მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავთან აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — #1tvმეცნიერება

14:13, 18.08.2025

მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავთან შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა იყოს.

ალფა კენტავრის კომპლექსურ სამმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლახან შეამჩნია გიგანტურ ეგზოპლანეტა, რომელიც ამ სამი ვარსკვლავიდან ყველაზე მზის მსგავსის, ალფა კენტავრი A-ს გარშემო მოძრაობს.

ამას გარდა, ეგზოპლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია — სრულყოფილ მანძილზე ვარსკვლავისგან, სადაც შესაძლებელია, რომ მის ზედაპირზე თხევადი წყალი იყოს.

არის კიდევ რაღაც. ამ პერსპექტიული პლანეტის, სახელად ალფა კენტავრი Ab-ის მტკიცებულება პირდაპირი ვიზუალიზაციით აღმოაჩინეს, რაც შეიძლება დიდი გარღვევა იყოს ეგზოპლანეტურ მეცნიერებაში.

„დადასტურების შემთხვევაში, პოტენციური პლანეტა, რომელიც ვების მიერ ალფა კენტავრი A-სთვის გადაღებულ ფოტოზე ჩანს, შეიძლება ახალი ეტაპი იყოს ეგზოპლანეტების გადაღებაში. ყველა პირდაპირ გადაღებულ პლანეტას შორის, ის შეიძლება თავის ვარსკვლავთან ყველაზე ახლომდებარე იყოს. ამას გარდა, ტემპერატურითა და ასაკით ყველაზე მეტად ჰგავს მზის სისტემის გიგანტურ პლანეტებს და ეგზოპლანეტებს შორის ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან“, — ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ანიკეტ სანგჰი.

ალფა კენტავრის სისტემა ჩვენგან სულ რაღაც ოთხი სინათლის წლითაა დაშორებული და წარმოადგენს სამმაგ ვარსკვლავურ სისტემას, რომელიც შედგება ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-ს წყვილური სისტემისგან, რომლებსაც შორიდან უვლის გარშემო მესამე ვარსკვლავი — წითელი ჯუჯა პროქსიმა კენტავრი.

ამ სისტემაში ეგზოპლანეტები აქამდეც აღმოჩენილი იყო. თუნდაც პროქსიმა კენტავრის გარშემო, მათ შორის, ერთი სასიცოცხლო ზონაში. თუმცა, გარემო პირობები წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო (რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან ამოფრქვევათა თვალსაზრისით), შეიძლება უფრო ნაკლებად ხელსაყრელი იყოს, ვიდრე მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო.

ამ სისტემის ცენტრალურ ვარსკვლავთან პლანეტების დაფიქსირება უფრო რთული აღმოჩნდა.

„ჩვენთან ასე ახლომდებარე სისტემაში ნებისმიერი ეგზოპლანეტის აღმოჩენა საუკეთესო შანსს გვაძლევს სხვა პლანეტურ სისტემათა შესახებ მონაცემების შესაგროვებლად. თუმცა, დაკვირვებების წარმოება წარმოუდგენლად რთულია მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპითაც კი, რადგან ეს ვარსკვლავები ძლიერ კაშკაშაა, ჩვენთან ახლოსაა და ცაში სწრაფად მოძრაობენ“, — ამბობს NASA-ს ეგზოპლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, ასტრონომი ჩარლზ ბაიხმანი.

ამ დრომდე არაფერია ცნობილი ალფა კენტავრი B-სთან პლანეტის არსებობის შესახებ. თუმცა, ალფა კენტავრი A-ს ორბიტაზე რაღაცის ნათება შენიშნეს — ეს ვარსკვლავი სამ ვარსკვლავს შორის ყველაზე კაშკაშაა და წარმოადგენს იმავე G-ტიპის ვარსკვლავს, რასაც ჩვენი მზე.

2021 წელს, არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა კევინ ვაგნერის ხელმძღვანელობით, ალფა კენტავრი A-ს გარშემო, სასიცოცხლო ზონაში პლანეტა აღმოაჩინა პირდაპირი ვიზუალიზაციის გამოყენებით.

ეგზოპლანეტათა უმეტესობას არაპირდაპირი მეთოდით პოულობენ, ვარსკვლავის სინათლის რეგულარულ ჩაბნელებებზე დაკვირვებით ან ვარსკვლავის სინათლის ცვლილებებით, რისი მიზეზიც ეგზოპლანეტის გრავიტაციული ეფექტებია.

სანგჰიმ, ბაიხმანმა და მათმა კოლეგებმა ამ პლანეტის შესახებ დამატებით მტკიცებულებათა საპოვნელად ჯემის ვების ტელესკოპი გამოიყენეს; პირველი დაკვირვებები 2024 წლის აგვისტოში ჩაატარეს და გამოიყენეს კორონოგრაფი, რომლითაც ალფა კენტავრი A-ს სინათლე დაბლოკეს. ალფა კენტავრი B-ს სინათლის გამოკლების შემდეგ, შედეგებმა აჩვენა მკრთალი წერტილოვანი წყარო, რომელიც ალფა კენტავრიდან იმაზე ორჯერ შორს მდებარეობდა, ვიდრე დედამიწა მზისგან.

თუმცა, 2025 წლის აპრილში ჩატარებულმა დაკვირვებებმა ასეთი ობიექტი ვეღარ გამოავლინა.

„აღმოვჩნდით გაუჩინარებადი პლანეტის შემთხვევის წინაშე. ამ საიდუმლოს შესასწავლად, კომპიუტერული მოდელები გამოვიყენეთ მილიონობით პოტენციური ორბიტის სიმულირებისთვის, ჩავდეთ ის ცნობებიც, რაც ამ პლანეტის დანახვისას მივიღეთ, ასევე ისეთებიც, რაც არ ვიცით“, — ამბობს სანგჰი.

სიმულაციები ასევე მოიცავდა ვაგნერისა და მისი ჯგუფის მიერ შეგროვებულ მონაცემებს. სიმულაციათა დაახლოებით ნახევარში, ეგზოპლანეტა ვარსკვლავთან იმდენად ახლოს იყო, რომ დაფიქსირება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მის არსებობას კაშკაშა შუქი ფარავდა, რაც ალფა კენტავრის Ab-ის არსებობას ადასტურებდა.

მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ამ პლანეტა 1 – 1,1 იუპიტერის რადიუსი უნდა ჰქონდეს, მასა დედამიწაზე 90 – 150-ჯერ მეტი (სატურნს 95 დედამიწის მასა აქვს) და თავის ვარსკვლავს იმაზე ორჯერ შორიდან უვლის გარშემო, ვიდრე დედამიწა მზეს, რითაც ის სასიცოცხლო ზონაში თავსდება.

მახასიათებელთა ეს ნაკრები აღწერს პლანეტას, რომელიც გაზის გიგანტი უნდა იყოს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის პოტენციურ სიცოცხლისუნარიანობას. თუმცა, მზის სისტემაში გაზის გიგანტებს აქვთ მრავალი მთვარე, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს; შესაბამისად, ამ ეგზოპლანეტის ბუნება არ გამორიცხავს სიცოცხლეს ალფა კენტავრი A-ს გარშემო.

მიუხედავად ამისა, ალფა კენტავრი Ab-ს არსებობის საბოლოოდ დასადასტურებლად მეტი სამუშაოა საჭირო. ასევე უნდა გაირკვეს ისიც, საერთოდ რანაირად გაჩნდა ის ალფა კენტავრის სისტემის კომპლექსურ გრავიტაციულ გარემოში.

„მისი არსებობა ორი ერთმანეთთან ზედმეტად ახლომდებარე ვარსკვლავის სისტემაში ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას ქაოსურ გარემოში პლანეტათა წარმოქმნის, გადარჩენისა და ჩამოყალიბების შესახებ“, — აღნიშნავს შანგჰი.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა ორ პუბლიკაციად და შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი