მეცხრე პლანეტის რეალურობას ახალი მტკიცებულებები ემატება - სად იმალება გიგანტური პლანეტა
მეცხრე პლანეტის რეალურობას ახალი მტკიცებულებები ემატება - სად იმალება გიგანტური პლანეტა

გახსოვთ ის დრო, როცა მზის სისტემა ძალიან მარტივი იყო? როცა უცბად ზეპირად შეგეძლოთ ჩამოგეთვალათ მზის სისტემის პლანეტებისა და სხვა დიდი სხეულების სახელები. თუმცა, ასტრონომებმა ყველაფერი აურ-დაურიეს. სხვა გზა არც ჰქონდათ.

ამჟამად მზის სისტემა გადავსებულია ჯუჯა პლანეტებით, ასტეროიდებით, კომეტებით, მთვარეებით. სავარაუდოდ, საგულდაგულოდ გვემალება მეცხრე პლანეტაც, რომელსაც როგორც ჩანს, ძალიან მალე ვიპოვით.

მთელ ამ არეულობაში დამნაშავეა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი მაიკ ბრაუნი. თუ ერთ დროს პლუტონის თაყვანისმცემელი იყავით, გეტყვით, რომ სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა ისიც, რომ პლუტონს დღეს პლანეტის სტატუსი აღარ აქვს.

თუმცა, ბრაუნის ამჟამინდელმა საქმიანობამ შესაძლოა, პლუტონის დანაკარგი მალე გადაფაროს. 2016 წელს მან მეცხრე პლანეტის ჩამნაცვლებლის შესახებ მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო. მისი აზრით, ეს პლანეტა მზის სისტემის შორეულ, გარე ნაწილში უნდა მოძრაობდეს.

საინტერესოა, რატომ გვიხდება ლოდინი ამდენ ხანს? არის თუ არა იქ ეს პლანეტა? სამწუხაროდ, პლანეტებზე ნადირობა არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება გეგონოთ. ასტრონომები გულმოდგინედ უთვალთვალებენ სინათლის ნაწილაკებს, რაც ხშირად პლანეტათა მანიშნებელია.

თუმცა, ეს ყველაფერი რთულდება მზის სისტემის შორეულ ნაწილში, წყვდიადში. იქ მათი დაფიქსირება მოითხოვს მოთმინებას, დაუღალავ შრომასა და ძალიან ბევრ სტატისტიკას.

ეჭვები დამალული მეცხრე პლანეტის შესახებ პირველად მაშინ გაჩნდა, როცა ბრაუნმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ მზის სისტემის შორეულ ნაწილში, ე. წ. კოიპერის სარტყელში, საკმაოდ ბევრი ობიექტი იქ არ მდებარეობს, სადაც წესით უნდა იყოს.

ამის მიზეზი კი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს. შეიძლება, მოლოდინები მცდარია. შესაძლებელია ისიც, რომ მათი მონაცემები კოიპერის სარტყლის ობიექტთა შესახებ გარკვეულ შეცდომებს შეიცავს. მაგრამ შესაძლებელია იქ მართლაც არის უხილავი მასა, რომელიც მცირე ობიექტთა ორბიტებს აქეთ-იქით არხევს.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერები ერთმანეთის მიყოლებით გვთავაზობდნენ ალტერნატიულ ახსნებს იმის იმედით, რომ მეცხრე პლანეტა უკანასკნელი ჰიპოთეზა დარჩებოდა.

ბოლო პერიოდში ბრაუნი თავის კოლეგა კონსტანტინ ბატიგინთან ერთად მუშაობს. მათ შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლითაც კოიპერის სარტყლის ობიექტების ინდივდუალურ გაზომვაში ცდომილების პოტენციალი უნდა განსაზღვრონ.

ახალ ანალიზებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მხოლოდ 0,2-პროცენტიანი შანსია იმისა, ციცქნა, ყინულოვან ობიექტთა გროვები ამ გზით შემთხვევით მოძრაობდნენ, რაც კიდევ უფრო სავარაუდოს ხდის, რომ მათ ასეთ განლაგებაზე რაღაც სხვა ობიექტია პასუხისმგებელი.

„ეს ანალიზები პირდაპირ არ მეტყველებს, რომ იქ მართლაც მეცხრე პლანეტა მოძრაობს, მაგრამ ამ ჰიპოთეზას ნამდვილად უყრის სერიოზულ საფუძველს“, — ამბობს ბატიგინი.

წინა კვლევები კი მეტყველებს, რომ ეს რაღაც ნამდვილად შეიძლება იყოს პლანეტა.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს პლანეტა დედამიწას მასით ათჯერ აღემატებოდა, ზომით კი ოთხჯერ. მისი ორბიტა კი პლუტონზე 75-ჯერ შორს უნდა ყოფილიყო.

თუმცა, როგორც ახალი ანალიზები მიუთითებს, მეცხრე პლანეტა არც ასე შორსაა და იმაზე პატარაა, ვიდრე გვეგონა.

„მას ხუთი დედამიწის მასა აქვს და ძალიან ჰგავს მზის სისტემის მიღმა არსებულ სუპერდედამიწებს“, — აღნიშნავს ბატიგინი.

ათასობით კომპიუტერული სიმულაციის წყალობით, მათ შექმნეს მზის სისტემის კიდეების მოდელები. სიმულაციებმა მიუთითა პლანეტის სავარაუდო ზომასა და ორბიტაზეც.

ირკვევა ისიც, რომ მას უნდა ჰქონდეს ელიფსური ორბიტა, რომელიც მზისგან სავარაუდოდ 400-800 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. ასტრონომიული ერთეული ეწოდება მანძილს მზესა და დედამიწას შორის.

პლუტონის ორბიტა 30-50 ასტრონომიულ ერთეულს შორის მერყეობს. შესაბამისად, მარტივი წარმოსადგენია, რამდენად შორს არის ეს ჰიპოთეტური პლანეტა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მზის სისტემის ამ დროისთვის ყველაზე შორეული ობიექტი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს და ის ჩვენი დედავარსკვლავისგან 140 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.

მტკიცებულებები მეცხრე პლანეტის შესახებ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ისინი ჯერ მაინც არაპირდაპირია.

ბატიგინის თქმით, მეცხრე პლანეტის ჰიპოთეზა დაკვირვებებით შემოწმებადია. იგი დარწმუნებულია, რომ მისი არსებობა უახლოეს ათწლეულში საბოლოოდ დადასტურდება.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.