2018 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური და მომაჯადოებელი ეგზოპლანეტები
2018 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური და მომაჯადოებელი ეგზოპლანეტები

2018 წელს, ეგზოპლანეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახლოს მდებარე ყინულის ბურთი პლანეტა, პირველად ისტორიაში, ფოტოები გადაუღეს ახლად დაბადებულ პლანეტას, აღმოაჩინეს პირველი ეგზომთვარე და ა. შ.  

წარმოგიდგენთ 2018 წელს აღმოჩენილ ყველაზე უცნაურ და დამაინტრიგებელ ეგზოპლანეტებს. 

 

1. გაყინული მეზობელი

 

ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს ვარსკვლავურ მეზობელთან, მკრთალ ბერნარდის ვარსკვლავთან ასტრონომებმა სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შენიშნეს. ყინულოვან პლანეტას ბერნარდის ვარსკვლავი b უწოდეს. არის დედამიწაზე 3,2-ჯრ მასიური და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 233 დღეში ერთხელ. ზედაპირის ტემპერატურა სავარაუდოდ -170 გრადუსი ცელსიუსია. 

მდებარეობს ჩვენგან 5,9 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ მეორე უახლოეს მეზობელ ეგზოპლანეტას პროქსიმა b-ს შემდეგ, რომელიც დედამიწიდან 4,3 სინათლის წლით არის დაშორებული.  

 

2. ახლად დაბადებული პლანეტის ფოტო

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში განთავსებული ტელესკოპის, VLT-ის გამოყენებით მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ იბადება პლანეტა ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავ გაზისა და მტვრის დისკოში. ეს გახლავთ ეგზოპლანეტის დაბადებაზე პირველი დადასტურებული დაკვირვება. 

ჩვილი პლანეტა ჩვენგან 370 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა ვარსკვლავ PDS 70-თან იბადება. ეს ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ 5,4 მლნ წლისაა. ახალი პლანეტა გაზის გიგანტია ზომაში სულ უფრო მატულობს, არის იუპიტერზე უკვე სამჯერ დიდი. დედავარსკვლავის გარშემო იმავე მანძილით არის დაშორებული, როგორც ურანი მზისგან. 

 

3. პლანეტა, რომელიც ორთქლდება

NASA-ს მიერ ახლახან გაშვებულმა ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა, კეპლერის მემკვიდრე TESS-მა უკვე გააკეთა პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა — სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელიც დედავარსკვლავიდან მომდინარე სიცხის გამო ორთქლდება. მდებარეობს ჩვენგან 59,5 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავ HD 39391-თან. 

ახლად აღმოჩენილი სუპერდედამიწა ჩვენს პლანეტაზე 4,82-ჯერ მძიმეა, დიამეტრი 2,14-ჯერ მეტი. სავარაუდოდ აქვს კლდოვანი ბირთვი და წყალბადისა და ჰელიუმის ატმოსფერო, რომელიც ვარსკვლავის სასტიკი რადიაციის გამო ორთქლდება. 

 

4. მეტალის პლანეტა

პლანეტა სახელად K2-229 b მერკურის ჰგავს, შედგება მეტალისგან და არის დედამიწაზე დიდი. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწას, ვენერასა და მარსს აქვთ მეტალის ბირთვები, რომლებიც მათი მასის დაახლოებით მესამედს შეადგენენ, მერკურისა და K2-229 b-ს ბირთვებზე მათი მასების ორი-მესამედი მოდის. აღნიშნული პლანეტა მეცნიერებმა ჩვენგან 339 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, მზეზე ოდნავ ცივი ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს. 

K2-229 b თავის დედავარსკვლავს გარს უვლის მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის 1/100-დან. განათებულ მხარეს მისი ზედაპირის ტემპერატურა 2058 გრადუსი ცელსიუსია. 

 

5. ძალიან შორეული ნათესავები

მასიური ობიექტის მიერ გამრუდებულ სინათლეში ასტრონომებმა შენიშნეს ტრილიონობით პლანეტის ხელწერა. ის ირმის ნახტომს მიღმა, სხვა გალაქტიკაში არსებულ ეგზოპლანეტათა პირველი მტკიცებულება. ამ პლანეტების ზომა მთვარისა და იუპიტერის ზომებს შორის უნდა მერყეობდეს.  

მინიშნება ასტრონომებმა გრავიტაციული ლინზირების წყალობით შენიშნეს. ამ ფენომენის დროს, დედამიწიდან 3,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის სინათლე ჩვენკენ მომავალ გზაზე გაამრუდა ჩვენსა და მას შორის მდებარე სხვა გალაქტიკის გრავიტაციამ.  

 

6. სპოკის სამშობლო

„ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი სპოკი პლანეტა ვულკანიდან იყო მოსული. სერიალის სცენარისტებმა ეს პლანეტა ჩვენგან 16 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ 40 ერიდანუსი A-სთან (იგივე HD 26965) მოათავსეს. ამ ვარსკვლავთან მეცნიერებმა წელს მართლაც იპოვეს სულ მცირე ერთი პლანეტა, რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდია და მართლაც ჰგავს ფილმში აღწერილ პლანეტა ვულკანს. დედავარსკვლავის გარშემო ის ყოველ 42 დღეში ერთხელ ბრუნავს და სავარაუდოდ, იმდენად ახლოს, რომ ზედაპირზე თხევად წყალს ვერ შეინარჩუნებს. 

 

7. დიდი ძმები

დედამიწიდან 500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ CI ვეშაპთან (Cl Tau) მეცნიერებმა ოთხი გაზის გიგანტი პლანეტა აღმოაჩინეს. ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ 2 მილიონი წლისაა და მისი ერთ-ერთი პლანეტა, სახელად CI ვეშაპი b იუპიტერზე 10-ჯერ მასიურია. ჩილეში მდებარე ტელესკოპმა ALMA-მ ამ ვარსკვლავის გარშემო კიდევ სამი პლანეტა შენიშნა. მათგან ერთს იუპიტერის მასა აქვს, ორის კი სატურნის.  

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასტრონომებმა ასეთი ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ოთხი გაზის გიგანტი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, პლანეტები დედავარსკვლავისგან ძალზე განსხვავებული მანძილებითაა დაშორებული — ყველაზე გარე პლანეტა დაახლოებით 1000-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე ვარსკვლავთან ყველაზე ახლომდებარე. ჩნდება კითხვა — როგორ ახერხებენ ვარსკვლავისგან ასე შორს მდებარე პლანეტები ამდენი მატერიის აკუმულაციას და არის თუ არა ყველაზე შიდა პლანეტა CI ვეშაპი b თავისი და ძმების მიერ შიგნით გატყორცნილი. 

 

საპატიო ხსენება — პირველი ეგზომთვარე? 

მართალია, პლანეტა არ არის, მაგრამ ამ სიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნეპტუნის ზომის ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ ეგზომთვარეა, ანუ ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც იუპიტერის ზომის პლანეტა კეპლერ-1625b-ის გარშემო მოძრაობს. ასტრონომებმა ის კელპერის კოსმოსური ტელესკოპით შენიშნეს, მაშინ, ვარსკვლავის წინ პლანეტის ჩავლის შედეგად გამოწვეულ ჩაბნელებაში. ეგზომთვარის არსებობაზე მიუთითა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმაც. 

ობიექტის მასა მისი პლანეტის მასის 1,5 პროცენტია, ანუ პროპორცია დაახლოებით იგივეა, რაც დედამიწისა და მთვარის შემთხვევაში (1,2 პროცენტი). ეს სხეული თავის პლანეტას გარს ივლის 3 მლნ კმ მანძილიდან, რაც რვაჯერ აღემატება დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილს. ეგზომთვარე სავარაუდოდ გაზოვანია და კეპლერ-1625b-ის ცაზე დედამიწის მთვარეზე ორჯერ დიდად მოჩანს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.