40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტაზე შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს — #1tvმეცნიერება

14:14, 10.09.2025

დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემა TRAPPIST-1-ის ერთ-ერთი პლანეტა შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროში იყოს გახვეული.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტა TRAPPIST-1e-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ის ჩვენი პლანეტის მსგავსად არის გახვეული აირების საბურველში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა ჯერ ორაზროვანია და შემდეგ დაკვირვებებს საჭიროებს, ის ყველაზე ახლოს დგას მიზანთან, რომელსაც ასტრონომები მეორე დედამიწის პოვნას უწოდებენ.

„TRAPPIST-1e სასიცოცხლო ზონაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლანეტად რჩება. ახალ შედეგებს ერთი ნაბიჯით ახლოს მივყავართ იმის დადგენასთან, რეალურად რა სახის პლანეტაა ის. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მას ვენერას ან მარსის მსგავსი ატმოსფერო არ უნდა ჰქონდეს“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი სარა სიგერი.

მზის სისტემის მიღმა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა ძებნაში, დედამიწა ასტრონომთა ნიმუშია. იმიტომ, რომ დედამიწა მთელ სამყაროში დღემდე ერთადერთ პლანეტად რჩება, რომელზეც ვიცით, რომ სიცოცხლე აღმოცენდა და აღორძინდა.

დედამიწის მსგავსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი, რომელსაც ასტრონომები ეძებენ, არის უნარი, პლანეტამ თხევადი წყალი შეინარჩუნოს — მასალა, რომელიც გადამწყვეტია ბიოქიმიური პროცესებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯია ისეთი ეგზოპლანეტების პოვნა, რომლებიც თავის ვარსკვლავისგან ხელსაყრელი მანძილით არიან დაშორებული, მოძრაობენ ზონაში, სადაც არც ისე ცივა, რომ წყალი გაიყინოს და არც ისე ცხელა, რომ აორთქლდეს.

TRAPPIST-1-ის პლანეტური სისტემა 2016 წელს აღმოაჩინეს და მყისიერად გახდა აღფრთოვანების მიზეზი. ამ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო შვიდი კლდოვანი პლანეტა მოძრაობს, რომელთაგან რამდენიმე ამ ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული.

მაგრამ არსებობს მეტი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. იმისათვის, რათა წყალი თხევადი დარჩეს და არ სუბლიმირდეს, როგორც ეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ტემპერატურაზე ხდება ვაკუუმში, საჭიროა, ეგზოპლანეტას ჰქონდეს ატმოსფერო.

სწორედ აქ ხდება TRAPPIST-1 სისტემა ცოტა რთული. წითელი ჯუჯა ვარსკვლავები მზეზე გაცილებით გრილებია, რის გამოც, მათი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის. ამას გარდა, წითელი ჯუჯა ვარსკვლავები გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე მზის მსგავსები. ახასიათებთ სასტიკი ამოფრქვევები, რამაც შეიძლება მასთან ახლომდებარე პლანეტას ატმოსფერო მთლიანად გააცალოს.

ამ სისტემის სასიცოცხლო ზონაში ვარსკვლავთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტის, TRAPPIST-1d-ის დეტალურმა კვლევებმა ატმოსფეროს კვალს ვერ მიაგნო. თუმცა, TRAPPIST-1e ვარსკვლავისგან ოდნავ უფრო შორს მდებარეობს.

კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის ასტრონომის, ნესტორ ესპინოსასა და ჯონს ჰიპკინსის უნივერსიტეტის ასრტონომის, ნატალი ალენის ჯგუფმა ჯეიმს ვებით შეისწავლა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის სინათლე იმ მომენტში, როცა მის წინ პლანეტა TRAPPIST-1e-მ ჩაიარა. მკვლევრები ეძებდნენ ცვლილებებს სინათლეში, რომელიც მანიშნებელი იქნებოდა არა მხოლოდ ატმოსფეროსი, არამედ იმისიც, რისგან შედგენა ის.

ამის შემდეგ, მონაცემები დაამუშავა მეორე ჯგუფმა, რომელსაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ანა გლიდენი ხელმძღვანელობდა.

ჯგუფმა სულ ოთხი ტრანზიტის (ვარსკვლავის წინ პლანეტის ჩავლა) მონაცემები შეაგროვა და მათ ანალიზს შეუდგა. პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან საჭიროა იმ „დაბინძურებათა“ შესწორება, რასაც ვარსკვლავის აქტივობა განაპირობებს.

შედეგები თითქმის იმედგაცრუების მომგვრელი და ბუნდოვანია, რაც საკმარის სტიმულს იძლევა შემდეგი კვლევისთვის.

„ვხედავთ ორ შესაძლო ახსნას. ყველაზე ამაღელვებელი შესაძლებლობა ისაა, რომ TRAPPIST-1e-ს შეიძლება ჰქონდეს ე. წ. მეორეული ატმოსფერო, რომელიც აზოტის მსგავს მძიმე აირებს შეიცავს. თუმცა, პირველადი დაკვირვებები არ გამორიცხავს, რომ პლანეტას ატმოსფერო საერთოდაც არ ჰქონდეს“, — ამბობს ბრიტანეთის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი რაიან მაკდონალდი.

თუკი ეგზოპლანეტას ატმოსფერო აქვს, გლიდენმა და მისმა კოლეგებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს იმის დასადგენად, რისგან შეიძლება შედგებოდეს ის.

როდესაც ვარსკვლავის სინათლე პლანეტის ატმოსფეროში გადის, მისი აირების შემადგენელი ატომები ზოგიერთ ტალღის სიგრძეს შთანთქავენ და ხელახლა გამოყოფენ. სპექტრის ყველაზე მუქ და მსუბუქ ნაწილზე დაკვირვებით, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, რა არის ეს ატომები და მოლეკულები.

შედეგებმა აჩვენა ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია, რაც გამორიცხავს ვენერას ან მარსის მსგავს ატმოსფეროს. შედეგები არც წყალბადის იზოტოპ დეიტერიუმითა და ნახშირორჟანგისა და მეთანის ელემენტებით მდიდარი ატმოსფეროსკენ იხრება.

თუმცა, სპექტრი შეესაბამება მოლეკულური აზოტით მდიდარ ატმოსფეროს, სადაც მცირე რაოდენობით არის ნახშირორჟანგი და მეთანიც.

საკმაოდ საინტერესო ამბავია. დედამიწის ატმოსფეროს დაახლოებით 78 პროცენტს მოლეკულური აზოტი შეადგენს. თუ აღმოჩენა დადასტურდა, TRAPPIST-1e შეიძლება ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა გახდეს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ნამდვილად დიდი ამბავი იქნება. საბედნიეროდ, ჯეიმს ვები დაკვირვებებს აგრძელებს და ასტრონომებს ამ ამბის საბოლოოდ გარკვევა სულ მალე შეეძლებათ.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა ორ ნაწილად. პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

მომზადებულია science.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი