პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს
პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის თავისი მოვალეობების შესრულებას სრულად უკვე შეუდგა. ამის შესახებ მის მოადგილეს, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, თეთრ სახლსა და კონგრესს აცნობეს.

ექიმების რეკომენდაციით, ლოიდ ოსტინი გარკვეული დროის განმავლობაში სახლიდან იმუშავებს, პენტაგონში სამსახურს კი მიმდინარე კვირის ბოლოსკენ დაუბრუნდება. მას აქვს სრული წვდომა კომუნიკაციის დაფარულ და ღია სისტემებზე, რაც აუცილებელია მისი უფლებამოსილების შესასრულებლად.

ლოიდ ოსტინი, რომელსაც მანამდე პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, საავადმყოფოში 11 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, ამის მიზეზი შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემა გახდა, რომელიც არაქირურგიული გზით აღმოიფხვრა. მედიკოსების ცნობით, შარდის ბუშტის პრობლემა არ იყო დაკავშირებული მისი კიბოს დიაგნოზთან და არ აისახება ონკოლოგიასთან ბრძოლის მის დადებით პროგნოზზე.

პენტაგონის ინფორმაციით, 14 თებერვალს ლოიდ ოსტინი დისტანციურად სიტყვით გამოვა უკრაინის თავდაცვის საკითხზე რამშტაინის ფორმატის რიგით მე-19 შეხვედრაზე. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.