ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ოთხი ანომალიურად გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს
ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ოთხი ანომალიურად გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს

ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო, ოთხი გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს. ასტრონომთა განცხადებით, ასეთი შემთხვევა ისტორიაში პირველია.

საქმე ეხება დედამიწიდან 500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ ვეშაპის CI-ს. ეს ვარსკვლავი მხოლოდ 2 მილიონი წლისაა და ჯერ კიდევ გარშემორტყმულია გაზისა და მტვრის ნაკადებით, რომელსაც პროტოპლანეტურ დისკოს უწოდებენ.

ასტრონომთათვის უკვე ცნობილი იყო ამ ვარსკვლავთან არსებული ერთი პლანეტის შესახებ, რომელიც იუპიტერზე 10-ჯერ მასიურია და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ ცხრა დღეში ერთხელ. ამ პლანეტას ვეშაპის CI b-ს უწოდებენ და ის პირველი ე. წ. ცხელი იუპიტერია, რომელიც ასე ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს.

ახალი კვლევის ფარგლებში, მკვლევრები ვეშაპის CI-ს და მის დისკოს ჩილეში მდებარე უმძლავრეს რადიოტელესკოპ ALMA-თი დააკვირდნენ. ასტრონომთა ცნობით, ALMA-მ დისკოში სამი დამატებითი ნაპრალი აღმოაჩინა, ვარსკვლავიდან 13, 39 და 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (ასტრონომიული ერთეული უდრის მანძილს მზესა და დედამიწას შორის, ანუ 150 მლნ კმ-ს).

ნაპრალები პროტოპლანეტურ დისკოში

შესაბამისად, როგორც ჩანს, პლანეტა ვეშაპის CI b-ს კიდევ სამი და-ძმა ჰყავს. ირკვევა ისიც, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტებიც გიგანტური ზომისაა. ჯგუფის მიერ ჩატარებული გათვლების მიხედვით, ყველაზე შიდა პლანეტა იუპიტერის მასისაა, გარე ორი კი სატურნის.

მკვლევართა თქმით, ასტრონომებს ჯერ არასდროს შეუნიშნავთ გაზის გიგანტი ასეთი პლანეტები ასე ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო. გარდა ამისა, უცნაურია ორბიტული დიაპაზონიც — ყველაზე გარე პლანეტა დედავარსკვლავისგან 1000-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე ყველაზე შიდა.

ასევე უცნობია, როგორ შეძლეს გარე პლანეტებმა ფორმების მიღება.

კვლევის ავტორის, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრის, კეტი კლარკის განცხადებით, სატურნის მასის პლანეტები წარმოიქმნებიან მყარი ბირთვის გარშემო, რომლის ირგვლივაც თანდათან ეწყობა გაზის ფენები, მაგრამ მიჩნეულია, რომ ვარსკვლავიდან დიდ მანძილზე ეს პროცესი ძალიან ნელია. მისივე თქმით, კომპიუტერულ მოდელთა დიდი ნაწილი ამ მასის პლანეტების ასეთ შორ მანძილზე წარმოქმნას ვერ ხსნის.

მკვლევართა განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ სისტემის შესწავლა სხვა ტელესკოპებით, ტალღის სხვადასხვა სიგრძეებში. ასტრონომები შეეცდებიან მეტი დეტალი გაარკვიონ ვარსკვლავის, მისი პლანეტებისა და დისკოს შესახებ, რამაც შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს პლანეტათა ფორმაციის ამჟამინდელი მოდელები.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.