ჯუჯა პლანეტა ცერერა წარსულში შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო — #1tvმეცნიერება
2015 წელს, როცა NASA-ს მისია Dawn-ი ჯუჯა პლანეტა ცერერასთან მივიდა, მეცნიერებმა და ფართო საზოგადოებამ ამ უცნაური და უმშვენიერესი პლანეტოიდის პირველი დეტალური ხედები იხილეს.
ცერერა ასტერიოდთა მთავარი სარტყლის უდიდესი ობიექტია, რომელზეც მისი ჯამური მასის 39 პროცენტი მოდის და წარმოადგენს ამ სარტყლის ერთადერთ ობიექტს, რომელსაც ჰიდროსტატიკური ეკვილიბრუმი აქვს (ანუ, საკუთარი გრავიტაციის გამო მრგვალი ფორმა აქვს).
2015-2018 წლებში, მისიის მსვლელობისას გამოვლინდა ძალიან საინტერესო დეტალები ამ იდუმალი ჯუჯა პლანეტის შესახებ.
იუპიტერის მთვარე ევროპას და სატურნის თანამგზავრ ტიტანისა და ენცელადის მსგავსად, მეცნიერები ცერერაზეც ეჭვობენ, რომ არის „ოკეანური პლანეტა“ — ანუ, შეიძლება ჰქონდეს თხევადი წყლით სავსე ინტერიერი, რომელიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი შეიძლება იყოს.
Dawn-ის აღმოჩენები მიუთითებს, რომ ეს პლანეტოიდი წიაღზი ზედმეტად ცივია და მისი წყალი გაყინვას ვერ გადაურჩება, არსებული თხევადი წყალი კი სავარაუდოდ კონცენტრირებული მარილწყალია. თუმცა, NASA-ს მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ერთუჯრედიანი სიცოცხლის ფორმებისთვის ხელსაყრელი გარემო ცერერას შეიძლება ჰქონდა 2,5 – 4 მილიარდი წლის წინ.
კვლევა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

Dawn-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცერერას ბირთვში რადიოაქტიური ელემენტების დაშლის შედეგად არასაკმარისი სითბო გამოიყოფა იმისთვის, რათა შენარჩუნდეს ინტერიერის ოკეანე. ევროპას, ენცელადისა და სხვა „ოკეანური პლანეტებისგან“ განსხვავებით, მას სარგებელი არც მოქცევითი გათბობისგან აქვს, რასაც იწვევს ხოლმე მასიური პლანეტის გრავიტაციული გავლენა.
Dawn-ის მისიის მონაცემები წარსულში მიუთითებდა, რომ ცერერას ზედაპირზე არსებული კაშკაშა, ამრეკლავი ლაქები დიდწილად შედგებოდა წიაღის მასიური რეზერვუარიდან ზედაპირზე ამოსული წყლის მარილის ნარჩენებისგან. სხვა კვლევებმა ზედაპირზე იპოვა ნახშირბადის შემცველი ორგანული მოლეკულების კვალი.
კვლევისათვის, მეცნიერებმა შექმნეს თერმული და ქიმიური მოდელები, რომლებიც იმეორებდა დროის მსვლელობასთან ერთად ცერერას ინტერიერის ტემპერატურასა და შემადგენლობას. ასე დაადგინეს, რომ 2,5 – 4 მილიარდი წლის წინ (ცერერას წარმოქმნიდან 500 – 2 მილიარდი წლის შემდეგ), ცერერას ზედაპირქვეშა რეგიონს შესაძლოა ცხელი წყლის მუდმივი მარაგი ჰქონოდა.

ამ წყალს აცხელებდა ცერერას კლდოვან, ლითონურ ბირთვში რადიოაქტიურ ელემენტთა დაშლა მაშინ, როცა პლანეტოიდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. ანალიზებმა ასევე აჩვენა, რომ ეს წყალი შეიცავდა გახსნილ აირებს, რომელიც ბუშტუკებად ამოდიოდა მეტამორფოზირებული ქანებიდან ბირთვი-მანტიის საზღვრამდე.
შედეგები მიუთითებს, რომ ცერერას წარსულში ჰონდა სიცოცხლისთვის საჭირო მესამე და ბოლო ელემენტი; ამ კვლევას გავლენა აქვს მზის სისტემის სხვა წყლით მდიდარ ობიექტებზეც.
დაახლოებით ცერერას ზომის (~940 კმ) სხვა მრავალ პლანეტოიდს ასევე არ აქვს რადიოაქტიური დაშლით ან გიგანტური პლანეტის გრავიტაციით გამოწვეული შიდა გათბობის მექანიზმი. შედეგები არსებითად ნიშნავს იმას, რომ მართალია, ეს სხეულები დღეს შეიძლება არ იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი, მაგრამ შეიძლება წარსულში იყო.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.