუ როგორ გამოიყენოს მაგნიტური იალქანი, რომელიც პროტონებთან ხახუნს გამოიმუშავებს.

ეს კი ხომალდს საშუალებას მისცემს დაამუხრუჭოს მოგზაურობის დროს, დაახლოებით ისე, როგორც ავტომანქანა ჩერედბა გზატკეცილის ნაპირზე.

„მაგნიტური იალქნის მიზანია მაგნიტური ველის შექმნა ენერგიის დაკარგვის გარეშე. არ იქნება საჭირო დამატებითი ენერგია, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ველს ერთხელ შექმნით, სუპერგამტარი მარყუჟის საშუალებით ელექტროდენი და მაგნიტური ველი სამუდამოდ დარჩება“, — უთხრა გროსმა გამოცემა Futurism-ს.

გროსის განცხადებით, მაგნიტური იალქნის რადიუსი დაახლოებით 50 კმ უნდა იყოს და მაგნიტური ველი მისმა თითოეულმა მარყუჟმა უნდა გამოიმუშაოს. ეს ველები ზონდის მონუმენტს შემხვედრი ნაწილაკებისაკენ გასწევს.

არსებითად, დედამიწასა და ზონდის დანიშნულების ადგილს შორის არსებული პროტონები წარმოქმნიან დამუხრუჭებისათვის საჭირო ხახუნს.

შეიძლება უცნაურად ჩანდეს იმის წარმოდგენა, თუ როგორ ამუხრუჭებს გიგანტურ ზონდს ისეთი პატარა და უმნიშვნელო ნაწილაკები, როგორიც პროტონებია.

სიტუაციას დამატებით ართულებს ის ფაქტიც, რომ მეცნიერთა ვარაუდით, უძველესი სუპერნოვას აფეთქების შედეგად, მზის სისტემის გარშემო და მის სიახლოვეს, შეიძლება მოსუფთავებული იყოს აირები, შესაბამისად, დაბალი იქნება მატერიის სიმკვრივე.

თუმცა, როგორც გროსი განმარტავს, მიუხედავად მატერიის ასეთი დაბალი კონცენტრაციისა, ამ დიზაინმა მაინც უნდა უზრუნველყოს ჰიპოთეტური ხომალდის დამუხრუჭებისათვის საჭირო ხახუნი, რათა მან ეგზოპლანეტას კი არ გადაუფრინოს, არამედ მის ორბიტაზე გავიდეს.

„შეგიძლია დაამუხრუჭო ვარსკვლავთშორისი სივრცისგან გადმოცემული ხახუნით“, — ამბობს იგი.

საქმე ის არის, რომ დამატებით მასას სჭირდება უზრუნველყოფილი იყოს დამუხრუჭების სისტემით 12 000 წლის განმავლობაში, TRAPPIST-1-ისკენ მიმავალ გზაზე. კოსმოსური თვალსაზრისით, ეს დრო თვალის დახამხამებაც კი არაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები იშვიათად აღწევენ 100 წლის ასაკსაც კი, დღეისათვის ცოცხალი ძეხორციელი ვერ იხილავს თუ როგორ მიაღწევს სიცოცხლის დასათესად გაგზავნილი ჩვენი ზონდი დანიშნულების ადგილს.

ბოლო დროს, წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო აღმოჩინილ ეგზოპლანეტათა მზარდი ოდენობის კვალდაკვალ, მეცნიერებმა წამოაყენეს თეორიები, რომ ამ პლანეტებს შეიძლება წყალი და ჟანგბადი ჰქონდეთ. ამ პლანეტებს ატმოსფეროს გაციებისთვის უფრო მეტი დრო ჰქონდათ, ვიდრე დედამიწას, რაც უნდა გამორიცხავდეს მათზე სიცოცხლის აღმოცენებას იმ პერიოდში, რაც დედამიწის შემთხვევაში იყო.

„მზეს 10 მილიონი წელი დასჭირდა, რათა დღევანდელ ტემპერატურამდე გაციებუილიყო, მაგრამ TRAPPIST-1-ის მსგავსი პატარა ვარსკვლავები, ცხელი რჩება ასობით მილიონი წლის განმავლობაში“, — ამბობს გროსი.

შედეგად, როგორც იგი განმარტავს, TRAPPIST-1-ის პლანეტების სტრატოსფეროში არსებულ წყლის ორთქლს, დედავარსკვლავის ულტრაიისფერი რადიაცია დაშლიდა წყალბადად და ჟანგბადად.

წყალბადი კოსმოსში გარბის, რადგან ის ზედმეტად მსუბუქია, რათა დედამიწისნაირმა პლანეტამ შეაკავოს, ჟანგბადი კი აკუმულირებული რჩება.

„თუკი TRAPPIST-1-ის შვიდი პლანეტიდან რომელიმეს ჯერ კიდევ აქვს ოკეანე, ასევე უნდა ჰქონდეთ ჟანგბადის მასიური ატმოსფერო. დედამიწის ჟანგბადის წნევა 0,2 ბარია, მაგრამ TRAPPIST-1-ის მსგავს პლანეტებზე, ის შეიძლება 100 ბარი ან მეტი იყოს“, — ამბობს გროსი.

ეს ნამატი ჟანგბადი „ჭამს“ ბიოტურ სიცოცხლეს და გამორიცხავს პროტოუჯრედების წარმოქმნას. კომპლექსურ ეუკარიოტებს, რომლებიც წარმოქმნიან თანამედროვე მრავალუჯრედიანი სიცოცხლის საფუძველს, არასოდეს უნდა ჰქონდეთ განვითარების შანსი ასეთ „ჟანგბადის პლანეტებზე“.

„შეიძლება გვაქვს კიდეც სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მილიონობით ან მილიარდობით ეგზოპლანეტა, მაგრამ ისინი დასაწყისიდანვე სტერილიზებული იყოს ჟანგბადის მიერ“, — ამბობს გროსი.

შედეგად, მოსაზრება, რომ რომ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ იქ არსებული არამიწიერი ბუნებრივი სიცოცხლის ევოლუციას, არასწორია, რადგან ჩვენ ხელს არაფერსაც არ შევუშლით.

კოსმოსური ბაღი შეიძლება სწორედ ჩვენ გვიცდიდეს, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ გროსის მიერ შემოთავაზებული მოგზაურობისათვის საჭირო დიდმა დრომ ზოგიერთს სერიოზულად არც აღაქმევინოს სიცოცხლის დათესვის პროექტი. გროსის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზონდი დანიშნულების ადგილს, ანუ რომელიმე პლანეტას მიაღწევს, ნებისმიერ სიცოცხლეს მომწიფებისათვის მილიარდობით წელი დასჭირდება.

გროსის ინიციატივას კოსმოსის მასშტაბით სიცოცხლის დათესვის შესახებ, რომელსაც „გენეზისის პროექტი“ (Genesis Project) უწოდეს, გვაიძულებს უკან დავბრუნდეთ და კარგად გავაცნობიეროთ, რას ვუშვრებით დედამიწას.

„თუ რაციონალური ხართ, ვერ დაამტკიცებთ გერძელვადიანი პროექტის გამოყენებას დედამიწაზე, რადგან გარშემო აღარავინ იქნება“, — ამბობს გროსი.

მკვლევრის აზრით, მისი ჰიპოთეტური მისია საბოლოოდ აიძულებს კაცობრიობას, რათა გაითვალისწინოს მეტაეთიკური შეკითხვა. ჩვენი სახეობისათვის, ყველაზე ბუნებრივი ეთიკური სისტემა ისაა, რომელიც ჩვენ ცენტრში გვათავსებს, დიდწილად სწორედ ასე ვცხოვრობთ. მაგრამ გვჭირდება თუ არა, რომ ამ იმპერატივს მივყვეთ დროის 100 პროცენტში? გროსი ასე არ ფიქრობს.

„ეთიკური სისტემა, რომელიც 99%-ით ადამიან-ცენტრულია, საკმარისია აყვავებული ცივილიზაციის შესაქმნელად; მხოლოდ ის დარჩენილი 1 პროცენტი გვაძლევს საშუალებას, მიზნად დავისახოთ ისეთი „არარაციონალური“ პროექტები, როგორიც პროექტი გენეზისია“, — უთხრა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ფიზიკის თეორეტიკოსმა, კლაუდიუს გროსმა გამოცემა Futurism-ს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი