რატომ აღარ არის პლუტონი პლანეტა
რატომ აღარ არის პლუტონი პლანეტა

2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ყველასთვის საყვარელ პლუტონს მზის სისტემის მეცხრე პლანეტის სტატუსი ჩამოართვა და რიგით ჯუჯა პლანეტათა სიაში გადაიტანა.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი მაშინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, საზოგადოების როგორი აღშფოთება მოჰყვებოდა მის ამ გადაწყვეტილებას. განცხადების შემდეგ, მრავალი ადამიანი მთელი მსოფლიოდან იშველიებდა პლანეტის განსაზღვრების პრინციპს (და ეს 12 წლის შემდეგაც გრძელდება) და აღნიშნავდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიასა და ტრადიციას ცვლიდა და სულაც არ იყო ნაკარნახევი სამცნიერო მოტივებით.

გამომდინარე აქედან, საინტერესოა, რა პრინციპით იხელმძღვანელა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლუტონის ჩამოქვეითებისას? რატომ აღარ არის პლუტონი პლანეტა?

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის გენერალური ასამბლეის მთავარი მოვლენა, ანუ პლუტონისთვის სტატუსის ჩამორთმევა, გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა დანარჩენი მზის სისტემისთვისაც.


კავშირის წევრთა შორის ცხარე დებატების შემდეგ, საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელმაც განსაზღვრა ტერმინი „პლანეტა“. მზის სისტემის დიდი ობიექტების განსაზღვრებისთვის გამოყენებული ერთ დროს გაურკვეველი სიტყვა ახლა გაცილებით სპეციფიკური გახდა: პლანეტა არის ციური სხეული, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რათა მზის გარშემო გრავიტაციულ ორბიტაზე მოძრაობის წყალობით მრგვალი ფორმა მიიღოს და თავისგან მოშორებით გაისროლოს ახლომდებარე პლანეტური სხეულები და ნარჩენები.

პლუტონი ამჟამად ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირებულია იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მეორე კრიტერიუმს. მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომისა, რომელიც მას სფერულ ფორმას აძლევს, პლუტონი არც იმდენად დიდია, რომ გააჩნდეს ორბიტული დომინირება და მოასუფთაოს თავის ორბიტის სამეზობლო სივრცე.

2006 წლის რეზოლუციამდე, ტერმინ „პლანეტას“ არ ჰქონდა მუშა განსაზღვრება და ეყრდნობოდა სამყაროს თანამედროვე ძირითად აღმოჩენებამდე არსებულ კლასიფიკაციებს. ასეთი აღმოჩენები კი მოწინავე ტექნოლოგიების კვალდაკვალ სულ უფრო ინტენსიური ხდება.

ბევრი ადამიანისთვის, პლუტონის ჩამოქვეითება ტრადიციიდან გადახვევაა. დიახ, ეს ზუსტად ასეც არის — წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი ახალი სინათლისკენ, ახალი ცოდნისკენ, სამყაროს შეცვლის პერსპექტივებისკენ.

მომზადებულია britannica.com-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი