კოსმოსურ სამეზობლოში აღმოჩენილია სამი ეგზოპლანეტა, რომელზეც ასტრონომები დიდ იმედს ამყარებენ
კოსმოსურ სამეზობლოში აღმოჩენილია სამი ეგზოპლანეტა, რომელზეც ასტრონომები დიდ იმედს ამყარებენ

ამ დრომდე ათასობით ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, მაგრამ ცოტა მათგანი თუ აღაფრთოვანებს ასტრონომებს ისე, როგორც ახლად აღმოჩენილი სისტემა, რომელიც ჩვენგან 73 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

აღმოჩენამ შესაძლოა, სრულიად ახალი ცნობები მოგვაწოდოს არა მხოლოდ პლანეტათა ფორმაციის შესახებ, არამედ საქმე ეხებოდეს სიცოცხლისათვის ვარგის პლანეტას.

დედამიწიდან 73 სინათლის წლის მანძილზე მდებარე უჩვეულოდ წყნარი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო, ნასას პლანეტებზე მონადირე ახალმა ტელესკოპმა TESS-მა სამი პლანეტა აღმოაჩინა — ერთი მათგანი დედამიწაზე ოდნავ დიდი კლდოვანია სხეულია, ორი კი ჩვენს პლანეტაზე ორჯერ დიდია და ე. წ. სუბნეპტუნის კატეგორიისა ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია რეზონანსის ჯაჭვით, ურთიერთქმედებენ გრავიტაციულად, რაც მათ ორბიტულ პერიოდთა მახასიათებლებს განაპირობებს.

ვარსკვლავს TOI-270 უწოდეს, მის პლანეტებს კი TOI-270b (კლდოვანი), TOI-270c და TOI-270d.

ასტროფიზიკოს მაქსიმილიან გიუნტერის განცხადებით, ვარსკვლავი TOI-270 ნამდვილი დისნეილენდია ეგზოპლანეტათა მეცნიერებისთვის და სწორედ ისეთი ერთ-ერთი სისტემა, რომელთა აღმოჩენისთვისაც TESS-ი გაეშვა. მისივე თქმით, ეს გახლავთ სისტემა, სადაც ყველაფერია, რაც შეიძლება ეგზოპლანეტურ მეცნიერებაში მოიმოქმედო.

აქვე გეტყვით, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ამ სამი პლანეტიდან რომელიმე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. TOI-270b კლდოვანი პლანეტაა, რომელიც დედამიწაზე 1,25-ჯერ დიდია; სის დედავარსკვლავთან ყველაზე ახლოს არის და ერთ გარშემოვლას 3,4 დღეს ანდომებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარსკვლავი მზეზე გაცილებით ცივია და აქვს მისი ზომის მხოლოდ 40 პროცენტი, კლდოვანი პლანეტა მასთან იმდენად ახლოს არის, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება. თხევადი წყალი სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის ერთ-ერთი უმთავრესი საზომია.

რაც შეეხება ორ სუბნეპტუნს, ერთ-ერთი მათგანი დედამიწაზე 2,42-ჯერ დიდია, მეორე 2,13-ჯერ. პირველი პლანეტა დედავარსკვლავს გარს უვლის 5,7 დღეში ერთხელ, ანუ საკმაოდ ახლოს არის, რათა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს.

პატარა სუბნეპტუნის ორბიტული პერიოდი 11,4 დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ატმოსფეროს გარე ნაწილს შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა ჰქონდეს. თუმცა, მისი ატმოსფერო სავარაუდოდ ძალიან სქელია და წარმოქმნის სათბურის ეფექტს, რის გამოც ზედაპირზე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

ასეთი სიახლოვის გამო, სავარაუდოა ისიც, რომ სამივე პლანეტა გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ მათი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ არის მიქცეული, მეორე კი პირიქით. ასეთი პოზიცია სიცოცხლისთვის არც თუ ისე იდეალურია.

მიუხედავად ამისა, ეს სისტემა რამდენიმე უიშვიათეს შესაძლებლობას გვთავაზობს.

დავიწყოთ თავად ვარსკვლავით. წითელ ჯუჯათა უმეტესობა ძლიერ მშფოთვარეა, აფრქვევენ პლაზმის ჭავლებს; თუმცა, TOI-270 ბებერი ვარსკვლავია და ჩვენთან სიახლოვის გამო, საკმაოდ კაშკაშადაც მოჩანს.

გარდა ამისა, მის გარშემო მოძრაობისას მისი პლანეტები ჩვენსა და ვარსკვლავს შორის ჩაივლიან და საშუალება გვაქვს, ვარსკვლავის სინათლის ცვლილების საფუძველზე შევისწავლოთ მათი ატმოსფეროები.

ეს კი შეიძლება დაგვეხმაროს გავიგოთ, როგორ წარმოიქმნება სხვადასხვა პლანეტები, რატომ არის ზოგიერთი მათგანი პატარა და კლდოვანი, ზოგი კი უზარმაზარი და გაზოვანი.

ამ ყველაფრის გარკვევა მზის სისტემის პლანეტებზე დაყრდნობით არ შეგვიძლია, რადგან ჩვენს სისტემაში სუპნეპტუნის ტიპის პლანეტა არ არის; ამ კატეგორიის პლანეტებს „ნაკლულ რგოლს“ უწოდებენ კლლდოვან პლანეტებსა და გაზის გიგანტებს შორის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური ასტროფიზიკოსის, სტივენ კეინის განცხადებით, სასიცოცხლო ზონაში ამ დრომდე ამ სახის მხოლოდ რამდენიმე პლანეტა გვაქვს აღმოჩენილი.

ასევე უიშვიათესი შესაძლებლობაა ზემოთხსენებული ორბიტული რეზონანსი, ანუ როცა პლანეტათა ორბიტებს კონკრეტული მახასიათებლები აქვს. ანუ, როცა ყველაზე შიდა პლანეტა TOI-270b ვარსკვლავს ხუთჯერ შემოუვლის გარშემო, შუა პლანეტა TOI-270c სამ ორბიტას ასწრებს და შესაბამისად, მათი ორბიტული რეზონანსი არის 5:3.

TOI-270c-ის ყოველ ორ ორბიტაზე TOI-270d ერთ გარშემოვლას ასრულებს, ანუ მათი ორბიტული რეზონანსი არის 2:1.

ასეთი რეზონანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სისტემის სასიცოცხლო ზონის განაპირა ნაწილში პლანეტები კიდევ იყოს, რაც ყველაზე ამაღელვებელია.

როგორც ასტრონომები აღნიშნავენ, შეიძლება სიცოცხლისუნარიანი თავად TOI-270d არ იყოს, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს მთვარეები, სადაც სასიცოცხლო გარემო იყოს.

ასტრონომები ამ გამორჩეული სისტემის აქტიურ კვლევას იწყებენ. იმედოვნებენ, რომ სულ მალე იქ მრავალ ამაღელვებელ აღმოჩენას გააკეთებენ.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.