კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია

NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იპოვა აქამდე უცნობი, იმედისმომცემი 20 ეგზოპლანეტის არსებობის მტკიცებულება.

რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე ატვირთულ დოკუმენტში, ჯგუფი ეგზოპლანეტებს აღწერს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახივლებს იმ პლანეტებზე, რომლებიც სავარაუდოდ, სასიცოცხლო ზონაში უნდა მდებარეობდეს.

მკვლევართა თქმით, სპეციალური ხელსაწყო Robovetter-ის გამოყენებით, მათ დაწმინდეს კეპლერის პლანეტარული მონაცემები, რათა წარმოეჩინათ ის პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისათვის ვარგისობის კანდიდატები უნდა იყვნენ.

აღმოჩენილი 20 ეგზოპლანეტიდან, ბევრს აქვს გრძელი ორბიტა, განსაკუთრებით KOI-7923.01-ს — მისი ორბიტა 395-დღიანია, თავად პლანეტა კი თითქმის დედამიწის ზომისაა. ასევე დადგინდა ისიც, რომ ეს პლანეტა დედამიწაზე ოდნავ ცივია, რადგან თავის ვარსკვლავისგან დაშორებულია შედარებით დიდი მანძილით; მისი დედავარსკვლავი მზეზე ცივია. როგორც ჯგუფი შენიშნავს, მათი პირველადი კვლევის მიხედვით, პლანეტა დაფარული უნდა იყოს ცივი ტუნდრათი, რადგან მისი ტემპერატურა არც ისე დაბალია, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ იყოს.

სამწუხაროდ, ახლად აღმოჩენილი პლანეტები ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაა, რადგან ცის იმ მონაკვეთის ჩაწერის შემდეგ, რომელშიც ეს პლანეტები უნდა მდებარეობდეს, კეპლერის ტელესკოპს პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, პლანეტებს კეპლერი მხოლოდ ორჯერ დააკვირდა, რაც დადასტურებისთვის საკმარისი არაა.

მიუხედავად მონაცემების ნაკლებობისა, როგორც ჯგუფი იუწყება, დარწმუნებულნი არიან, რომ კანდიდატები არა უბრალოდ პლანეტები, არამედ დიდი ალბათობით, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტებია. აღმოჩენათა დასადასტურებლად ახლა საჭიროა დაკვირვებები დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებიდან.

აღმოჩენა გაკეთდა ტელესკოპის მიერ გამოგზავნილი ფოტომეტრიული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული 20 ეგზოპლანეტა მიეკუთვნება „კეპლერის ინტერესის ობიექტთა“ 8054 პლანეტისგან შედგენილ სიას, რომელიც შემდეგ 4034 ეგზოპლანეტამდე დაიწმინდა; ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ პატარა სიაში მყოფ ამ ეგზოპლანეტებს 25-632-დღიანი ორბიტები აქვთ.

მკვლევართა რწმენით, ეს 20 პლანეტა წარმოადგენს სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ეგზოპლანეტათა ყველაზე სავარაუდო კანდიდატებს და მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი