NASA-ს კეპლერის ტელესკოპმა კვლავ გაიღვიძა და პლანეტებზე ნადირობას აგრძელებს
NASA-ს კეპლერის ტელესკოპმა კვლავ გაიღვიძა და პლანეტებზე ნადირობას აგრძელებს

NASA-ს კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელმაც 2650 უცხო პლანეტა აღმოაჩინა, კვლავ გამოიღვიძა და სამეცნიერო დაკვირვებები განაახლა. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან. ტელესკოპს საწვავი თითქმის აღარ აქვს, რის გამოც ძილის რეჟიმში იყო გადაყვანილი.

600$ მილიონად ღირებული კეპლერის მისია 2009 წლის მარტში გაუშვეს. მისი მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, რამდენად არის ჩვენს გალაქტიკაში გავრცელებული დედამიწის მსგავსი პლანეტები. ტელესკოპი ერთდროულად აკვირდებოდა 150 000-ზე მეტ ვარსკვლავს და მათ სინათლეში ეძებდა ჩაბნელებებს, რაც მათ გარშემო მოძრავი პლანეტების ჩავლით უნდა ყოფილიყო გამოწვეული (ტრანზიტის მეთოდი).

ეს სამუშაო კეპლერმა 2013 წლის მაისში დაასრულა, რადგან მწყობრიდან გამოვიდა რეაქტიული ბორბლები, რომლებიც ტელესკოპს ოთხივე მხარეს აბრუნებდა და შესაბამისად, ხომალდმა უზუსტესი მითითების უნარი დაკარგა.

2014 წელს, მისიის მმართველმა ჯგუფმა ტელესკოპის სტაბილიზაციის გზას მიაგნო, რისთვისაც მზის სინათლის წნევა გამოიყენეს. ამის შემდეგ, კეპლერმა ახალი მისია დაიწყო, რომელსაც K2 უწოდეს. ამ მისიის ფარგლებში, დაკვირვებათა 80-დღიანი სერიებისას კეპლერი სხვადასხვა კოსმოსურ ობიექტსა და მოვლენებს სწავლობდა.

2018 წლის ივლისის დასაწყისში, მისიის ხელმძღვანელობამ კეპლერი ძილის რეჟიმზე გადაიყვანა, რათა შეემოწმებინათ, კიდევ ჰქონდა თუ არა ტელესკოპს საკმარისი საწვავი, რომ დედამიწის მხარეს შემობრუნებულიყო და მე-18 კამპანიისას შეგროვებული მონაცემები სამშობლოში გადმოეგზავნა.

კეპლერმა მონაცემები წარმატებით გამოაგზავნა და 24 აგვისტოს კვლავ ძილის რეჟიმში გადავიდა.

მაგრამ ამჯერად, ცნობილი ხდება, რომ 29 აგვისტოს კეპლერმა კვლავ გაიღვიძა და K2 მისიის მე-19 კამპანია დაიწყო. თუმცა, NASA-ს განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ტელესკოპს სამომავლოდ.

„ძილის რეჟიმიდან გამოყვანის შემდეგ, შეიცვალა ტელესკოპის კონფიგურაცია, რადგან მის ერთ-ერთ ძრავზე დაფიქსირდა უცნაური ქცევა. სავარაუდოდ, შემცირებული იქნება ტელესკოპის პოზიციონირების უნარი. უცნობია დარჩენილი საწვავის ოდენობა. ხომალდის გამართულობისა და წარმადობის უზრუნველსაყოფად, NASA-ს კეპლერის მონიტორინგს აგრძელებს“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საერთო ჯამში, კეპლერმა 2652 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, მათ შორის 325 K2 მისიის ფარგლებში. ეს რიცხვი ამჟამად ჩვენთვის ცნობილი ეგზოპლანეტების 70 პროცენტს შეადგენს. კეპლერის აღმოჩენები მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც ხომალდი ოპერაციებს საბოლოოდ შეწყვეტს, რადგან ტელესკოპის მიერ ნაპოვნი 2700 „კანდიდატი“ ჯერ კიდევ ელოდება ანალიზებსა და დადასტურებას, არის თუ არა ისინი პლანეტები.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.