11 სინათლის წლის მანძილზე, აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა - სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის ვარგისი
11 სინათლის წლის მანძილზე, აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა - სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის ვარგისი

მზის სისტემიდან სულ რაღაც 11 სინათლის წლის მანძილზე, აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც მეორე უახლოესია ჩვენს სისტემასთან ამ დრომდე ნაპოვნთა შორის, პროქსიმა b-ს შემდეგ. ეგზოპლანეტა საკმარისად ზომიერია იმისათვის, რათა სავარაუდოდ, იქ სიცოცხლე არსებობდეს.

დედამიწის ზომის პლანეტა როს 128 b მოძრაობს არააქტიური წითელი ჯუჯა ვარსკვლავის — როს 128-ის სასიცოცხლო ზონაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ყველა ძირითადი პირობა; სავარაუდოდ, იგი კლდოვანია, არ არის გაზის; დედავარსკვლავისგან დაშორებულია ისეთი მანძილით, რომ ტემპერატურა ხელსაყრელი უნდა იყოს სიცოცხლის იმ ფორმებისთვის, რომლებიც ჩვენთვისაა ცნობილი.

პლანეტა აღმოაჩინეს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტის მძებნელით (HARPS), რომელიც ჩილეშია განთავსებული. იგი ამ სახის ყველაზე ზუსტი ინსტრუმენტია. მკვლევრებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ.

„ამ ვარსკვლავზე დაკვირვება 2005 წლის ივლისში დავიწყეთ“, — უთხრა ScienceAlert-ს ჟენევის ობსერვატორიის ასტრონომმა ნიკოლა ასტუდილიო-დეფრუმ.

„2013 წლიდან, ჩვენი დაკვირვებები უფრო ინტენსიური გახდა და მხოლოდ 157 დაკვირვების შემდეგ მივიღეთ საკმარისად ძლიერი სიგნალი იმისათვის, რათა პლანეტა დაგვეფიქსირებინა“.
რა ვიცით როს 128 b-ის შესახებ? — აქვს 1,35 დედამიწის მასა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, ის კლდოვანი პლანეტაა, რადგან გაზის პლანეტები, როგორც წესი, გიგანტებია.

კიდევ ერთი არგუმენტი, იმის სასარგებლოდ, რომ როს 128 b კლდოვანი პლანეტაა, არის მისი შედარებითი სიახლოვე დედავარსკვლავთან. იგი 20-ჯერ უფრო ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან; ერთ ორბიტას ასრულებს მხოლოდ 9,9 დღეში.

რატომ არაა იგი სიცოცხლისთვის ზედმეტად ცხელი? იმიტომ, რომ როს 128 ცივი, მკრთალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. გამოყოფს გაცილებით ცოტა რადიაციას, ვიდრე ჩვენი ყვითელი მზე. შესაბამისად, როს 128 b დედამიწაზე 1,38-ჯერ მეტ რადიაციას იღებს. მისი ტემპერატურის ეკვილიბრიმი შეფასებულია -60 — 20 გრადუს ცელსიუსს შორის.

ამოფრქვევების თვალსაზრისით, ეს ვარსკვლავი გაცილებით მშვიდია, ვიდრე სხვა წითელი ჯუჯები, მაგალითად პროქსიმა კენტავრი — წითელი ჯუჯა, რომლის გარშემოც მოძრაობს ჩვენი უახლოესი მეზობელი ეგზოპლანეტა პროქსიმა b. აქედან გამომდინარე, როს 128 b სავარაუდოდ, გაცილებით მეტად სტაბილურია.

წითელი ჯუჯები ერთ-ერთი ყველაზე ცივი, მკრთალი და ყველაზე მეტად გავრცელებული ვარსკვლავებია სამყაროში. შესაბამისად, არაჩვეულებრივი სამიზნეებია ეგზოპლანეტათა საძებნელად.

ბევრი წითელი ჯუჯა, მათ შორის პროქსიმა კენტავრიც, გამოაფრქვევს დიდ ალებს, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტებს მომაკვდინებელ ულტრაიისფერ და რენტგენული გამოსხივების საბურველში ახვევს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როს 128 გაცილებით მშვიდი ვარსკვლავია და შესაბამისად, მისი პლანეტები შეიძლება ჩვენთან უახლოესი კომფორტული ადგილი იყოს სიცოცხლისათვის.

ეს ყველაფერი მკვლევრებმა დაადგინეს პლანეტათა დაფიქსირების რადიალური სიჩქარის მეთოდით, რომელიც განსხვავდება ჩვენ მიერ ხშირად გაგონილი ტრანზიტის მეთოდისგან. შედეგად, დასტურდება, რომ მას ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ეგზოპლანეტათა აღმოსაჩენად.

ეგზოპლანეტებზე ნადირობისათვის, ყველაზე ხშირად ტრანზიტის მეთოდს იყენებენ. ამ დროს, ეგზოპლანეტის არსებობას ადგენენ მისი ჩავლით დედავარსკვლავის წინ. როდესაც პლანეტა ჩვენს ტელესკოპსა და თავის მასპინძელ ვარსკვლავს შორის ჩაივლის, ვარსკვლავის შუქი ოდნავ ბნელდება.

სწორედ ამ გზით ნადირობს ეგზოპლანეტებზე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც უკვე აღმოაჩინა 2337 დადასტურებული ეგზოპლანეტა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ამ ციფრებს, ეს მეთოდი ყველაზე პროდუქტიულია ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად.

თუმცა, ტრანზიტის მეთოდს თან ახლავს ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე. იგი მოითხოვს, რომ პლანეტის ორბიტა განთავსებული იყოს ისე, რომ მან ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის გაიაროს.

იმ ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, რომლებიც ასე არ არიან განლაგებული, იდეალურია დედავარსკვლავის რადიალური სიჩქარის მეთოდის გამოყენება.

არსებითად, როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ვარსკვლავი ადგილზე ფიქსირებული არ რჩება. პლანეტა ძალიან უმნიშვნელო გრავიტაციული ძალით ძაბავს დედავარსკვლავს, რაც განაპირობებს მის მოძრაობას მცირე წრეზე ან ელიფსზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავის დაშორება დედამიწიდან უმნიშვნელოდ იცვლება და როდესაც ასე ხდება, იცვლება მისი სინათლის სპექტრიც. როდესაც ის დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ოდნავ მოლურჯოა; როდესაც შედარებით შორსაა, ოდნავ მოწითალო ხდება. ამას დოპლერის წანაცვლებას უწოდებენ და სწორედ ისაა, რასაც რადიალური სიჩქარის მეთოდი ზომავს.

ეს გახლავთ ძალიან მუყაითი სამუშაო. HARPS ინსტრუმენტით როს 128 b-ის აღმოჩენას ათ წელიწადზე მეტი დასჭირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარსკვლავი ჩვენთან ასე ახლოსაა, საჭიროა გავუმკლავდეთ მონაცემებში არსებულ ყალბ ეფექტებს“, — უთხრა ScienceAlert-ს ნიკოლა ასტუდილიო-დეფრუმ.
„მაგალითად, ვარსკვლავის ზედაპირის დინამიკას მონაცემებში შეჰყავს სიგნალები, როდესაც ვარსკვლავისა და პლანეტების მიერ წარმოქმნილ სიგნალებში არსებული ამპლიტუდა შედარებადია და ჯერ კიდევ რთულია ორივე სიგნალის გამოცალკევება“.

„ამ ვარსკვლავზე დაკვირვება 2005 წლის ივლისში დავიწყეთ. 2013 წლიდან, ჩვენი დაკვირვებები უფრო ინტენსიური გახდა და მხოლოდ 157 დაკვირვების შემდეგ მივიღეთ საკმარისად ძლიერი სიგნალი იმისათვის, რათა პლანეტა დაგვეფიქსირებინა“.

ჯერ კიდევ არ ვიცით, აქვს თუ არა როს 128 b-ს ატმოსფერო, რაც საუკეთესოდ განისაზღვრება ტრანზიტული მეთოდის დროს. თუმცა, ამჟამად მშენებარე Extremely Large Telescope-ი, რომელიც თავის პირველ შუქს 2024 წელს იხილავს, იმდენად უმძლავრესია, რომ შესძლებს პირდაპირ გადაიღოს პლანეტა. იმედია, იგი აღმოაჩიენს ბიომარკერებსაც, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს.

როგორც ევროპის სამხრეთული ობსერვატორია თავის საიტზე წერს, როს 128 b ამ ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდება.

„უკვე გვაქვს გარკვეული იდეაც, თუ რომელი ბიომარკერები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერ ეფუძნება მხოლოდ იმას, რაც დედამიწის შესახებ ვიცით“, — განმარტავს ასტუდილიო-დეფრუ.

„პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო (51 პეგასი b), უზარმაზარი სიურპრიზი იყო, რადგან სრულიად მოულოდნელი იყო თავისი ვარსკვლავის გარშემო ასეთი მანძილიდან მოძრავი ასეთი პლანეტის პოვნა. ამის მსგავსად, იქნებ როს 128 b-ის ატმოსფეროში ვიპოვოთ სახესხვაობები, რომლებიც იმისაგან ნამდვილად განსხვავებული ბიომარკერებია, რაც დედამიწის შემთხვევაში გვაქვს; შესაბამისად, კვლევას ვაგრძელებთ…“.

და ბოლოს, კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ როს 128 დედამიწისგან ამჟამად 11 სინათლის წლითაა დაშორებული, ეს ვარსკვლავი ჩვენკენ მოემართება და სულ რაღაც 79 000 წლის შემდეგ, იგი ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი გახდება; ეს დრო კოსმოსური თვალსაზრისით, ერთი თვალის დახამხამებაა. როცა ეს მოხდება, როს 128 b გვირგვინს ჩამოართმებს პროქსიმა b-ს და დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ეგზოპლანეტა გახდება!

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

როს 128 b, მხატვრული წარმოსახვა
ცა ვარსკვლავ როს 128-ის გარშემო

 

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი