ჰაბლმა TRAPPIST-1-ის სისტემა შეისწავლა - პლანეტებზე წარმოუდგენლად დიდი ოდენობით წყალია
ჰაბლმა TRAPPIST-1-ის სისტემა შეისწავლა - პლანეტებზე წარმოუდგენლად დიდი ოდენობით წყალია

თუ კოსმოსით ხართ გატაცებული, ალბათ ძალიან ბევრი რამ გაინტერესებთ შარშან აღმოჩენილი პლანეტარული სისტემა TRAPPIST-1-ის შესახებ. ამ პლანეტებისა და მათი დედავარსკვლავის შესახებ, ახლა უკვე ხელთ გვაქვს ოთხი ახალი კვლევა, რომლებიც გადაჭრით მიუთითებს, რომ ისინი ნამდვილად ღირს არამიწერი სიცოცხლის ძებნის სამიზნედ.

ოთხი საერთაშორისო ჯგუფის ცნობით, ამ ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარე პლანეტები კლდოვანია, დედამიწის მსგავსად; სავარაუდოდ, აქვთ წყალი; და როგორც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული დაკვირვებებიდან ირკვევა, იმაზე უფრო დიდი ალბათობით აქვთ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ატმოსფერო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

TRAPPIST-1-ის სისტემა, რომელსაც „დობილი ვარსკვლავური სისტემა“ უწოდეს, ერთი წლის წინ აღმოაჩინეს; მაშინ ეს იყო აღმოჩენა, რომლის შესახებაც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა: დედამიწიდან 39 სინათლის წლის მანძილზე, ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს შვიდი პლანეტა.


იგი საუკეთესო კანდიდატი ჩანდა არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.

ამის შემდეგ გაირკვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს პლანეტები არც თუ ისე სტუმართმოყვარეა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ… არა, მოიცადეთ! მათ ეს უნდა შეეძლოთ! ეს ნამდვილი „ამერიკული გორები“ იყო, რაღაც ისეთი, რაც დამატებით კვლევებს მოითხოვდა.

იანვარში ორი ახალი კვლევა გამოქვეყნდა. პირველმა მათგანმა განაახლა პლანეტების რადიუსები, მოგვცა უფრო ზუსტი ფიზიკური მახასიათებლები. მეორე კვლევამ უფრო დაწმინდა ჩვენი წარმოდგენა სისტემის ცენტრში არსებული ვარსკვლავის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნდა კიდევ ორი სხვა კვლევა, რომლებმაც მოგვცეს უფრო ზუსტი დეტალები თავად პლანეტების შესახებ — მოხდა პლანეტების ატმოსფეროსა და შემადგენლობის ანალიზი.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვილი მონაცემების საფუძველზე, საბაზისო ანალიზები ჩაუტარდა ოთხი პლანეტის ატმოსფეროს. მკვლევართა ჯგუფი ჭარბ წყალბადს ეძებდა.

თუკი იქ ძალიან ბევრი წყალბადია, ძებნის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს — წყალბადი სათბური გაზია, რომელიც პლანეტებს ახრჩობს და არახელსაყრელია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმებისთვის.

ჯგუფი პლანეტებს ვარსკვლავთან ტრანზიტისას აკვირდებოდა. როდესაც პლანეტა თავის დედავარსკვლავსა და ჩვენ შორის ჩაივლის, ატმოსფეროს ფონურად ანათებს მის უკან არსებული ვარსკვლავი, როგორც ეს შეგიძლიათ იხილოთ მზის წინ მყოფი ვენერას გასაოცარ ფოტოზე. ატმოსფეროში გავლისას, შუქში წარმოქმნილ სხვაობას შეუძლია გამოავლინოს დეტალები მისი შემადგენლობის შესახებ.

უბრალოდ, შეწყვიტეთ ყველაფერი და ერთი წუთით იფიქრეთ. უკვე შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა ხდება ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტების ატმოსფეროში!

როგორც ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, შესწავლილი ოთხი პლანეტიდან სულ მცირე სამს აქვთ ატმოსფერო, რომელიც არაა გაბერილი და წყალბადით მდიდარი, მაგალითად, როგორც გაზოვანი ნეპტუნისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტებს საკვლევად გადაიბარებს ჰაბლის მემკვიდრე — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც მომავალ წელს გაეშვება.

„ჰაბლი ატარებს მოსამზადებელ, სადაზვერვო სამუშაოებს, რათა როდესაც ჯეიმს ვები უკვე მზად იქნება, ასტრონომებმა იცოდნენ, თუ საიდან დაიწყონ“, — ამბობს ჰაბლის კვლევის თანაავტორი, კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარი ნიკოლ ლევისი.

„მათი ატმოსფეროთა შემადგენლობის ერთი შესაძლო სცენარის გამორიცხვა ვების ტელესკოპის ასტრონომებს საშუალებას აძლევს ისე დაგეგმონ თავიანთ დაკვირვებათა პროგრამები, რომ ეძებონ ატმოსფეროთა შემადგენლობის სხვა შესაძლო სცენარები“.


ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ჰაბლზე გაცილებით ძლევამოსილი იქნება, შესძლებს უფრო ღრმად ჩახედვას, რათა იპოვოს უფრო მძიმე გაზები, მაგალითად ნახშირორჟანგი, მეთანი, წყალი და ჟანგბადი. შედეგად, დავიწროვდება შესაძლებლობა, არის თუ არა ესა თუ ის პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისი.

ატმოსფერო ნამდვილად ვერაფერში დაეხმარება სიცოცხლეს, თუკი პლანეტას არ აქვს ზედაპირი. სწორედ ამ საკითხს ეხება მეოთხე კვლევა. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ბერნის უნივერსიტეტის ასტრონომი სიმონ გრიმი ხელმძღვანელობდა, დაასკვნა რომ შვიდივე პლანეტა კლდოვანია, დედამიწის მსგავსად.

გარდა ამისა, მათი სიმკვრივეები იმაზეც მიუთითებს, რომ ზოგიერთ მათგანზე წარმუდგენლად დიდი ოდენობით წყალია — მათი მასის 5%-ზე მეტი. შედარებისათვის, დედამიწაზე არსებული წყალი ჩვენი პლანეტის მასის მხოლოდ 0,02%-ია.

ჯგუფს თითქმის წელიწადი დასჭირდა გამოთვლებზე მუშაობაში, რომელსაც გრიმმა „35-განზომილებიანი პრობლემა“ უწოდა.

„TRAPPIST-1-ის პლანეტები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ისინი ერთმანეთს გრავიტაციულად აბრკოლებენ; შესაბამისად, ვარსკვლავთან მათი ჩავლის დრო სულ ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან“, — ამბობს გრინი.

„ეს განსხვავებები დამოკიდებულია პლანეტების მასაზე, მათ დაშორებაზე და სხვა ორბტულ პარამეტრებზე. კომპიუტერული მოდელების საშუალებით, პლანეტების ორბიტების სიმულირება მანამდე განვაგრძეთ, სანამ გამოთვლილი ტრანზიტები შესაბამისობაში არ მოვიდა უშუალოდ დაკვირვებულ მაჩვენებლებთან; აქედან გამომდინარე, მივიღეთ პლანეტათა მასებიც“.

იქ არსებული წყლის ფორმა სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება ვარსკვლავთან პლანეტის სიახლოვეზე. ვარსკვლავთან უფრო ახლოს ყოფნა ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, წყალი იქ ორთქლის სახით იქნება, შორს ყოფნა კი იმის მანიშნებელია, რომ მას ყინულის სახე ექნება. თუმცა, შუალედში მდებარე ზოგიერთ პლანეტას ზედაპირზე შეიძლება ჰქონდეს თხევადი წყალი.


მიუხედავად ამისა, ეს სიცოცხლის გარანტია მაინც არაა. ამ სისტემის კონფიგურაცია ძალიან განსხვავდება ჩვენი მზის სისტემისგან, რადგან იქ, პატარა, ცივი ვარსკვლავი და პლანეტები შეჯგუფებულია ერთმანეთთან შედარებით ახლოს. ეს სიახლოვე კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ვარსკვლავიდან პლანეტებს შესაძლოა, სიცოცხლისათვის შეუსაბამო, ძალიან დიდი ოდენობით ულტრაიისფერი რადიაცია ეცემოდეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ სიცოცხლე, TRAPPIST-1 მაინც რჩება მომაჯადოებელ გამოცანად.

„ვერავინ ვერასოდეს ივარაუდებდა ასეთი სისტემის აღმოჩენას. იქ არსებულ ყველა პლანეტას ერთნაირი ვარსკვლავური ისტორია აქვს, რადგან მოძრაობენ ერთი და იგივე ვარსკვლავის გარშემო. ეს გახლავთ ნამდვილი ოქროს მაღარო დედამიწის ზომის პლანეტათა დახასიათებისთვის“, — ამბობს კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი ჰანა ვეიკფორდი, რომელიც ჰაბლის კვლევაში მონაწილეობდა.

ოთხივე კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ, აქ, აქ და აქ.

მომზადებულია hubblesite.org-ის, eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით