ეგზოპლანეტა K2-18b-ზე არამიწიერი სიცოცხლის პოვნის იმედი სწრაფად ქრება, რადგან როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, არ არსებობს ბიომოლეკულების დაფიქსირებადი მტკიცებულებები, რაზეც წინა კვლევები მიანიშნებდა. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ წინა დასკვნები ნაადრევი იყო, მაგრამ წინა კვლევის ერთ-ერთი ავტორი ირწმუნება, რომ ახალი მონაცემები სინამდვილეში უფრო ძლიერ მტკიცებულებებს გვთავაზობს, ვიდრე წინა დაკვირვებები.
2025 წლის აპრილში, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ნიკუ მადჰუსუდანმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ჩვენგან დაახლოებით 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, დედამიწაზე ოდნავ დიდი, კლდოვანი პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში მოჩანდა დიმეთილსულფიდის (DMS) და დიმეთილდისულფიდის (DMDS) მოლეკულების ნიშნები. დედამიწაზე ამ მოლეკულებს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის. მაშინ მადჰუსუდანი ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანის მიერ დანახული პირველი ნიშნები იმისა, რომ უცხო პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლე იყოს.
თუმცა, როცა მოგვიანებით სხვა მკვლევრებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის იგივე მონაცემები სხვა სტატისტიკური მოდელებით შეისწავლეს, ვერ მიაგნეს ამ მოლეკულების არსებობის ძლიერ მტკიცებულებას. მაგრამ მონაცემები უფრო სრულყოფილად შეისწავლეს მადჰუსუდანმა და მისმა კოლეგებმაც, რის შედეგადაც, როგორც იგი აღნიშნავს, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ მონაცემებს ყველაზე საუკეთესოდ სწორედ დიმეთილსულფიდი ხსნის. პლანეტაზე ახალი დაკვირვებების ჩატარების გარეშე, ასტრონომებს გადაჭრით რაიმეს თქმა უჭირთ.
ამჯერად, მადჰუსუდანს და მის კოლეგებს შეუერთდა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი რენიუ ჰუ და მისი ჯგუფი, რათა ერთობლივად შეესწავლათ K2-18b-ზე ჯეიმს ვების ახალი მონაცემები. დაფიქსირების სტატისტიკურ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს.
„კვლევა ვერ გვაძლევს დამაჯერებელი მტკიცებულებას პლანეტის ატმოსფეროში ამ მოლეკულის არსებობის შესახებ“, — ამბობს ჰუ.
მადჰუსუდანმა, ჰუმ და მათმა კოლეგებმა პლანეტა K2-18b-ის დედავარსკვლავის სინათლის შესასწავლად ჯეიმს ვების ახლო-ინფრაწითელი კამერა გამოიყენეს. პლანეტის ატმოსფეროში გავლის შემდეგ, ვარსკვლავის სინათლეს შეუძლია გვითხრას, რა მოლეკულებია იქ. ვების კამერა სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეში აკვირდებოდა და არა მხოლოდ შუა-ინფრაწითელში, რაც წინა, აპრილის ანალიზებში გამოიყენეს. ამის შემდეგ, მონაცემები K2-18b-ის რამდენიმე სხვადასხვა მოდელის გამოყენებით დაამუშავეს; თითოეული მოდელი ეფუძნება სხვადასხვა დაშვებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა მოლეკულებს და ასევე იმას, K2-18b-ის ატმოსფერო რომ წყლის ორთქლით იყოს სავსე.
დიმეთილსულფიდის შემცველმა ზოგიერთმა მოდელმა შეიძლება მონაცემები სხვა, მის გარეშე მოდელებზე ოდნავ უკეთესად ახსნას, მაგრამ ყოველთვის ასე არ აღმოჩნდა და სტატისტიკურმა მტკიცებულებამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადალახა ზღვარი, რომლის იქითაც მეცნიერები დარწმუნებით არქმევენ აღმოჩენას.
„მოდელებზე დამოკიდებულება უბრალოდ იმას მეტყველებს, რომ სიგნალი ძალიან სუსტია, თუკი რაიმე სიგნალი საერთოდაც არსებობს. უბრალოდ სიფრთხილეს გამოვიჩენდი“, — ამბობს ჰუ.
მადჰუსუდანი ეთანხმება, რომ დაფიქსირების გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ასევე ირწმუნება, რომ სამართლიანია, ეს მონაცემები შევადაროთ 2023 წელს ჯეიმს ვების ახლო-ინფრაწითელი კამერის მიერ ჩატარებულ დაკვირვებებს და არა აპრილში შუა-ინფრაწითელი კამერის მიერ შეგროვებულს; ამ შემთხვევაში, დიმეთილსულფიდის მტკიცებულება უფრო ძლიერად გამოიყურება.
„წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით, იმაზე დაყრდნობით, რასაც ამ პუბლიკაციაში ვიუწყებით, მონაცემები ობიექტურად აჩვენებს დიმეთილსულფიდის ოდნავ მაღალ მტკიცებულებას“, — აღნიშნავს მადჰუსუდანი.
მისი განცხადებით, იქ მაინც შეიძლება იყოს სხვა მოლეკულები, რომლებიც დიმეთილსულფიდს ბაძავებ, მაგრამ სიგნალში არის სხვა, აუხსნელი მოლეკულით გამოწვეული გარკვეული მახასიათებელი, რომელსაც მისი აზრით, საუკეთესოდ ხსნის დიმეთილსულფიდი.
„ეს კვლევა ძლიერ მკაფიოა და ამბობს, რომ არ არსებობს დიმეთილსულფიდის მტკიცებულება. არ არსებობს არც სხვა რომელიმე აირის სტატისტიკური მტკიცებულება“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ლუის ველბენკსი.
ბიოხელწერის შესახებ პრეტენზიების კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდა ის, რომ ჰუმ და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ K2-18b-ის მსგავს, წყალბადით მდიდარი ატმოსფეროს მქონე პლანეტებზე არსებობს ქიმიური გზები, რომლებითაც დიმეთილსულფიდის წარმოქმნა სიცოცხლის გარეშეა შესაძლებელი.
„ეს აღმოჩენა გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რომელი მოლეკულები შეიძლება იყოს ექსკლუზიურად ბიოხელმოწერა ეგზოპლანეტების ატმოსფეროში. როგორც ჩანს, ეს მოდელები უარყოფს დიმეთილსულფიდს, როგორც ექსკლუზიურ ბიოხელწერას“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეიკ ტეილორი.
თუმცა, ტეილორი ასევე აღნიშნავს, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ჯეიმს ვების შუა-ინფრაწითელი ინსტრუმენტით ჩატარებულმა შემდეგმა დაკვირვებებმა, რადგან ეს ხელსაწყო მიზანში იღებს სინათლის სხვადასხვა რეგიონებს, სადაც შეიძლება დაფიქსირდეს დიმეთილსულფიდი და სხვა კომპლექსური მოლეკულები.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთი რამ, რაზეც ასტრონომები თანხმდებიან, არის ის, რომ ეს პლანეტა წყლით მდიდარია. ჰუმ და მისმა ჯგუფმა მეთანისა და ნახშირორჟანგის არსებობის ძლიერი მტკიცებულებები აღმოაჩინა, რაც წყლის არსებობაზე მიუთითებს. თუმცა, ჯერ მაინც შეუძლებელია იმის თქმა, წყალი იქ ოკეანეების სახით არსებობს, ატმოსფეროში ორთქლის სახით, თუ პლანეტის წიაღშია გამომწყვდეული.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



