ახლომდებარე ვარსკვლავთან სიცოცხლისათვის სავარაუდოდ ხელსაყრელი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
ახლომდებარე ვარსკვლავთან სიცოცხლისათვის სავარაუდოდ ხელსაყრელი ორი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი ორი ახალი ეგზოპლანეტა იპოვეს. ორივე მათგანი ძლიერ ჰგავს დედამიწას და შედის ჩვენთვის ცნობილ იმ 19 ეგზოპლანეტის სიაში, რომლებზეც სავარაუდოდ სასიცოცხლო გარემოა.

გარს უვლიან ვერძის თანავარსკვლავედში, სულ რაღაც 12,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს. აღსანიშნავია, რომ ამ ორიდან ერთი პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე მეტად უნდა ჰგავდეს დედამიწას.

„ორივე პლანეტა ჰგავს მზის სისტემის შიდა პლანეტებს. ისინი დედამიწაზე ოდნავ მძიმეა და მდებარეობენ ე. წ. სასიცოცხლო ზონაში, სადაც შესაძლებელია ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მათიას ზეხმაისტერი.

მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ამ პლანეტების დედავარსკვლავი, რომელსაც ტიგარდენის ვარსკვლავს უწოდებენ, მხოლოდ 2003 წელს აღმოაჩინეს. ის ჩვენს მზეზე დაახლოებით ათჯერ მსუბუქი და ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვარსკვლავია, წითელი ჯუჯას ტიპის; ასაკით 8 მილიარდი წლისაა და კვლევებისთვის საკმაოდ გამომწვევი.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მსგავს ვარსკვლავთა გარშემო არსებული პლანეტური სისტემების აღმოსაჩენად ყოველთვის იყენებენ ტრანზიტის მეთოდს, ანუ, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის წინ ჩაივლის და დედამიწიდან დამკვირვებელთათვის ბლოკავს ვარსკვლავის სინათლის გარკვეულ ნაწილს.

თუმცა, ტიგარდენის ვარსკვლავის სისუსტე და განლაგება ამ მეთოდის გამოყენების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, ასტრონომებმა გამოიყენეს უახლესი თაობის ტელესკოპი CARMENES-ი, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისათვის შეიქმნა. ეს ინსტრუმენტი განთავსებულია ესპანეთის კალარ-ალტოს ობსერვატორიაში და ასტრონომებს საშუალებას აძლევს მინი-ვარსკვლავებში ნებისმიერი ცვლილება შენიშნონ ე. წ. რადიალური სიჩქარის მეთოდით.

სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ახლო დაკვირვებების ფარგლებში, რა დროსაც ასტრონომები მის გარშემო მოძრავ ობიექტთა მიერ გამოწვეულ ნებისმიერ რხევებს ეძებდნენ, 200-ზე მეტმა გაზომვამ მიუთითა ორი ახალი პლანეტის არსებობის შესახებ; მათ ტიგარდენ b და ტიგარდენ c უწოდეს.

მკვლევართა განცხადებით, ტიგარდენ b შიდა პლანეტაა; მის ზედაპირზე ზომიერი გარემოს არსებობის შანსი 60 პროცენტია. ზედაპირის ტემპერატურა 0-60 გრადუს ცელსიუსს შორის უნდა იყოს, სავარაუდოდ 28 °C. რაც შეეხება ტიგარდენ c-ს, ის ვარსკვლავისგან უფრო შორსაა და მისი ზედაპირის ტემპერატურა მარსისას უნდა ჰგავდეს, -47°C.

მათი მინიმალური მასიდან და ვარსკვლავისგან მიღებული რადიაციიდან გამომდინარე, ორივე ეგზოპლანეტა სასიცოცხლოდ ვარგის პლანეტათა კატალოგში შეიტანეს. უფრო მეტიც, ტიგარდენ b-ს მიანიჭეს დედამიწასთან მსგავსების ინდექსის (ESI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

მართალია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ორივე პლანეტა სიცოცხლისთვის მართლაც ხელსაყრელია, მაგრამ ნამდვილად არის იმედისმომცემი ნიშანი. როგორც ზეხმაისტერმა The Guardian-ს განუცხადა, თუკი ამ პლანეტებს ატმოსფეროც აქვთ, ისინი სიცოცხლისთვის საკმაოდ ხელსაყრელი უნდა იყოს.

ჰავაის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ლორენ ვაისმა, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, National Geographic-ს უთხრა, რომ შემოწმება სჭირდება გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ იგი მოხიბლულია მონაცემთა საერთო ხარისხით.

აღმომჩენი ჯგუფის გათვლებით, ტიგარდენ b დედავარსკვლავის გარშემო შემოვლას 4,9 დღეს ანდომებს, ტიგარდენ c კი 11,4 დღეს. თუმცა, ვაისის აზრით, ორბიტაზე ისინი უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდნენ, რაც სიცოცხლისუნარიანობის შანსს უდავოდ ამცირებს.

ტიგარდენის ვარსკვლავი მზის 24-ე უახლოესი მეზობელია; გარდა ამისა, ის მეოთხე უახლოესი ვარსკვლავის პოტენციურად სიცოცხლისუნარიანი პლანეტებით, რაც მისი დამატებითი კვლევების აუცილებლობაზე მიუთითებს.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი