აღმოჩენილია დედამიწაზე ორჯერ დიდი ეგზოპლანეტა, რომელზეც შესაძლოა, თხევადი წყალი იყოს
აღმოჩენილია დედამიწაზე ორჯერ დიდი ეგზოპლანეტა, რომელზეც შესაძლოა, თხევადი წყალი იყოს

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდია და მდებარეობს ისეთ ზონაში, რომ შესაძლოა, მის ზედაპირზე თხევადი წყალიც იყოს.

აღმოჩენა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებით გაკეთდა, რომელსაც ოქტომბერში საწვავი ამოეწურა და მისია დაასრულა.

პლანეტა K2-288Bb მდებარეობს ჩვენგან 226 სინათლის წლის მანძილზე, კუროს თანავარსკვლავედში. მოძრაობს თავის დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე არსებულ რეგიონში, სადაც შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება.

ასტრონომთა განცხადებით, მისი ზომა ეგზოპლანეტისთვის უჩვეულოა, რადგან დედავარსკვლავთან ახლოს მოძრავი პლანეტები როგორც წესი, არც თუ ისე დიდია. თუმცა, K2-288Bb ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 1,9-ჯერ დიდია.

NASA-ს განცხადებით, პლანეტა ზომაში ნეპტუნის ნახევარია და შესაძლოა, გაზით მდიდარი იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ კლდოვანიც იყოს.

ახლად აღმოჩენილი პლანეტა გარს უვლის პატარა ცივ ვარსკვლავს, რომელიც ვარსკვლავური სისტემა K2-288-ის წევრია. მისი დედავარსკვლავის მასა მზის მასის ერთ-მესამედს შეადგენს, სისტემის მეორე, უფრო დიდი ვარსკვლავისა კი მზის მასის ნახევარს.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი ცხრა წლის განმავლობაში ემსახურა მეცნიერებას. სულ აღმოჩენილი აქვს 2600-ზე მეტი დადასტურებული ეგზოპლანეტა. მათგან 50 სავარაუდოდ დედამიწის ზომისაა და აქვს ჩვენი პლანეტის მსგავსი ზედაპირის ტემპერატურა. გასული წლის ოქტომბერში, კეპლერს საწვავი ამოეწურა და მისიაც დაასრულა.

თუმცა, უკვე დაიწყო საქმიანობა მისმა მემკვიდრემ, კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა, რომელიც NASA-მ აპრილში გაუშვა.

ასტრონომთა განცხადებით, TESS-ი დააკვირდება ახლომდებარე 200 000 ვარსკვლავს და მოძებნის მათთან არსებულ პლანეტებს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.