ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 10 მილიარდი დედამიწის მსგავსი პლანეტაა - ახალი კვლევა
ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 10 მილიარდი დედამიწის მსგავსი პლანეტაა - ახალი კვლევა

შესაძლოა, ჩვენი გალაქტიკა სავსეა დედამიწის მსგავსი თბილი, წყლიანი დაფარული პლანეტებით.

ასეთია პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა. ირმის ნახტომში დედამიწის მსგავს პლანეტათა ოდენობის შესაფასებლად მათ ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები გამოიყენეს.

როგორც შედეგები მიუთითებს, მზის მსგავს ყოველ მეოთხე ვარსკვლავს გარს უვლის დედამიწის მსგავსი ერთი პლანეტა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გალაქტიკაში უნდა არსებობდეს დედამიწის მსგავსი 10 მილიარდი პლანეტა.

შედეგები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად, რადგან ნებისმიერი პოტენციური სიცოცხლე სხვა სხეულებზე ალბათ პირველ რიგში უნდა ვეძებოთ დედამიწის მსგავს თბილ პლანეტებზე, რომელთა ზედაპირზეც შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება.

დედამიწის მსგავს პლანეტათა პოტენციური რიცხვის დადგენა დიდად დაეხმარება ისეთ პროექტებს, როგორიც არის მაგალითად ფართოკუთხიანი ინფრაწითელი ტელესკოპი (Wide-Field Infrared Survey Telescope), რომელიც 2020-იანი წლების შუაში გაეშვება და შორეულ პლანეტებზე მოძებნის ჟანგბადისა და წყლის ორთქლის ნიშნებს.

იმის ცოდნა კი, სად და როდის ეძებონ ეს ყველაფერი, უმნიშვნელოვანესია.

ახალი კვლევის ავტორის, ასტროფიზიკოს ერიკ ფორდის ჯგუფმა დედამიწის მსგასად ჩათვალა ნებისმიერი პლანეტა, რომლის ზომაც ჩვენი პლანეტის ზომის სამი-მეოთხედიდან ერთ-ნახევარ ზომამდე მერყეობს და თავის დედავარსკვლავს გარს უვლის 237-500 დღეში ერთხელ.

ასეთი ორბიტა პლანეტას მოაქცევს სასიცოცხლო ზონაში , ანუ ვარსკვლავიდან იმ მანძილზე, სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება.

5-10 მილიარდი დედამიწის მსგავსი პლანეტა

მკვლევართა შეფასება ეფუძნება ნასას კეპლერის კოსმოსურ ტელესკოპს. 2009 წელს გაშვებული ეს ტელესკოპი ეგზოპლანეტების (მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა) იყენებდა ტრანზიტის მეთოდს. იგი აკვირდებოდა 530 000 ვარსკვლავს და მათ სინათლეში ეძებდა ციცქნა ჩაბნელებებს, რაც მათ წინ პლანეტის ჩავლით (ტრანზიტი) უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

კეპლერის მისიამ სრულიად შეცვალა ადამიანთა წარმოდგენა ჩვენი გალაქტიკის შესახებ. ტელესკოპმა 2600-ზე მეტი ერთმანთისგან ძლიერ განსხვავებული ეგზოპლანეტა აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ირმის ნახტომში პლანეტების რაოდენობა გაცილებით აღემატება ვარსკვლავებისას.

შარშან ტელესკოპს საწვავი ამოეწურა და მისიაც დაასრულა, მაგრამ ასპარეზი დაუთმო ღირსეულ მემკვიდრეს, 2018 წლის აპრილში გაშვებულ ნასას პლანეტებზე მონადირე ახალ ტელესკოპ TESS-ს.

საერთო ჯამში, კეპლერის მონაცემები მიუთითებს, რომ იმ ვარსკვლავთა 20-50 პროცენტს, რომელთაც ღამის ცაზე ვხედავთ, თავიანთ სასიცოცხლო ზონაში ჰყავთ დედამიწის მსგავსი პლანეტები.

თუმცა, ფორდის ჯგუფს არ სურდა, რომ გალაქტიკაში არსებულ დედამიწის მსგავს პლანეტათა ოდენობა მხოლოდ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ნაპოვნ ეგზოპლანეტათა საფუძველზე შეეფასებინა. ამის მიზეზი ის არის, რომ ტრანზიტის მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ თავიანთ ვარსკვლავებთან ახლოს მდებარე დიდი პლანეტების აღმოსაჩენად.

ტრანზიტის მეთოდი არც ისე ხალსაყრელია დედავარსკვლავისგან შორს მდებარე პატარა პლანეტათა აღმოსაჩენად. გარდა ამისა, კეპლერი შესაბამისად ვრ იკვლევდა ჩვენი მზის მესამედი მასის მქონე პატარა, მკრთალ ვარსკვლავებს.

გამომდინარე აქედან, იმის შესაფასებლად, თუ რამდენი პლანეტა შეიძლებოდა გამორჩენოდა კეპლერს, მკვლევრებმა შექმნეს ვარსკვლავებისა და პლანეტების ჰიპოთეტური სამყაროს კომპიუტერული სიმულაცია. ამისათვის მათ გამოიყენეს კეპლერის პლანეტების კატალოგი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მიერ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა შესახებ შეგროვებული მონაცემები.

ამის შემდეგ, პროგრამა დააკვირდა იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც კეპლერი უნდა დაკვირვებოდა.

სიმულაციამ მეცნიერებს მიაწოდა ინფორმაცია, რამდენი და რა სახის ეგზოპლანეტა უნდა აღმოეჩინა კეპლერს თითოეულ ამ ჰიპოთეტურ სამყაროში.

ამის შემდეგ, იმისათვის, რათა შეეფასებინათ მზის მსგავს ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონებში დედამიწის მსგავს პლანეტათა რიცხვი, ეს მონაცემები შეადარეს რეალური კეპლერის ტელესკოპის მიერ აღმოჩენილი პლანეტებისას.

ფორდის თქმით, საკამათოა, რა დიაპაზონის ვარსკვლავები შეიძლება ჩაითვალოს მზის მსგავსად, ორბიტული დაშორების რა დიაპაზონს შეიძლება ეწოდოს სასიცოცხლო ზონა, რა ზომის პლანეტას შეიძლება ვუწოდოთ დედამიწის მსგავსი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩვენს გალაქტიკაში 5-დან 10 მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტაა.

არამიწიერი სიცოცხლის ძებნის დახვეწა

არამიწიერი სიცოცხლის ძებნის შემდეგი ნაბიჯია პოტენციურად სასიცოცხლო გარემოს მქონე პლანეტების შესწავლა, რათა გაირკვეს მათი შემადგენლობა.

ფორდის თქმით, მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ მიახლოებით დედამიწის ზომის პლანეტათა ატმოსფეროში ბიომარკერების, ანუ სიცოცხლის მიმანიშნებელი მოლეკულების პოვნა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული, საჭიროა ჰქონდეს მდგრადი ატმოსფერო, რათა საკმარისი სითბო ჩაიჭიროს ზედაპირზე თხევადი წყლის შესანარჩნებლად. ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის გარკვევა მეცნიერებს შეუძლიათ მისი დედავარსკვლავის სინათლის ქცევის შესწავლით მაშინ, როცა ის მის წინ ჩაივლის.

სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერტილი ფორდის ჯგუფისთვის. თუკი დედამიწის მსგავსი პლანეტები უხვადაა, ბევრი მათგანი უნდა იყოს ჩვენთან საკმარისად ახლოს იმისათვის, რათა ნასას მეცნიერებმა ისინი პატარა, იაფი ტელესკოპებით შეისწავლონ. თუ დედამიწის მსგავსი ყველა პლანეტა შორსაა, ნასას უფრო შორს მწვდომი ტელესკოპები სჭირდება.

მკვლევართა რეკომენდაციით, სამომავლო კოსმოსური მისიები უნდა დაიგეგმოს შესაძლო დედამიწის მსგავს პლანეტათა დიაპაზონისთვის, მზის მსგავს ყოველ 33 ვარსკვლავიდან ერთისთვის.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.