აღმოჩენილია ახლომდებარე ეგზოპლანეტა, რომელიც შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ახლომდებარე ეგზოპლანეტა, რომელიც შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — #1tvმეცნიერება

ეგზოპლანეტა, რომელსაც სიცოცხლისთვის გადამწყვეტად საკვანძო ინგრედიენტები აქვს, შეიძლება ჩვენგან იმაზე ახლოს იმალებოდეს, ვიდრე გვეგონა.

ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ მზის სისტემიდან სულ რაღაც 20 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებობს პლანეტა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. ეგზოპლანეტას, სახელად HD 20794 d-ს დედამიწაზე ექვსჯერ მეტი მასა აქვს და მზის მსგავს ვარსკვლავს გარს უვლის ისეთი მანძილიდან, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელი უნდა იყოს თხევადი წყლის შენარჩუნება.

რამდენიმე მისი მახასიათებელი სიცოცხლისთვის ხელსაყრელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ აღმოჩენა მაინც ამაღელვებელია და მიუთითებს, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო შეიძლება ჩვენ ცხვირწინ იმალებოდეს.

„ჩემთვის უზარმაზარი მიღწევა იყო, როცა ამ პლანეტის არსებობა დავადასტურეთ. ნამდვილი შვება იყო, რადგან თავდაპირველი სიგნალი სპექტროგრაფის მიერ დაფიქსირების შესაძლებლობის ზღვარზე იყო და შესაბამისად, იმ დროს ძნელი იყო სრულად დარწმუნება იმაში, რომ ეს სიგნალი რეალური იყო. მისი სიახლოვე ნიშნავს იმას, რომ არსებობს იმედი მომავალი კოსმოსური მისიისთვის, რომ მას ფოტოები გადაუღონ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მაიკლ კრეტინგერი.

არ ვიცით ყველა ის ინგრედიენტი, რომელსაც წვლილი შეაქვს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობაში, მაგრამ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე დაყრდნობით ვიცით, რომ ერთი რამ, რასაც ყველანაირი სიცოცხლე საჭიროებს, არის თხევადი წყალი. ამიტომ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტის პოვნის პირველი ნაბიჯია იმის დადგენა, რა მანძილიდან მოძრაობს პლანეტა თავის ვარსკვლავის გარშემო.

თუ ის ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოსაა, ზედაპირიდან თხევად წყალს ვარსკვლავის სითბო ააორთქლებს. თუ ზედმეტად შორსაა, თხევადი წყალი გაიყინება. ყოველი ვარსკვლავის გარშემო, სულ მცირე თეორიულად არსებობს ორბიტული დიაპაზონი, სადაც თხევადი წყალი უნდა არსებობდეს. ამ დიაპაზონს სასიცოცხლო ზონას უწოდებენ.

ვარსკვლავი HD 20794 იმედისმომცემია სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ჩვენეული აღქმის თვალსაზრისით. მზის მსგავსად, ისიც ყვითელი ჯუჯაა, მაგრამ ცოტა უფრო პატარა და ხანდაზმული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმყოფება წყალბადის სინთეზის პიკში, მაგრამ საკმარისად დიდი ისტორია აქვს იმისათვის, რათა მის გარშემო ეგზოპლანეტები დაესტაბილურებინა.

2011 წელს, ასტრონომებმა HD 20794-ის გარშემო სამი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება რთული აღმოჩნდა. გარღვევა 2022 წელს მოხდა, როცა კრეტინგერმა ვარსკვლავის სპექტრში შენიშნა მკრთალი, პერიოდული რხევა, რაც შეიძლება ეგზოპლანეტის მიერ ყოფილიყო წარმოქმნილი, რომელიც ვარსკვლავს გრავიტაციულად ექაჩება ამ ორი სხეულის საერთო ორბიტის გარშემო „ცეკვისას“.

ვინაიდან ეს სიგნალი საკმაოდ სუსტი იყო, კრეტინგერს და მის კოლეგებს მონაცემთა ძლიერ სათუთი ანალიზები ესაჭიროებოდათ; ასევე საჭირო იყო უფრო მეტი დაკვირვების ჩატარება ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ინსტრუმენტით ESPRESSO (თავდაპირველი აღმოჩენის ავტორი ინსტრუმენტის, HARPS-ის მემკვიდრე).

როცა ყველა ეს მონაცემი უკვე ხელთ ჰქონდათ, ეგზოპლანეტის არსებობა აშკარა გახდა. HD 20794-ის მინიმალური მასა დედამიწისას 5,82-ჯერ აღემატება, რადიუსი კი ჩვენი პლანეტისას 1,7 – 2,1-ჯერ აჭარბებს. ორბიტა 648-დღიანია და სასიცოცხლო ზონაში თავსდება.

თუმცა, არსებობს გარკვეული ნიუანსები. HD 20794 d-ის ორბიტა ელიფსურია, ანუ ოვალური ფორმის — მისი ორბის მხოლოდ რაღაც ნაწილი ექცევა სასიცოცხლო ზონაში და ყველაზე შორეული წერტილი, ანუ აპასტრონი ამ დიაპაზონს მიღმაა, ისეთ მანძილზე, სადაც პლანეტის ზედაპირზე წყალი გაიყინება.

ასტრონომებმა არ იციან ეგზოპლანეტის ზუსტი რადიუსიც, რის გამოც, არ შეუძლიათ მისი სიმკვრივის გამოთვლა — მახასიათებლის, რომელიც მის შემადგენლობას ცხადყოფდა. თუ მისი რადიუსი პატარაა, კლდოვანი უნდა იყოს, დედამიწის მსგავსი სუპერდედამიწა. თუ რადიუსი დიდია, შეიძლება გაბერილი იყოს, გაზოვანი მინი-ნეპტუნი, რამაც შეიძლება შეცვალოს მისი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შანსი.

მზის სისტემის უკანა ეზოში მდებარე ამ საოცარი, სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ეგზოპლანეტის შესასწავლად, უდავოდ მეტი კვლევაა საჭირო.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ox.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.