იუპიტერის გარშემო 12 ახალი მთვარე აღმოაჩინეს
იუპიტერის გარშემო 12 ახალი მთვარე აღმოაჩინეს

იუპიტერის გარშემო ასტრონომებმა 12 ახალი ბუნებრივი თანამგზავრი, ანუ მთვარე აღმოაჩინეს. მათ შორის 11 ჩვეულებრივი, ნორმალური სხეულია, ერთი კი საკმაოდ უცნაური. შედეგად, იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით, ის მზის სისტემის ყველა პლანეტას უსწრებს.

კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ჯგუფმა სკოტ შეფარდის ხელმძღვანელობით, მთვარეები პირველად 2017 წლის გაზაფხულზე შენიშნა, როცა მზის სისტემის ძალიან შორეულ ობიექტებს ეძებდნენ, მეცხრე პლანეტაზე ნადირობის პროცესში.

ჯგუფის მონაცემების საფუძველზე, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრის ასტრონომმა გარეტ უილიამსმა ახალი მთვარეების ორბიტები გამოთვალა. პროცესს ერთი წელი დასჭირდა.

ცხრა ახალი მთვარე იუპიტერის გარე ორბიტაზე პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით (რეტროგრადულად) მოძრაობს. შეჯგუფებული არიან სულ მცირე სამ სხვადასხვა ორბიტულ ჯგუფად. ასტრონომთა აზრით, უნდა წარმოადგენდნენ სამი დიდი სხეულის ნარჩენებს, რომლებიც ასტეროიდებთან, კომეტებთან ან სხვა მთვარეებთან შეჯახების შედეგად უნდა დამსხვრეულიყვნენ. რეტროგრადული მთვარეები იუპიტერის გარშემო ერთ შემოვლას ორ წელს ანდომებენ.

ორი მთვარე მიეკუთვნება იუპიტერის შიდა, პლანეტის ბრუნვის მიმართულებით მოძრავ (პროგრადულ) მთვარეთა ჯგუფს. ამ შიდა მთვარეებს ერთნაირი ორბიტული მანძილები და დახრილობა აქვთ. მკვლევართა აზრით, ისინი ერთი დიდი მთვარის ნამსხვრევებია. ორი ახალი მთვარე იუპიტერს გარს უვლის ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ.

რაც შეეხება მეთორმეტე ახალ მთვარეს, ის ნამდვილად უცნაურია და მისი ორბიტა იუპიტერის სხვა არც ერთი მთვარისას არ ჰგავს. შეპარდის თქმით, ის იუპიტერის ყველაზე პატარა თანამგზავრია და დიამეტრში დაახლოებით ერთ კილომეტრს აღწევს.

ეს უცნაური მთვარე იუპიტერს გარს უვლის წელიწად-ნახევარში ერთხელ და მისი ორბიტა კვეთს გარე რეტროგრადულ (იუპიტერის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ) მთვარეთა ორბიტებს.

მკვლევართა განცხადებით, არ არის გამორიცხული, მომავალში ეს უცნაური მთვარე სხვა, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მთვარეებს შეეჯახოს. სწორედ ამ გზით უნდა იყოს შორეულ წარსულში წარმოქმნილი მთვარეთა ეს ჯგუფიც.

გამომდინარე იქიდან, რომ ახლად აღმოჩენილი მთვარეების დიამეტრი 1-3 კილომეტრს შორის მერყეობს, იმყოფებიან გარშემორტყმული გაზისა და მტვრის გავლენის ქვეშ.

ახალი მთვარეებისთვის ასტრონომებს ჯერ სახელები არ შეურჩევიათ. ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ეკუთვნის.

მომზადებულია carnegiescience.edu-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი