როგორ გამოიყურება დედამიწა შორეული არამიწიერი ცივილიზაციებისთვის - ახალი კვლევა
როგორ გამოიყურება დედამიწა შორეული არამიწიერი ცივილიზაციებისთვის - ახალი კვლევა

ეგზოპლანეტების კვლევა ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ამჟამად ცნობილი 4000 ეგზოპლანეტიდან უმეტესობა სწორედ ამ დროის მანძილზე აღმოაჩინეს.

ამავე პერიოდში დაიწყო უცხო პლანეტათა კლასიფიკაციისა და სხვადასხვა მახასიათებელთა გარკვევის პროცესიც. გარდა ამისა, შემდეგი თაობის ხელსაწყოები საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ ეგზოპლანეტათა ზედაპირი და ატმოსფერო.

ეს ყველაფერი ბუნებრივად წარმოშობს შეკითხვას – რას დაინახავდა საკმაოდ განვითარებული უცხო ცივილიზაცია, თუ ის ჩვენს პლანეტას სწავლობს? დედამიწის მრავალი სხვადასხვა ტალღის სიგრძის მონაცემების გამოყენებით, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს რუკა, რომელიც ასახავს ისეთ დედამიწას, როგორსაც მას უცხოპლანეტელი დამკვირვებლები შორიდან დაინახავდნენ.

გარდა საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილებისა, ეს კვლევა მომავალში ასტრონომებს ასევე დაეხმარება დედამიწის მსგავს პლანეტათა ზედაპირის მახასიათებელთა რეკონსტრუირებაში.

როცა მზის სისტემის მიღმა არსებულ სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგის პლანეტებს ეძებენ, მეცნიერები იძულებული არიან გამოიყენონ არაპირდაპირი მიდგომა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეგზოპლანეტათა უმეტესობის შემთხვევაში ასტრონომებს არ შეუძლიათ პირდაპირი დაკვირვება ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად და ზედაპირის მახასიათებელთა გასარკვევად, მეცნიერები სჯერდებიან მინიშნებებს, რომლებიც მიუთითებს, რამდენად არის დედამიწის მსგავსი ესა თუ ის პლანეტა.

კვლევის ავტორის, სიტენგ ფანის განცხადებით, ეგზოპლანეტათა ამჟამინდელ კვლევებს ჯერ დაზუსტებით განსაზღვრული არ აქვს მითხოვნები, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისუნარიანობისთვის. არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, საკმარისია თუ არა ისინი.

დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლე არსებობს. შესაბამისად, ჯგუფმა ივარაუდა, დაკვირვებებისას, შორეული არამიწიერი ცივილიზაცია დედამიწას შეიძლება, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტის ნიმუშად იყენებდეს.

ფანის თქმით, იმის გამო, რომ დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ცოცხალი პლანეტაა, იმის შესწავლა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვენი პლანეტა შორეულ დამკვირვებელთათვის, გარკვეულ მიმართულებას მოგვცემს, თუ როგორ ვიპოვოთ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტები.

დედამიწის კლიმატის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი წყლის ციკლია, რასაც სამი სხვადასხვა ფაზა აქვს. მათ შორის არის წყლის ორთქლის არსებობა ატმოსფეროში, კონდენსირებული წყლის ღრუბლები და ყინულის ნაწილაკები, და წყალსატევების არსებობა ზედაპირზე.

გამომდინარე აქედან, ამ ყველაფრის არსებობა შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლისუნარიანობს და თავად სიცოცხლის პოტენციურ მანიშნებლად, რაზე დაკვირვება შორიდანაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ეგზოპლანეტის ზედაპირის მახასიათებლებისა და ღრუბლების გამოვლენა გადამწყვეტია იმისათვის, რომ ესა თუ ის პლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელად ჩავთვალოთ.

იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დედამიწა შორეულ დამკვირვებელთათვის, ჯგუფმა შეაჯერა ნასას ღრმა კოსმოსური კლიმატის ობსერვატორიის (DSCOVR) მიერ გადაღებული 9740 ფოტო. სურათები გადაღებული ყოველ 68-100 წუთში ერთხელ ორი წლის განმავლობაში (2016-2017) და ასახავს დედამიწის ატმოსფეროს მიერ არეკლილ სინათლეს მრავალ სხვადასხვა ტალღის სიგრძეში.

ამის შემდეგ, ფანმა და მისმა კოლეგებმა ფოტოები გააერთიანეს და შექმნეს 10-ბალიანი არეკვლის სპექტრი, რომელიც შემდეგ დედამიწის დისკოს შეურწყეს. შედეგად, შეიქმნა გამოსახულება, რომელსაც მრავალი სინათლის წილის მოშორებით მყოფი დამკვირვებელი დაინახავდა , თუკი ის დედამიწას ორი წლის განმავლობაში დააკვირდებოდა.

ფანის განცხადებით, დადგინდა, რომ დედამიწის სინათლის გამრუდების მეორე უმთავრესი კომპონენტი ძლიერ თანაფარდობაშია განათებული ნახევარსფერო ხმელეთის ფრაქციებთან. ხილვად გეომეტრიასთან კომბინირების შემდეგ, რუკის რეკონსტრუქცია ხდება ხაზობრივი რეგრესიის პრობლემა.

მიღებული გამრუდებების ანალიზისა და ორიგინალ ფოტოებთან შედარების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, გამრუდების რომელი პარამეტრი შეესაბამება ხმელეთს და რომელი ღრუბლებს. ამის შემდეგ, განსაზღვრეს პარამეტრები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება ხმელეთს და მოარგეს დედამიწის 24-საათიან ბრუნვას. შედეგად მიიღეს კონტურული რუკა, რომელიც ასახავს როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დედამიწის სინათლის გამრუდება მრავალი სინათლის წლის მანძილიდან.

შავი ხაზები წარმოადგენს ზედაპირის მახასიათებლებს და დაახლოებით შეესაბამება კონტინენტთა სანაპირო ხაზებს; გარდა ამისა, კონტინენტები მწვანედ არის შეფერილი.

მათ შორის კი გადაჭიმულია ოკეანე, თავთხელი ნაწილები წითლად, უფრო ღრმა კი ლურჯად.

ასეთი სახის გამოსახულებებმა, თუკი მათ შორეულ ეგზოპლანეტათა სინათლის გამრუდებებს მოვარგებთ, შეიძლება ასტრონომებს საშუალება მისცეს შეაფასონ, აქვს თუ არა ეგზოპლანეტას ოკეანეები, ღრუბლები და ყინულის ქუდები — ყველა საჭირო ელემენტი, რათა ის დედამიწის მსგავსად ჩაითვალოს.

უახლოეს მომავალში გაეშვება შემდეგი თაობის მრავალი ინსტრუმენტი, მაგალითად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ეგზოპლანეტების დეტალურად კვლევის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, უახლოეს წლებში ამუშავდება უმძლავრესი მიწისპირა ინსტრუმენტებიც, მათ შორის უკიდურესად დიდი ტელესკოპი (ELT), ოცდაათ-მეტრიანი ტელესკოპი (ELT) და მაგელანის გიგანტური ტელესკოპი (GMT). ეს ხელსაწყოები დედავარსკვლავებთან ახლოს მდებარე პატარა კლდოვან პლანეტათა ზედაპირს პირდაპირ ფოტოებს გადაუღებენ.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.