აღმოჩენილია 121 გიგანტური პლანეტა, რომელთა მთვარეებზე შესაძლოა, სიცოცხლე იყოს
აღმოჩენილია 121 გიგანტური პლანეტა, რომელთა მთვარეებზე შესაძლოა, სიცოცხლე იყოს

ყველამ ვიცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს სიცოცხლის ძებნა სხვა პლანეტებზე, მაგრამ რაც შეეხება ძებნას სხვა მთვარეებზე?

Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტისა (რივერსაიდი) და სამხრეთ კვინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს 100-ზე მეტი გიგანტური პლანეტა, რომლებსაც სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი თანამგზავრები, ანუ მთვარეები ჰყავთ.


მათი ნაშრომი მნიშვნელოვნად წაადგება სამომავლო ტელესკოპთა დიზაინს, რომლებსაც ამ პოტენციური მთვარეების მოძებნა და სიცოცხლის ნიშნების (ბიოხელწერა მათ ატმოსფეროში) დაფიქსირება შეეძლებათ.

მას შემდეგ, რაც NASA-მ 2009 წელს კეპლრის კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა, მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა აღმოაჩინეს ათასობით პლანეტა, რომლებსაც ეგზოპლანეტებს უწოდებენ.

კეპლერის მისიის მთავარი მიზანია პლანეტების აღმოჩენა ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონაში, ანუ მის ზედაპირზე ტემპერატურა ისეთია, რომ შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა. სადაც თხევადი წყალია, დიდი ალბათობით, იქ სიცოცხლეცაა.

კლდოვანი პლანეტები სიცოცხლის ძიების უმთავრესი სამიზნეა, რადგან ზოგიერთი მათგანი გეოლოგიურად და ატმოსფერულად შეიძლება, დედამიწას ჰგავდეს. კიდევ ერთი ადგილია კეპლერის მისიის მირ ნაპოვნი მრავალი გაზის გიგანტი პლანეტა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის კანდიდატები თავად არ არიან, სასიცოცხლო ზონაში მდებარე იუპიტერის მსგავს პლანეტებს შესაძლოა, ჰყავდეთ კლდოვანი მთვარეები (ეგზომთვარეები), რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს.

პლანეტური ასტროფიზიკოსის, სტივენ კეინის თქმით, მზის სისტემის რვა პლანეტას ამჟამად გარს უვლის 175 მთვარე. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა მზის სასიცოცხლო ზონის მიღმა მდებარე იუპიტერისა და სატურნის საკუთრებაა, შეიძლება, სხვა ვარსკვლავურ სისტემათა შემთხვევაში ასე სულაც არ იყოს. კეინის განცხადებით, კლდოვანი ეგზომთვარეების ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ ადგილთა ოდენობას, სადაც შეგვეძლება, რომ კოსმოსში სიცოცხლე ვეძებოთ.

კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა გამოავლინეს 121 გიგანტური პლანეტა, რომლებიც თავიანთ დედავარსკვლავებს სასიცოცხლო ზონაში უვლიან გარს. მათი რადიუსი დედამიწისას სამჯერ აღემატება და თითქმის გამორიცხულია, რომ ისინი კლდოვანი იყოს. სამაგიეროდ, თითოეულ მათგანს უნდა ჰყავდეს რამდენიმე მოზრდილი მთვარე.

მეცნიერთა ვარაუდით, ეგზომთვარეებს შესაძლოა, სიცოცხლისთვის საკმაოდ ხელსაყრელი გარემო ჰქონდეთ. ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ ისინი ენერგიას არა მხოლოდ დედავარსკვლავისგან, არამედ თავიანთ პლანეტებიდან არეკლილი რადიაციისგანაც იღებენ. ამ დროისათვის, არც ერთი ეგზომთვარის არსებობა დადასტურებული არ არის.

„ახლა, როცა უკვე შევქმენით ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონებში მდებარე გიგანტური პლანეტების მონაცემთა ბაზა, უნდა ჩატარდეს დაკვირვებები პოტენციურ ეგზომთვარეთა საუკეთესო კანდიდატებზე. ჩვენი კვლევები მნიშვნელოვნად დაეხმარება სამომავლო ტელესკოპებს, რომლებსაც შეეძლებათ მათი დაფიქსირება, მახასიათებელთა შესწავლა და სიცოცხლის ნიშნების პოვნა“, — ამბობს სამხრეთ კვინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი მიშელ ჰილი.

მომზადებულია ucr.edu-ს მიხედვით