ასტრონომებმა გამოავლინეს ვარსკვლავური სისტემები, საიდანაც დედამიწის დაფიქსირება შესაძლებელია — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა გამოავლინეს ვარსკვლავური სისტემები, საიდანაც დედამიწის დაფიქსირება შესაძლებელია — #1tvმეცნიერება

თუ სხვა ვარსკვლავურ სისტემებში არამიწიერი ცივილიზაციები არიან, შეძლებდნენ თუ არა დედამიწაზე ჩვენი არსებობის დაფიქსირებას? ამ კითხვამ შეიძლება არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ნიშნების ძებნის ახალ გზებთან მიგვიყვანოს, მაგრამ პასუხის გაცემა მაინც რთული იქნება.

მიუხედავად ამისა, ასტრონომთა ჯგუფმა გამოავლინა 2034 ვარსკვლავური სისტემა დედამიწიდან 326 სინათლის წლის რადიუსში, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ მზის გარშემო ჩვენი პლანეტის მოძრაობისას აქ სიცოცხლის დაფიქსირება უნდა შეეძლოთ.

„ეგზოპლანეტების გადმოსახედიდან, ჩვენ უცხოპლანეტელები ვართ“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის სეიგანის უნივერსიტეტის ასტრონომი ლაიზა კალტენეგერი.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ობსერვატორია „გაიას“ მონაცემების გამოყენებით (ეს პროექტი ირმის ნახტომის უზუსტესი სამგანზომილებიან რუკის შექმნაზე მუშაობს), კალტენეგერმა და მისმა კოლეგებმა სცადეს გაერკვიათ, შეუძლია თუ არა რომელიმე არამიწიერ ცივილიზაციას კაცობრიობის პოვნა ისეთი ხელსაწყოებით, რომლებსაც ჩვენ ეგზოპლანეტების საძებნელად ვიყენებთ.

ასეთი რამდენიმე ინსტრუმენტი გვაქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამოსადეგია ე. წ. ტრანზიტის მეთოდი. ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, თუ ეგზოპლანეტის ორბიტა ისეა განლაგებული, რომ ჩვენსა და თავის დედავარსკვლავს შორის გაივლის, ამ პროცესს ტრანზიტს უწოდებენ. შედეგად წარმოიქმნება სინათლის სპეციფიკური გამრუდება, რადგან ეგზოპლანეტის გავლის გამო ვარსკვლავის სინათლე ბნელდება და სიკაშკაშე რხევას იწყებს.

სინათლის გამრუდების მაჩვენებლით შესაძლებელია ეგზოპლანეტის მიახლოებითი ზომის დადგენა და იმის გამორიცხვა, არის თუ არა ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი; მაგალითად, ხომ არ არის იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი.

გარდა ამისა, თუ ეგზოპლანეტას ატმოსფერო აქვს, მასში დედავარსკვლავის სინათლის გავლისას, ასტრონომებს სხვა ცნობების მიღებაც შეუძლიათ. ატმოსფეროს მიერ ზოგიერთი ტალღის სიგრძის გაძლიერების ან შთანთქმის წყალობით, შესაძლებელია დადგინდეს მისი შემადგენლობა, მათ შორის გამოვლინდეს ის აირებიც, რომლებიც სიცოცხლის ნიშნებზე მიუთითებს.

თუკი დედამიწის მსგავსად ამ პლანეტებზეც არის წარმოდგენილი ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ატმოსფეროს აბინძურებს, ჰიპოთეტურად უნდა შეგვეძლოს მათი დაფიქსირებაც.

გაიას მონაცემებში კალტენეგერმა და მისმა ჯგუფმა მოძებნა ისეთი ვარსკვლავური სისტემები, რომლებსაც შესაძლოა, იგივეს გაკეთება შეეძლოთ ჩვენთან მიმართებაში, 10 000 წლის განმავლობაში: გასულ 5000 წელს და მომავალ 5000 წელს. ამ ხელსაყრელ წერტილს დედამიწის ტრანზიტის ზონას უწოდებენ.

„გვსურდა გაგვეგო, რომელ ვარსკვლავებს აქვთ ასეთი ხელსაყრელი წერტილი დედამიწის დასანახად, როდესაც ის მზის სინათლეს ბლოკავს. ვინაიდან ვარსკვლავები დინამიკურ კოსმოსში მოძრაობენ, ეს ხელსაყრელი წერტილი ხან დგება, ხანაც იკარგება“, — ამბობს კალტენეგერი.

გაიას მონაცემებისთვის ჩატარებული ანალიზით, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ დედამიწის ტრანზიტის ზონაში 1715 ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო გასული 5000 წლის განმავლობაში, საიდანაც შეიძლება ბიოხელწერებიც დააფიქსირეს, როდესაც ჩვენ ტექნოლოგიური ცივილიზაცია გავხდით. 319 სხვა ვარსკვლავი მომდევნო 5000 წლის განმავლობაში შევა დედამიწის ტრანზიტის ზონაში.

„გაიამ ირმის ნახტომის ზუსტი რუკა მოგვცა, რომლის წყალობითაც ვიხედებით წარსულსა და მომავალში; ვიგებთ, სად იყვნენ ვარსკვლავები და სად მიდიან“, — ამბობს ამერიკის ბუნების ისტორიის ასტროფიზიკოსი ჯეკი ფაჰერთი.

იმ სისტემებს შორის, რომლებიც დედამიწის ტრანზიტის ზონაში იყვნენ ან იქნებიან, უკვე ვიცით, რომ შვიდს ეგზოპლანეტები აქვს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც იყოს. მათ შორის არის Ross-128, TRAPPIST-1 და ტიგარდენის ვარსკვლავი.

Ross-128 უკვე 2158 წელიწადია, რაც დედამიწის ტრანზიტის ზონაშია. TRAPPIST-1 იქ დაახლოებით 1642 წელში შევა და მომდევნო 2371 წლის განმავლობაში დარჩება. ტიგარდენის ვარსკვლავი ამ ზონაში 29 წელიწადში შევა და 410 წლის განმავლობაში დარჩება.

„ჩვენი ანალიზები აჩვენებს, რომ უახლოესი ვარსკვლავებიც კი ათას წელიწადზე მეტხანს რჩებიან ისეთ წერტილში, საიდანაც დედამიწის ტრანზიტის დანახვას შეძლებდნენ. საკმაოდ ნორმალური დროა, რომ ნომინალურმა ცივილიზაციებმა დედამიწა საინტერესო პლანეტად ჩათვალონ“, — აღნიშნავს კალტენეგერი.

კვლევის ფარგლებში ჯგუფმა ასევე შეისწავლა, რომელი ვარსკვლავებიდან შეძლებდნენ ტექნოხელწერების დაფიქსირებას — დედამიწიდან გამოყოფილ ტექნოლოგიურ რადიაციას. რადიოტალღების კოსმოსში გავრცელება ადამიანებმა დაახლოებით 100 წლის წინ დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიგნალების დაფიქსირება ჩვენგან 100 სინათლის წლის რადიუსშია შესაძლებელი.

ამ რადიუსში და ამ 100 წლის განმავლობაში, დედამიწის ტრანზიტის ზონაში 75 ვარსკვლავური სისტემა უნდა ყოფილიყო.

არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა ამ დრომდე უშედეგოა. ჯგუფის კვლევა წარმოაჩენს, რომ ჩვენს მეთოდებში მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენ გარშემო ვარსკვლავთა მუდმივად ცვალებად კონფიგურაციებზე. თუმცა, თუ საკმარისი დრო და იღბალი გვექნება, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენს კოსმოსურ მეზობლებს მივაგნოთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.