პენტაგონის ცნობით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში
პენტაგონის ცნობით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ.

პენტაგონის განცხადებით, მათ ამჯერად „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე.

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ცდილობენ, დაიცვან „ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი“.

„ჩვენი მიზანი რჩება დაძაბულობის დეესკალაცია და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში“, – წერია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.

აშშ-მა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები პირველად 11 იანვარს განახორციელეს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.