დედამიწასთან უახლოეს ეულ ვარსკვლავთან ოთხი პატარა პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ბერნარდის ვარსკვლავი დედამიწასთან უახლოესი ეული ვარსკვლავია, ჩვენგან სულ რაღაც 5,96 სინათლის წლის მანძილზე. მისი სიმარტოვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა უმრავლესობა წყვილურია (ბინარული). ის 1916 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ასტრონომები გამალებით ეძებენ მის გარშემო პლანეტებს.
ბერნარდის ვარსკვლავთან პლანეტების არსებობის ნიშნები ადრეც შენიშნეს, თუმცა ამჯერად, მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.
ერთი კანდიდატი პლანეტის აღმოჩენის შესახებ ასტრონომებმა შარშან ოქტომბერში გვამცნეს. ამჯერად, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჯგუფმა რიტვიკ ბასანტის ხელმძღვანელობით, დაადასტურა არა მხოლოდ მისი, არამედ კიდევ სამი სხვა პლანეტის არსებობა.
ეს აღმოჩენა იმითაც არის კიდევ უფრო განსაკუთრებული, რომ სისტემის ოთხივე ეგზოპლანეტა დედამიწაზე პატარაა, ასეთი პატარა პლანეტების პოვნა კი ძალიან რთულია ირმის ნახტომის პლანეტათა ფართო მრავალფეროვნებაში.
„ფრიად ამაღელვებელი აღმოჩენაა — ბერნარდის ვარსკვლავი ჩვენი კოსმოსური მეზობელია, მაგრამ მის შესახებ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით. მის შესწავლაში ახალი ინსტრუმენტები გვეხმარება“, — ამბობს ბასანტი.
ბერნარდის ვარსკვლავი, ოფიციალურად GJ 699, ეგზოპლანეტებზე მონადირეთათვის რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. პირველია მისი სიახლოვე — მასზე ახლოს ჩვენთან მხოლოდ კენტავრის სამმაგი ვარსკვლავური სისტემაა.
ამას გარდა, ბერნარდის ვარსკვლავი ჩვენი მზესავით ეული ვარსკვლავია. არის წითელი ჯუჯა — ვარსკვლავის ყველაზე გავრცელებული ტიპი ჩვენს გალაქტიკაში. მისმა შესწავლამ ბევრი რამ უნდა გვითხრას ჩვენი გალაქტიკური სამეზობლოსა და იქ არსებული პლანეტების შესახებ, ეულ ვარსკვლავთა გარშემო პლანეტური სისტემების შესახებ და ასევე, წითელი ჯუჯების გარშემო პლანეტური სისტემისა და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.
ჩვენს გალაქტიკაში ამჟამად დაახლოებით 6000 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, მაგრამ სხვა ვარსკვლავთა გარშემო პლანეტების შემჩნევა სულაც არაა ადვილი. ვინაიდან ეგზოპლანეტები გაცილებით პატარები და მკრთალებია, ვიდრე ის ვარსკვლავები, რომლებსაც გარშემო უვლიან, მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ იმ ეფექტების წყალობით, რაც მათ თავიანთ ვარსკვლავებზე აქვთ.
ორი მთავარი ეფექტი შემდეგია: პერიოდული, ოდნავი ჩაბნელებები, რასაც განაპირობებს პლანეტის გავლა ჩვენსა და ვარსკვლავს შორის; და ოდნავი მოძრაობა, იგივე რადიალური სიჩქარე, როდესაც ვარსკვლავი მოძრაობს მისი და პლანეტის საერთო გრავიტაციული ცენტრის გარშემო.
ბერნარდის ვარსკვლავის შემთხვევაში, არ არსებობს ორბიტული ტრანზიტისთვის შესაბამისი ჩაბნელებები. შარშან გაკეთებული აღმოჩენა რადიალურ სიჩქარეს ეფუძნებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეგზოპლანეტური ორბიტული სიბრტყე ისეა ორიენტირებული, რომ ჩვენგან არ ჩანს.

ასეთი სიგნალები ძლიერ სუსტია და დასაფიქსირებლად რთული. ბასანტი და მისი კოლეგები ჰავაიზე მდებარე Gemini North ტელესკოპის ინსტრუმენტ MAROON-X-ით აკვირდებოდნენ ბერნარდის ვარსკვლავს სამწლიან პერიოდში, 112 ღამის განმავლობაში. შემდეგ მონაცემები დაამუშავეს — ეძებდნენ მცირე რხევებს ვარსკვლავის პოზიციაში.

შედეგებმა ოთხი ეგზოპლანეტის არსებობა აჩვენა; მკვლევრებმა გამოთვალეს მათი მასა და ორბიტული პერიოდებიც.
- ბერნარდ b — აქვს 0,3 დედამიწის მასა, ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 3,2 დღეს ანდომებს.
- ბერნარდ c — აქვს 0,34 დედამიწის მასა, ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 4,1 დღეს ანდომებს.
- ბერნარდ d — აქვს 0,26 დედამიწის მასა, ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 2,3 დღეს ანდომებს.
- ბერნარდ e — აქვს 0,19 დედამიწის მასა, ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 6,7 დღეს ანდომებს.
ყველა ეს ორბიტული პერიოდი ზედმეტად ახლოსაა ვარსკვლავთან, რათა ეგზოპლანეტები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. ასე ახლოს, ტემპერატურა ზედმეტად ცხელი იქნება და ზედაპირზე თხევადი წყალი ვერ შენარჩუნდება. ასევე არ ვიცით ეგზოპლანეტათა ბუნება. მასებიდან გამომდინარე, მათი შემადგენლობა დიდი ალბათობით მერკურის მსგავსია, მაგრამ ბოლომდე არც ისაა გამორიცხული, რომ ციცქნა აირადი პლანეტები იყვნენ.
კვლევამ ცხადყო ისიც, თუ რამდენად მარტივია პატარა ეგზოპლანეტების გამორჩენა მაშინაც კი, თუკი ისინი ჩვენ ცხვირწინაა. ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტა ჯერ ბევრი არ გვიპოვია. ბერნარდის სისტემა ადასტურებს, რომ ამ ნაკლებობის მიზეზი უბრალოდ ისაა, რომ ჩვენ მათ ვერ ვპოულობთ.
0,19 დედამიწის მასით, ბერნარდ e წარმოადგენს ყველაზე დაბალმასიან ეგზოპლანეტას რადიალური სიჩქარის მეთოდით აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის. თუკი ასეთი ეგზოპლანეტები ირგვლივ ბევრია, მათი აღმოჩენის შესაძლებლობები გამუდმებით იზრდება.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.uchicago.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.