
დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე 7-პლანეტიანი სისტემა შეიძლება წყალში ცურავდეს; ასე მიუთითებს ახალი კვლევა.
2017 წლის თებერვალში, მეცნიერებმა წითელ ჯუჯა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო რამდენიმე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მას შემდეგ, სიცოცხლის პოტენციური ნიშნების საძებნელად, ასტრონომები ამ სისტემას გულდასმით აკვირდებიან.
უახლესი კვლევის მიხედვით, ამ პლანეტებზე შეიძლება ზედმეტად უხვად იყოს სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გადამწყვეტი ელემენტი — წყალი.
აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, შეიძლება თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის სისტემის რომელიმე პლანეტას სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო ჰქონდეს. პროქსიმა კენტავრის სისტემისა და მისი დედამიწის მსგავსი პლანეტის (პროქსიმა b) მსგავსად, დებატები ფოკუსირებულია პლანეტების დედავარსკვლავის გარშემო — ესაა M-ტიპის წითელი ჯუჯა ვარსკვლავი. ამ ტიპის ვარსკვლავები მზეზე უფრო პატარები და გრილებია და მიდრეკილები არიან ამოფრქვევითი აქტივობისკენ.
კიდევ ერთი მთავარი საკითხია სისტემაში წყლის არსებობა. წინა კვლევების თანახმად, წითელი ჯუჯების გარშემო მოძრავ პლანეტებზე წყალი ზედმეტად უხვად უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, ეს პლანეტები წყალს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებდნენ.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სხვა კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც, ეს პლანეტები კოსმოსში დიდი ოდენობით წყალს კარგავენ, რისი მიზეზიც დედავარსკვლავისგან წამოსული ძლიერი ულტრაიისფერი რადიაციაა.
ახალ კვლევაში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტრობიოლოგ ტრენტ თომასის ხელმძღვანელობით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული ახალი მონაცემები შეისწავლა.
ჯეიმს ვების მიერ პლანეტა TRAPPIST-1 c-ზე ჩატარებულმა ახალმა დაკვირვებებმა გამორიცხა ნახშირორჟანგის სქელი ატმოსფეროს არსებობა, რაც მიუთითებს, რომ ეს პლანეტა სულაც არაა ვენერას მსგავსი, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. თუმცა, დაკვირვებებმა არ გამორიცხა წყლის ორთქლის არსებობა ან მისი ქიმიური დაშლის შედეგად წარმოქმნილი ჟანგბადის არსებობა.
„ატმოსფერული წყლის ორთქლის შენარჩუნება უნდა მოითხოვდეს ამჟამად არსებულ წყლის წყაროს, მაგალითად, ვულკანების მიერ გამოყოფას“, — წერს ჯგუფი.
TRAPPIST-1-ის პლანეტებზე ამ შესაძლებლობის შესასწავლად და ვულკანების მიერ აირების შესაძლო გამოყოფის მაჩვენებლის შესაფასებლად, ჯგუფმა შექმნა აირების გამოყოფის თეორიული მოდელი მზის სისტემის კლდოვან პლანეტებზე (მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი) დაყრდნობით. ამის შემდეგ, შესაძლო სცენარების დასადგენად, მოარგეს ფილტრები, რისთვისაც გამოიყენეს სისტემაზე ჩატარებულ დაკვირვებები და ის ცნობები, რაც მისი გეოქიმიის შესახებ ვიცით.
შედეგები მიუთითებს, რომ შვიდივე პლანეტაზე აირების გამოყოფის მაჩვენებელი დედამიწისაზე 0.03 – 8-ჯერ მაღალი უნდა იყოს. თუმცა, მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მაგმის განთავსების მაჩვენებელი (სიჩქარე, რომლითაც მაგმა მოძრაობს პლანეტაზე) მარსის მსგავსია.
მართალია, არსებობს მინიშნებები, რომ მარსს ზედაპირქვეშ ჯერ კიდევ აქვს მაგმა, ის მაინც „ვულკანურად მკვდრად“ მიიჩნევა. ასე შეიძლება იყოს TRAPPIST-1-ის პლანეტების შემთხვევაშიც.
„ჩვენი მოდელის მიერ დადებული მაგმის განთავსების მაჩვენებელი ასევე მიუთითებს, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს ახლა ან ძალიან დაბალი ვულკანური აქტივობა უნდა ჰქონდეთ, ან საერთოდ არ გქონდეთ“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, შედეგები ასევე მიუთითებს, რომ წყლის აირად გამოყოფის მაჩვენებლები TRAPPIST-1-ის პლანეტებზე უფრო დაბალია, ვიდრე დედამიწაზე, მაგრამ შესაძლო დიაპაზონი ასევე მოიცავს აირების გამოყოფის მაჩვენებელს. რომლებიც დედამიწისაზე რამდენჯერმე მაღალია.
შედეგები ასევე მიუთითებს, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს შეიძლება საკმაოდ დედამიწის მსგავსი მანტია ჰქონდეთ. თუმცა, როგორც ხაზს უსვამენ, არ არის გამორიცხული, მათი მასის ერთ პროცენტს წყალი შეადგენდეს.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ მანტიის წყლის შემცველობის უფრო ფართოდ შესწავლილ დიაპაზონში უპირატესობა ენიჭება უფრო მშრალ მანტიებს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, ეს აჩენს მოსაზრებას, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს დედამიწის მსგავსი წიაღი აქვთ, მანტიაში წყლის შემცველობის ზედა ზღვარი წონის ერთ პროცენტს ქვემოთაა მთელ ამ 5,4 მილიარდი წლის ასაკის სისტემაში.
ეს მოცემულობა განსაკუთრებით საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მართალია, წყალი დედამიწის ზედაპირის 71 პროცენტს ფარავს, მაგრამ ის ჩვენი პლანეტის მთლიანი მასის მხოლოდ 0,02 პროცენტს შეადგენს.
ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ TRAPPIST-1-ის სასიცოცხლო ზონაში მოძრავი პლანეტები ვულკანურად არააქტიურია და წყლის სხვადასხვა მაჩვენებელი აქვთ, შეიძლება მთლიანად წყლით იყვნენ დაფარული ან დედამიწის მსგავსად ოკეანეებითა და ხმელეთით.
შედეგები აძლიერებს მოსაზრებას, რომ TRAPPIST-1-ის სისტემას წყლის ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება მათი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შესახებ.
საბედნიეროდ, ჯეიმს ვები TRAPPIST-1-ისა და სხვა წითელი ჯუჯების სისტემების დაკვირვებას ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს. დამატებითი დაკვირვებები ასტრონომებს ამ სისტემის შესახებ გაცილებით მეტ ახალ ცნობას მისცემს.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.