ჯეიმს ვების კვლევა მიუთითებს, რომ პლანეტა TRAPPIST-1b-ს შეიძლება ატმოსფერო ჰქონდეს — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კვლევა მიუთითებს, რომ პლანეტა TRAPPIST-1b-ს შეიძლება ატმოსფერო ჰქონდეს — #1tvმეცნიერება

ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე, ერთ წითელ ჯუჯა ვარსკვლავთან მოძრავ დედამიწის ზომის პლანეტას შეიძლება ატმოსფერო აქვს; აქამდე მიიჩნეოდა, რომ მას ატმოსფერო საერთოდ არ ჰქონდა.

სისტემა TRAPPIST-1-ის პლანეტა b-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ეს კლდოვანი პლანეტა იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე გვეგონა. ეს კი ადასტურებს იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება თან ახლდეს მტკიცე დასკვნების გამოტანას სპექტრული ინფორმაციის ვიწრო ზოლზე დაყრდნობით.

შარშან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დიდი ალბათობით, ეს პლანეტა შიშველი და უსახური იყო. თუმცა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული ახალი დაკვირვებების მიხედვით, პლანეტა TRAPPIST-1b ან გეოლოგიურად აქტიურია, ან ნახშირორჟანგით მდიდარ სქელ ატმოსფეროშია გახვეული.

„მოსაზრება რადიაციისგან ძლიერ გადარეცხილი ზედაპირის მქონე კლდოვანი პლანეტის შესახებ, რომელსაც ატმოსფერო არ აქვს, ამჟამინდელ გაზომვებთან შეუსაბამოა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, ეს პლანეტა დაფარულია შედარებით უცვლელი მატერიით“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი ხერეონ ბოუმანი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ხელუხლებელი უნდა იყოს ვარსკვლავური და კოსმოსური რადიაციით გამოწვეული ეროზიული პროცესებისგან; ეს კი მიუთითებს, რომ TRAPPIST-1b-ის ზედაპირი ძლიერ ახალგაზრდაა, მხოლოდ დაახლოებით 1000 წლის. თავის მხრივ, ეს მიუთითებს აქტივობაზე, მაგალითად, მაგმის მიერ ზედაპირის მოსწორებაზე — რაც ეგზოპლანეტის წიაღში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების ნიშანია.

2017 წელს, ასტრონომებმა გვამცნეს, რომ აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომლის გარშემოც შვიდი პლანეტა მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ ეგზოპლანეტები მის გარშემო იმაზე გაცილებით ახლოს მოძრაობენ, ვიდრე მზის სისტემის პლანეტები მზის გარშემო, ვარსკვლავი TRAPPIST-1 წითელი ჯუჯაა — ცივი და მკრთალი, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემის სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის.

ეს კი აჩენს იმედს, რომ TRAPPIST-1-ის სისტემის ერთ-ერთი პლანეტა შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. ასევე გვთავაზობს რამდენიმე ისეთ ეგზოპლანეტას, რომლებიც შეიძლება მზის სისტემის პლანეტათა ანალოგები იყოს ზომისა და სიმკვრივის თვალსაზრისით — დედამიწის, ვენერასა და მარსის.

TRAPPIST-1b თავის ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოს არის, რათა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს, მაგრამ ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ მან შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს სხვა პლანეტური სისტემების წარმოქმნისა და განვითარების შესახებ.

წითელი ჯუჯების გარშემო მოძრავი პლანეტები ჩვენი საუკეთესო შანსია, რათა შევისწავლოთ ზომიერ კლდოვან პლანეტათა ატმოსფერო, ისეთი პლანეტების, რომლებიც მერკურისა და მარსის შუალედში არსებულ ვარსკვლავურ რადიაციას იღებენ. TRAPPIST-1-ის პლანეტები იდეალური ლაბორატორიაა ინოვაციური კვლევებისთვის“, — ამბობს ასტრონომი ელზა დურკო.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველმა მონაცემებმა ამ იდეას ძირი გამოუთხარა. ის ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეს — 15 მიკრონს, რომელსაც ძლიერ შთანთქავს ნახშირორჟანგი. ძლიერი 15-მიკრონიანი ხელწერა მიუთითებდა, რომ იქ ნახშირორჟანგი არ იყო.

უფრო მეტი დეტალის შესასწავლად, მკვლევრებმა დამატებითი დაკვირვებები ჩაატარეს ჯეიმს ვებით, 12,8-მიკრონიან ტალღის სიგრძეში, რათა გაეზომათ პლანეტა TRAPPIST-1b-ის ტემპერატურა. როდესაც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას ეგზოპლანეტა მის წინაა, ჩვენს მხარეს, ან გვერდით ან მის უკან, ამ დროს სინათლე იცვლება და ეს ცვლილება ცხადყოფს, რამდენ ინფრაწითელ სინათლეს გამოყოფს ეგზოპლანეტა; ეს კი ასტრონომებს მის ზედაპირზე ტემპერატურის გადანაწილების გაზომვის საშუალებას აძლევს.

ამის შემდეგ, დაკვირვებები შეადარეს სხვადასხვა მოდელებს, რათა გაერკვიათ, რას ხედავდნენ რეალურად. 15-მიკრონიანი ანალიზისგან განსხვავებით, რომელიც უსახურ, რუხ ზედაპირზე მიუთითებდა, 12,8-მიკრონიან დაკვირვებებში მკვლევართა ჯგუფს დახვდა უფრო მეტად მინერალებით მდიდარი ვულკანური ქანით დაფარული ზედაპირი.

ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ TRAPPIST-1b-ს აქვს ტექტონიკური ან ვულკანური აქტივობა, ანდაც იმას, რომ ვარსკვლავისა და სისტემის სხვა პლანეტებისგან მოქმედი გრავიტაციული მიზიდვა TRAPPIST-1b-ს ჭიმავს და კუმშავს, რაც მის ზედაპირ აცხელებს და ადნობს.

მონაცემთა სხვა ინტერპრეტაცია ისაა, რომ ატმოსფერო მდიდარია ნახშირორჟანგით. ეს კი შეიძლება შეესაბამებოდეს 15-მიკრონიან დაკვირვებებს იმით, რომ იქ წარმოდგენილია ნისლი, რომელიც წარმოქმნის ფენომენს სახელად თერმული ინვერსია — ამ დროს ნახშირორჟანგი 15-მიკრონიან სინათლეს კი არ შთანთქავს, არამედ გამოყოფს.

„ასეთი თერმული ინვერსიები საკმაოდ ხშირია მზის სისტემის სხეულების ატმოსფეროში და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სატურნის მთვარე ტიტანი. თუმცა, TRAPPIST-1b-ის ატმოსფერო ძლიერ უნდა განსხვავდებოდეს ტიტანის ან მზის სისტემის სხვა ნებისმიერი კლდოვანი სხეულის ატმოსფეროსგან. მომაჯადოებელია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლება ვუყურებდეთ ატმოსფეროს ისეთ ტიპს, როგორიც ჯერ არასოდეს გვინახავს“, — ამბობს ნიდერლანდების კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტის ასტრონომი მიშელ მინი.

სინამდვილეში რომელი სცენარი ვითარდება პლანეტა TRAPPIST-1b-ზე, დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ პასუხს ალბათ უფრო მეტი კვლევა გაგვცემს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად რთულია იმის დადგენა, თუ რა ხდება მზის სისტემის მიღმა მდებარე სხვა პლანეტებზე.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.