სავარაუდოდ, აღმოჩენილია მზის სისტემის გარეთ არსებული მთვარე - პირველად ისტორიაში
სავარაუდოდ, აღმოჩენილია მზის სისტემის გარეთ არსებული მთვარე - პირველად ისტორიაში

გამომდინარე იქიდან, რომ მთვარეები მზის სისტემაში მრავლადაა, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ისინი უხვად არის ეგზოპლანეტებთანაც. ასეთი ეგზომთვარეები ამ დრომდე მოუხელთებელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ახლახან ყველაფერი ბოლოსდაბოლოს შეიცვალა.

შარშან, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომები, ალექს ტიჩი და დევიდ კიპინგი იუწყებოდნენ, რომ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში მათ პირველი კანდიდატი ეგზომთვარე შენიშნეს.

ამის შემდეგ, დაკვირვებები მათ უფრო მძლავრი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით განაგრძეს. ეს დაკვირვებები უფრო ძლიერ მიუთითებს, რომ საქმე მართლაც ეგზომთვარესთან გვაქვს.

თუ ვითარება მართლაც ასეა, ეს იქნება მზის სისტემის გარეთ აღმოჩენილი პირველი მთვარე, ანუ პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი.

კიპინგის თქმით, თუ აღმოჩენა მართლაც დადასტურდა, ხელში ჩაგვივარდება სასიცოცხლო ცნობები პლანეტური სისტემების განვითარების შესახებ და შესაძლოა, ასტრონომებს პლანეტების გარშემო მთვარეების წარმოქმნის შესახებ არსებული თეორიების გადახედვაც მოუხდეთ.

ეზომთვარეობის კანდიდატს კეპლერ-1625b-i უწოდეს. ის გარს უვლის პლანეტა კეპლერ-1625b-ს, რომელიც თავის მხრივ ყვითელ, მზის მსგავს ვარსკვლავ კეპლერ-1625-ის გარშემო მოძრაობს. როგორც ცოტა ხნის წინ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა „გაიამ“ დაადგინა, მთლიანი ეს სისტემა დედამიწიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

პლანეტა კეპლერ-1625b იუპიტერის ზომის გაზის გიგანტია, მაგრამ არის მასზე გაცილებით მასიური.

ასტრონომთა გათვლებით, წარმოუდგენლად დიდია თავად კანდიდატი მთვარეც — ის დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა და შესაბამისად, არის ასევე გაზის გიგანტი. თავის დედაპლანეტას გარს უვლის 3 მილიონი კმ მანძილიდან.

კეპლერ-1625b-ის უცნაურობაში ასტრონომები პირველად მაშინ დაეჭვდნენ, როცა ეგზომთვარეთა ძებნისას ასტრონომები კეპლერის მიერ 284 ვარსკვლავის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს სწავლობდნენ. მათი თქმით, ამ ვარსკვლავის ჩაბნელება ცოტა არ იყოს უცნაური იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ეს მის წინ მხოლოდ პლანეტის ჩავლით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

კიპინგის თქმით, კეპლერმა ვარსკვლავის წინ პლანეტის ტრანზიტის მხოლოდ სამი შემთხვევა ჩაიწერა, რადგან ამ პლანეტას ვარსკვლავის გარშემო ერთი შემოვლისთვის თითქმის წელიწადი სჭირდებოდა. მინიშნება არსებობდა, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევი იყო.

ამის გამო, რომ კეპლერის ტელესკოპმა საწვავი ამოწურა და მისის თითქმის დაასრულა, ასტრონომებმა ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს მიმართეს. ანალიზების შედეგად, სინათლის გამრუდებაში დაფიქსირდა ორი არსებითი ანომალია.

როგორც კიპინგი აღნიშნავს, პირველი ის იყო, რომ ისე ჩანდა, თითქოს პლანეტა ტრანზიტს საათსა და 15 წუთში ახორციელებდა, რაც ძალიან მცირე დროა და შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ პლანეტაზე გრავიტაციულად რაღაც მოქმედებდა. მისივე თქმით, მეორე ანომალია იყო ვარსკვლავის ნათების დამატებითი ჩაბნელება მას შემდეგ, რაც პლანეტის ტრანზიტი დასრულდებოდა.

დაბლის ტელესკოპი საკმაოდ დაკავებულია და ტიჩისა და კიპინგს დაკვირვებებისთვის მხოლოდ 40 სთ მიეცათ, რაც საკმაოდ ცოტა დროა, რომ დაფიქსირდეს პლანეტის გარშემო მთვარის შემოვლა.

ჰაბლმა კეპლერ-1625b-i-ს არსებობას დამატებითი მტკიცებულებები შესძინა, მაგრამ შედეგი საბოლოო მაინც არ არის.

მთელი ამ უცნაურობის კიდევ ერთი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ ვარსკვლავ კეპლერ-1625-ის გარშემო კიდევ ერთი, სხვა პლანეტა მოძრაობს. მაგრამ როგორც ტიჩი და კიპინგი აღნიშნავენ, კეპლერმა ასეთი პლანეტა ვერ იპოვა.

კიდევ ერთი ალტერნატიული ახსნის მიხედვით, ასტრონომთა მიერ დაფიქსირებული სიგნალები თავად ვარსკვლავის მიერ იყოს წარმოქმნილი. მაგრამ როგორც ჯგუფმა კეპლერის მონაცემებიდან გაარკვია, ეს ვარსკვლავი იმდენად მშვიდია, რომ მისი ბრუნვაც კი ვერ დააფიქსირეს. შესაბამისად, ვარსკვლავური ხმაური შესაძლებელია, მაგრამ მკვლევრებმა მისი მტკიცებულება ვერ იპოვეს.

კიპინგის თქმით, ამ სისტემის დადასტურების შემთხვევაში, მივიღებთ იუპიტერს ნეპტუნის ზომის მთვარით, წარმოუდგენელ სისტემას, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს ზოგადად, ეგზოპლანეტათა ძებნაში. ეჭვგარეშეა, გაჩნდება მრავალი კითხვა მთვარეების წარმოქმნის შესახებ.

მთვარე კეპლერ-1625b-i-ს მასა თავის დედაპლანეტის მასის 1,5 პროცენტია, ზუსტად დედამიწა-მთვარის მსგავსად. მაგრამ იმის გამო, რომ ორივე სხეული გაზოვანია (შესაბამისად, სიცოცხლისათვის არახელსაყრელი) და თანაც, მთვარე ასეთი დიდია, ისმის კითხვები, თუ როგორ მოხვდა ის იქ.

სავარაუდოდ, ჩვენი მთვარე დედამიწასთან რომელიღაც დიდი ობიექტის შეჯახების შედეგად არის წარმოქმნილი, მაგრამ კეპლერ-1625b-ის მსგავს გაზის პლანეტასთან შეჯახებას არ უნდა გამოეყო იმდენი მასალა, რომ ნეპტუნის ზომის მთვარე წარმოქნილიყო.

მიჩნეულია, რომ იუპიტერის მთვარეები ერთ დროს იქ არსებული რგოლების მასალებისგან წარმოიქმნა, მაგრამ იუპიტერის არც ერთი მთვარე არ არის ნეპტუნის ზომის. სავარაუდოდ, ზოგიერთი მთვარე იუპიტერმა საკუთარი გრავიტაციით დაიჭირა.

ამ ეტაპზე, კითხვები მრავალია, პასუხები — არა. მაგრამ სულ მცირე, შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ჰაბლისა და ჯეიმს ვების ტელესკოპების დაკვირვებები ისტორიაში პირველი ეგზომთვარის არსებობას დაადასტურებს.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.