მშვიდობით, კეპლერ! NASA-ს ლეგენდარულმა ტელესკოპმა სამუდამოდ „დაიძინა“
მშვიდობით, კეპლერ! NASA-ს ლეგენდარულმა ტელესკოპმა სამუდამოდ „დაიძინა“

ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერმა პლანეტებზე მონადირე აპარატმა მისია დაასრულა.

NASA-ს კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელმაც ჩვენთვის ცნობილი 3800 ეგზოპლანეტის 70 პროცენტი აღმოაჩინა, საწვავი ამოწურა. ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო იუწყება. კეპლერს აღარ შეუძლია სასურველი ორიენტაციის მიღება და შესაბამისად, კოსმოსური ობიექტების შესწავლა და მიღებული მონაცემების დედამიწაზე გამოგზავნა. გამომდინარე აქედან, თითქმის ათწლიანი მისიის შემდეგ, ლეგენდარულმა ინსტრუმენტმა სამუდამოდ დაიძინა.

ასტრონომთა განცხადებით, კეპლერმა დაგვარწმუნა, რომ კოსმოსი პლანეტებით არის გადაჭედილი და ისინი უკიდურესად მრავალფეროვანია. ტელესკოპმა სამუდამოდ შეცვალა ღამის ცა.

NASA-ს განცხადება სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. უკვე რამდენიმე თვეა, კეპლერი ძალიან ცოტა დარჩენილ საწვავზე მუშაობდა. პროექტის მენეჯერებმა ტელესკოპი რამდენჯერმე გადაიყვანეს ძილის რეჟიმზე, რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინათ მისი მუშაობის დრო. მაგრამ აღსასრული მაინც დადგა. კეპლერის ავზი ორი კვირის წინ საბოლოოდ დაიცალა.

„კოსმოსურმა ხომალდმა ოპერაციები შეწყვიტა. შეჩერებულია სამეცნიერო მონაცემთა შეგროვებაც“, — აცხადებს NASA-ს ასტროფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლ ჰერცი.

ეგზოპლანეტების რევოლუცია

კეპლერი უცხო პლანეტებზე „ტრანზიტის მეთოდით“ ნადირობდა. ანუ, ეძებდა ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც გამოწვეულია მათსა და ტელესკოპს შორის პლანეტების ჩავლით.

ეს ჩაბნელებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ თავდაპირველად NASA-ს წარმომადგენლებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, შეძლებდა თუ არა ტელესკოპი მათ დაფიქსირებას. ამის გამო, 1990-იან წლებში NASA-მ ოთხი შეთავაზება უარყო, მაგრამ საბოლოოდ, 2000-იან წლებში პროექტი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ინსტრუმენტის მგრძნობელობამ ტესტირება წარმატებით გაიარა.

ტელესკოპის დამზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. მაგრამ ეს დღეც დადგა. 2009 წლის მარტში 600$ მილიონად ღირებული ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს. მისიის მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, რამდენად გავრცელებულია დედამიწის მსგავსი პლანეტები ირმის ნახტომში.

თავდაპირველად კეპლერი ცის მხოლოდ ერთ ციცქნა მონაკვეთს აკვირდებოდა და ერთდროულად სწავლობდა დაახლოებით 150 000 ვარსკვლავს. შრომა წარმოუდგენლად ნაყოფიერი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, კეპლერმა 2327 დადასტურებული ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

2013 წლის მარტში, მწყობრიდან გამოვიდა კეპლერის ოთხიდან მეორე საორიენტაციო „რეაქციული ბორბალი“. ტელესკოპს უკვე აღარ შეეძლო ისეთი ორიენტაციის შენარჩუნება, რომელიც უზუსტეს ტრანზიტულ გაზომვებს უზრუნველყოფდა. მისიის პირველი ეტაპი ამით დასრულდა.

მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მისიის ხელმძღვანელობამ მალე გაარკვია გზა, რომელიც კეპლერის სტაბილიზაციას მზის სინათლის წნევით მოახდენდა. ხომალდთან ასტრონავტების გაგზავნა შეუძლებელი იყო, რადგან კეპლერი მზის გარშემო მოძრაობს და არა ჩვენი პლანეტის. ამიტომ, ყველაფერი დისტანციურად, დედამიწიდან გაკეთდა. შეკეთებამ წარმატებით ჩაიარა და 2014 წელს, NASA-მ დაამტკიცა ახალი მისია სახელად K2.

K2-ის ფარგლებში კეპლერი სწავლობდა მრავალგვარ კოსმოსურ ობიექტსა და ფენომენს, დაწყებული მზის სისტემის კომეტებითა და ასეტროიდებით, შორეულ სუპერნოვათა აფეთქებებით დამთავრებული. დაკვირვებათა თითოეული კამპანია 80 დღეს გრძელდებოდა. პლანეტებზე მონადირე ხომალდი უკიდურესად აქტიური იყო და გახანგრძლივებული მისიის დროს 354 ახალი პლანეტაც აღმოაჩინა.

ორივე მისიის დროს, კეპლერის დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ირმის ნახტომში პლანეტათა რაოდენობა ვარსკვლავებისას გაცილებით აღემატება და მათ შორის ძალიან ბევრია დედამიწის მსგავსი პლანეტაც. მართლაც, დადგინდა, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებულ მზის მსგავს ვარსკვლავთა 20 პროცენტს დედამიწის მსგავსი პლანეტები ჰყავს სასიცოცხლო ზონაში. სასიცოცხლო ზონა ეწოდება რეგიონს ამა თუ იმ ვარსკვლავთან, რომლშიც ტემპერატურა ისეთია, რომ შესაძლებელია პლანეტის ზედაპირზე შენარჩუნდეს თხევადი წყალი.

მისიის მემკვიდრეობა სხვა არაერთ დარგშიც განივრცო. მაგალითად, კეპლერმა დააზუსტა სიკაშკაშის გაზომვა, რამაც ასტრონომებს ვარსკვლავების უკეთ კვლევის საშუალება მისცა. საერთო ჯამში, ტელესკოპმა 500 000-ზე მეტი ვარსკვლავის სიკაშკაშე გაზომა. გარდა ამისა, მის მიერ სუპერნოვებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამყაროს ამ ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მოვლენათა უკეთ შესწავლაში.

რაც ვერ მოასწრო

მიუხედავად იმისა, რომ კეპლერმა უკვე სამუდამოდ „დახუჭა თვალები“, მისი აღმოჩენები შესაძლოა, კიდევ მრავალ წელიწადს გაგრძელდეს. ხომალდის მიერ ნაპოვნ 2900 „კანდიდატ“ ეგზოპლანეტას ჯერ კიდევ სჭირდება დადასტურება. კეპლერის ჯგუფის თქმით, მათი უმეტესობა სავარაუდოდ, მართლაც პლანეტაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ დაუმუშავებულია კეპლერის მიერ გამოგზავნილ მონაცემთა საკმაოდ დიდი ნაწილი.

თავისი ღვაწლის წყალობით, კეპლერი სამუდამოდ ცოცხალი დარჩება ისტორიაში. სასიხარულოა, რომ 2018 წლის აპრილში, NASA-მ კოსმოსში გაუშვა კეპლერის მემკვიდრე — კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი, რომელიც მზესთან შედარებით ახლომდებარე ვარსკვლავთა პლანეტებზე ინადირებს. ამ ტელესკოპმა რამდენიმე ეგზოპლანეტის აღმოჩენა უკვე მოახერხა.

TESS-ის მიერ გაკეთებულ ყველაზე იმედისმომცემ აღმოჩენებს შემდეგ დეტალურად შეისწავლის NASA-ს 8,9$ მილიარდად ღირებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წელს გაეშვება. ვებს ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროების შესწავლის უნარიც ექნება. ის იქ მოძებნის მეთანს, ჟანგბადსა და სხვა აირებს, რომლებიც შესაძლოა, იქ არსებული სიცოცხლის ნიშანი იყოს.

„კეპლერის სიკვდილი ეპოქის დასასრული არ არის. მართალია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამთავრდა, მაგრამ ეს არაა დასასრული“, — ამბობს კეპლერის სისტემის ინჟინერი ჩარლი სობეკი.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.