პლუტონი ატმოსფეროს თანდათან კარგავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პლუტონი ატმოსფეროს თანდათან კარგავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ციური სხეულისთვის ატმოსფეროს შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის, ამაში მარსიც დაგვემოწმება. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მზისგან სულ უფრო დაშორების კვალდაკვალ, თანდათან ქრება და ყინულად გარდაიქმნება პლუტონს გარსშემორტყმული აირებიც.

პლუტონის ისედაც თხელი ატმოსფერო დიდწილად აზოტისგან შედგება, მცირე ოდენობით არის მეთანი და ნახშირჟანგიც (ნახშირბადის მონოოქსიდი). როგორც ჩანს, ზედაპირზე ტემპერატურის შემცირება აზოტის კვლავ გაყინვას იწვევს, რაც ატმოსფეროს მილევას განაპირობებს.

ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ე. წ. დაჩრდილვის მეთოდით მივიდნენ: შორეული ვარსკვლავი ტელესკოპისათვის ფონურ სინათლედ გამოიყენეს, რათა გაერკვიათ, რა ხდება პლუტონზე. ეს მეთოდი ასტრონომიაში საკმაოდ გამოცდილი და ფართოდ გამოყენებადია.

„პლუტონის ატმოსფეროს ცვლილებათა მონიტორინგისთვის მეცნიერები დაჩრდილვას 1988 წლიდან იყენებენ“, — ამბობს ტეხასის სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის (SwRI) პლანეტური მეცნიერი ელიოტ იუნგი.

მისი განცხადებით, მისია New Horizons-მა 2015 წლის გადაფრენისას პლუტონის ატმოსფეროს სიმკვრივის ბრწყინვალე პროფილი მოგვაწოდა, რაც შესაბამისობაშია ყოველ ათწლეულში პლუტონის ატმოსფეროს გაორმაგებასთან, მაგრამ 2018 წელს ჩატარებული დაკვირვებები აჩვენებს, რომ 2015 წლიდან ასეთი ტენდენცია აღარ გრძელდება.

პლუტონის ატმოსფერო წარმოქმნილია ზედაპირიდან ყინულის აორთქლების შედეგად; შესაბამისად, მცირე ტემპერატურული ცვლილებები ატმოსფეროს სიმკვრივის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. ჩვენთვის ცნობილი უდიდესი აზოტის მყინვარია სპუტნიკ-პლანიტია, რომელიც პლუტონის ზედაპირზე გამოსახული გულის ფორმის ზონის, ტომბო-რეჯიოს დასავლეთ ნაწილს შეადგენს.

ამ ჯუჯა პლანეტას მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის ამჟამად 248 წელი სჭირდება; ერთ წერტილში ის მზესთან 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეც მიდის, ანუ 30-ჯერ უფრო შორს, ვიდრე მზესა და დედამიწას შორის მანძილია.

თუმცა, ეს მანძილი თანდათან იზრდება და შესაბამისად, პლუტონზე სულ უფრო ნაკლები სინათლე ხვდება და ტემპერატურაც ეცემა. 2015 წელს პლუტონის ატმოსფეროს სიმკვრივეში შემჩნეული ზრდის მიზეზი სავარაუდოდ არის თერმული ინერცია — აზოტის მყინვარებში ჩაჭედილი ნარჩენი სითბო, რასაც დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა პლუტონსა და მზეს შორის მანძილის ზრდაზე.

„ამის ანალოგია მზის მიერ პლაჟზე ქვიშის გათბობა. მზის სინათლე ყველაზე ძლიერი შუადღისით არის, მაგრამ შუადღის შემდეგ მზე სითბოს შთანთქმას იწყებს და ამიტომ, ის ყველაზე ცხელი შუადღის შემდეგ არის“, — ამბობს ტეხასის სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის (SwRI) პლანეტური მეცნიერი ლესლი იუნგი.

პლუტონი შეიძლება უკვე აღარ ითვლებოდეს პლანეტად, რაც ასტრონომებს შორის დღემდე გარკვეული უთანხმოების საგანია, მაგრამ მაინც რჩება ასტრონომთა ინტერესის საგან პლანეტურ სხეულად. ამ შორეული ობიექტის შესახებ გამუდმებით ახალ ცნობებს ვიგებთ.

ბოლო წლებში, ასტრონომები დარწმუნდნენ, რომ პლუტონზე არის თოვლით დაფარული მთები, ზედაპირქვეშ კი თხევადი ოკეანეები; ამ ორ აღმოჩენას ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ჯუჯა პლანეტის ატმოსფეროს მოქმედების შესახებ. ორივე აღმოჩენა 2015 წელს, ხომალდმა New Horizons-მა გააკეთა პლუტონის თავზე გადაფრენისას.

კვლევის შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პლანეტური მეცნიერების განყოფილების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

მომზადებულია swri.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.