ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ მილიარდობით მოხეტიალე პლანეტა დაჰქრის
ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ მილიარდობით მოხეტიალე პლანეტა დაჰქრის

ხშირად ვფიქრობთ, რომ პლანეტები აკურატულად არის მოწესრიგებული სისტემებში, ზუსტად ისე, როგორც მზის სისტემა. თუმცა, ასტრონომები ხანდახან რაღაც უცნაურის მომსწრეც ხდებიან — პოულობენ მოხეტიალე პლანეტებს, რომლებიც არც ერთ ვარსკვლავურ სისტემასთან არ არიან მიბმული და ეულად დაეხეტებიან გალაქტიკაში.

ახალი კვლევების საფუძველზე, ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, ჩვენს გალაქტიკაში იმაზე მეტი ასეთი პლანეტაა, ვიდრე ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა. ახალმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა გამოააშკარავა, რომ ირმის ნახტომში მილიარდობით მოხეტიალე პლანეტა უნდა იყოს.

ეგზოპლანეტების ძებნა საკმაოდ რთული საქმეა, თუნდაც ისინი პლანეტურ სისტემებში იყვნენ მოთავსებული. პლანეტები საკუთარ სინათლეს არ გამოყოფენ და შესაბამისად, მათ საპოვნელად საჭიროა სხვა მეთოდი.

ამ შემთხვევაში, როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, არსებობს მისი დაფიქსირების ორი ძირითადი მეთოდი. ერთ-ერთი მათგანია რადიალური სიჩქარის მეთოდი, რომელიც აფიქსირებს პლანეტის გრავიტაციულ ეფექტს ვარსკვლავზე. მეორეა ტრანზიტის მეთოდი, როცა ვაფიქსირებთ ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელებას, რომელიც გამოწვეულია ამ ვარსკვლავის წინ პლანეტის ჩავლით.

როგორც ხედავთ, ორივე ეს მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ მაშინ, როცა სისტემაში არსებობს ვარსკვლავი. შესაბამისად, ორივე მათგანი უსარგებლოა მოხეტიალე პლანეტათა საპოვნელად. თუმცა, ამ მოხეტიალეთა დასაფიქსირებლად გარკვეული გზები მაინც არსებობს. მაგალითად, შარშან, ორი მოხეტიალე პლანეტა დააფიქსირეს იმიტომ, რომ მათი გრავიტაცია მათი უკნიდან მომავალ სინათლეს ამრუდებდა. ასეთ პლანეტათა გარკვეული ნაწილი ინფრაწითელი ვიზუალიზაციის გზით დააფიქსირეს.

საერთო ჯამში, ამ დროისათვის დაფიქსირებულია 20 მოხეტიალე პლანეტა. შედარებისათვის — სულ ჩვენთვის ცნობილია 3917 ისეთი ეგზოპლანეტა, რომლებიც პლანეტურ სისტემებში არიან მოთავსებული.

გამომდინარე აქედან, იმის გასარკვევად, თუ რამდენი მოხეტიალე პლანეტა შეიძლება არსებობდეს გალაქტიკაში, ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ჩაატარეს ღია ვარსკვლავთგროვა ორიონის ტრაპეციის დახვეწილი მათემატიკური სიმულაციები. ეს გროვა მდებარეობს ორიონის ნისლეულის შუაგულში და შედგება ახალგაზრდა ვარსკვლავებისაგან.

მოდელირებულ იქნა მზის მსგავსი ხუთასი ვარსკვლავი, რომელთაგან თითოეულს ოთხი, ხუთი ან ექვსი პლანეტა უნდა ჰყოლოდა, საერთო ჯამში 2522 პლანეტა. მასები მერყეობდა სამი დედამიწის მასიდან 130 იუპიტერის მასამდე (დაახლოებით ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის ზომა).

წარმოქმნიდან 11 მილიონი წლის ფარგლებში, ამ პლანეტებიდან 357 (16,5 პროცენტი) თავიანთ სისტემებს მოსწყდა და თავისუფლად დრეიფი დაიწყო. მათგან რამდენიმე ერთეული გროვაში დარჩა, ხუთი სხვა პლანეტურმა სისტემებმა დაიჭირეს, მაგრამ უმეტესობა, 282 პლანეტა გროვიდან სრულად გაიქცა.

საინტერესოა, რომ 2522 პლანეტიდან 75 თავის დედავარსკვლავს შეეჯახა, 34 კი სხვა პლანეტას.

მეცნიერთა მიერ სინამდვილეში აღმოჩენილ მოხეტიალე პლანეტათა უმეტესობა მასით დიდია. თუმცა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პლანეტის მასას გავლენა არ უნდა ჰქონდეს სისტემიდან მისი ამოგდების ალბათობაზე.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მოხეტიალე პლანეტათა ზომების დიაპაზონი დაახლოებით იგივეა, რაც სისტემებში გადანაწილებული პლანეტების შემთხვევაში. სავარაუდოდ, არსებობს ძალიან პატარა მოხეტიალე პლანეტებიც, რომელთა დაფიქსირებაც უფრო რთულია.

თუკი 16,5 პროცენტიან მაჩვენებელს (სიმულაციისას გამოვლენილ მოხეტიალე პლანეტათა ოდენობა) მთელ ირმის ნახტომს მოვარგებთ (რაც შესაძლებელიცაა, რადგან ტრაპეციის გროვა საკმაოდ ტიპური ვარსკვლავური ინკუბატორია), გამოდის, რომ ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე 16,5 მილიარდი მოხეტიალე პლანეტა დაჰქრის. საერთო ჯამში კი, ირმის ნახტომში სულ მცირე 100 მილიარდი პლანეტა უნდა არსებობდეს.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ ერთ დროს მზის სისტემასაც ჰყავდა დამატებითი პლანეტა, რომელიც შემდეგ გაიქცა. ასტრონომთა ერთი ნაწილის აზრით, ურანის უცნაური დახრილობა საკუთარი ღერძისადმი შესაძლოა, გამოწვეული იყოს მოხეტიალე პლანეტასთან შეჯახებით. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტაც მოხეტიალე იყო, მაგრამ გარკვეულ მანძილზე მოახლოების შემდეგ, ის ჩვენმა მზემ დაიჭირა.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, კვლევა ეფუძნება მხოლოდ ორ სიმულაციას, შესაბამისად, შედეგები საბოლოო არაა. თუმცა, სიმულაციური მტკიცებულება აშკარად მიუთითებს, რომ მოხეტიალე პლანეტები იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ამაზე დაკვირვებადი მტკიცებულებები მიუთითებს.

და ბოლოს, მსგავსი შედეგები კარს უხსნის წარმოსახვას — როგორ დაეხეტებიან ცივი, ეული პლანეტები კოსმოსში, თავიანთ დედავარსკვლავთა სითბოსგან ძალიან შორს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი