აღმოჩენილია ახლომდებარე სუპერდედამიწა, რომელზეც შესაძლოა, თხევადი წყალი იყოს
აღმოჩენილია ახლომდებარე სუპერდედამიწა, რომელზეც შესაძლოა, თხევადი წყალი იყოს

ჩვენგან 31 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილია პლანეტა, რომლის ზედაპირზეც შეიძლება, თხევადი წყალი იყოს.

პლანეტა ნასას ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა შენიშნა. გარს უვლის ჰიდრას თანავარსკვლავედში მდებარე ერთ-ერთ ვარსკვლავს. როდესაც ასტრონომები ვარსკვლავს უფრო დეტალურად ამოწმებდნენ, მის გარშემო კიდევ ორი სხვა პლანეტა აღმოაჩინეს.

ერთ-ერთ მათგანი გამორჩეულია. მას სახელად GJ 357 d უწოდეს და მის ზედაპირზე შეიძლება, თხევადი წყალიც იყოს, თუკი ეს პლანეტა კლდოვანია და აქვს სქელი ატმოსფერო.

იგი ამ დრომდე აღმოჩენილი 45 უახლოეს ეგზოპლანეტას შორისაა; ასტრონომებს ჯერჯერობით აღმოჩენილი აქვთ სულ 4025 პლანეტა, რომლებიც მზის სისტემის მიღმა, სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ.

პლანეტური სისტემა ტრანზიტის მეთოდით აღმოაჩინეს, რა დროსაც ტელესკოპი აკვირდება ციცქნა ჩაბნელებებს ვარსკვლავის სინათლეში, რაც გამოწვეულია მის წინ პლანეტის ჩავლით. ამ მეთოდით ეძებდა პლანეტებს TESS-ის წინამორბედიც, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი.

ახლად აღმოჩენილი პლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს, ანუ ვარსკვლავიდან მანძილის იმ დიაპაზონში, სადაც კლდოვან პლანეტებს ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება შეუძლიათ.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, GJ 357 მდებარეობს ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის განაპირა ნაწილში, სადაც ის დაახლოებით იგივე ოდენობის ვარსკვლავურ ენერგიას იღებს დედავარსკვლავისგან, რასაც მარსი მზისგან.

მკვლევართა განცხადებით, თუ პლანეტას მკვრივი ატმოსფერო აქვს, რაც შემდგომი კვლევების საგანია, ის საკმარის სითბოს უნდა იჭერდეს, რათა ზედაპირზე თხევადმა წყალმა იარსებოს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ პლანეტას ატმოსფერო არ აქვს, მისი ზედაპირის ტემპერატურა -53 გრადუსი ცელსიუსი იქნება, წყლის გაყინვის წერტილზე გაცილებით დაბალი.

GJ 357 d-ს დედამიწაზე სულ მცირე 6,1-ჯერ მეტი მასა აქვს და თავის ციცქნა ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 55,7 დღეში ერთხელ. ამ დროისთვის მეცნიერებს მის შესახებ სხვა დეტალური ცნობები არ აქვთ.

TESS-ი, ნასას პლანეტებზე მონადირე უმძლავრესი ტელესკოპი ათასობით ვარსკვლავს აკვირდება და მათ სინათლეში ტრანზიტით გამოწვეულ ჩაბნელებებს ეძებს.

ცის ერთ რომელიმე მონაკვეთს ის 27 დღის განმავლობაში აკვირდება, შემდეგ კი სხვა მონაკვეთზე გადადის. მომავალი წლის ბოლოსთვის, ტელესკოპს უკვე შესწავლილი ექნება ცის 85 პროცენტი.

TESS-ი შარშან გაუშვეს და ამ დროისთვის, უკვე ნაპოვნი აქვს 850 პოტენციური ახალი პლანეტა, მაგრამ მათგან ჯერჯერობით მხოლოდ 24-ია დადასტურებული.

რამდენიმე დღის წინ, ტელესკოპმა კიდევ სამი ახლომდებარე პლანეტა აღმოაჩინა, რომლებმაც ასტრონომთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი