ნასას ხელმძღვანელის აზრით, პლუტონი პლანეტაა - ცხელი დისკუსია ხელახლა იწყება
ნასას ხელმძღვანელის აზრით, პლუტონი პლანეტაა - ცხელი დისკუსია ხელახლა იწყება

24 აგვისტოს პლანეტური მეცნიერების საზოგადოებამ ერთი მეტად არასასიამოვნო საიუბილეო თარიღი იზეიმა. 13 წლის წინ, ამ დღეს ოფიციალურად შეიცვალა პლუტონის განსაზღვრება — სხეული, რომელიც მზის სისტემის პლანეტათა ოჯახს მიეკუთვნებოდა, ამ დღის შემდეგ ჯუჯა პლანეტათა რიგებს შეუერთდა.

თუმცა, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება. მათ შორის არის ნასას ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსტაინიც.

„რომ იცოდეთ, ჩემი აზრით, პლუტონი პლანეტაა. უბრალოდ, მე ასე მასწავლეს და ამის ერთგული ვრჩები“, — განაცხადა ბრაიდენსტაინმა კოლორადოს უნივერსიტეტში გამოსვლისას.

ნასას ხელმძღვანელის ასეთი შეხედულება ოფიციალურად არაფერს ცვლის, საკმაოდ მარტივია მისი მსჯელობაც — ის, რომ რაღაც სხვანაირად ისწავლე, სულაც არ ნიშნავს, რომ მას ჯიუტად იცავდე. გაიხსენეთ გეოცენტრიზმი.

თუმცა, პლუტონის ირგვლივ უკვე წლებია კამათი მიმდინარეობს პლანეტურ მეცნიერთა შორისაც, მათი არგუმენტები გაცილებით ლოგიკურია.

როცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლუტონს 2006 წელს მზის სისტემის მეცხრე პლანეტის სტატუსი ჩამოართვა, დაიწყო მსჯელობა პლანეტებისა და ჯუჯა პლანეტების ოფიციალური განსაზღვრების შესახებ.

მანამდე ამ ობიექტთა ოფიციალური განსაზღვრება არ არსებობდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა მაიკ ბრაუნმა და მისმა კოლეგებმა პლუტონზე დიდი ობიექტი აღმოაჩინეს (შემდეგში ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტათა რიგებს მიაკუთვნეს და ერისი უწოდეს).

საინტერესოა, რა იყო განსხვავება პლანეტასა და ჯუჯა პლანეტას შორის, რამაც პლუტონის სტატუსის ცვლილება გამოიწვია? — კოიპერის სარტყლის ასტეროიდთა ველის ობიექტთა მსგავსად, პლუტონი თავისი ორბიტის მიდებარე ტერიტორიას ვერ ასუფთავებს სხვა კლდოვანი ნამსხვრევებისგან.

ეს კი ასტრონომებს დიდად დაეხმარა გადაეჭრათ პრობლემა, რომელიც პლუტონის ზომის სხვა ობიექტებმა გაუჩინა; ამ სხეულთა ოდენობა კი ასობითაა. თუკი პლუტონს პლანეტათა კლუბში დავტოვებდით, რას ვუპირებდით დანარჩენ ობიექტებს?

პლუტონისათვის სტატუსის ჩამორთმევამ მაშინ სასტიკად აღაშფოთა ნასას პლანეტური მეცნიერი, „ნიუ-ჰორაიზონსის“ მისიის ხელმძღვანელი ალან სტერნი.

„ჩემი აზრით, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ შემოტანილი განსაზღვრება გამოუსადეგარი და მიუღებელია. „ნიუ-ჰორაიზონსის“ პროექტი და ალბათ ათასობით სხვა ასტრონომი საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ შემოტანილ პლანეტის ახალ განსაზღვრებას არ ვაღიარებთ“, — წერდა მაშინ სტერნი.

ალან სტერნი მართლაც ასე მოიქცა. 2019 წლის დასაწყისში, მან დებატები გამართა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წარმომადგენელ რონ ეკრსთან, რომელშიც ხმალამოღებული იცავდა პლუტონის პლანეტურ სტატუსს.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 9000 წევრიდან ხმა მისცა მხოლოდ 424-მა, ასობით პლანეტურმა მეცნიერმა კი რეზოლუციის წინააღმდეგ პეტიცია გახსნეს.

პლუტონს აქვს მრავალშრიანი ატმოსფერო, ორგანული ნაერთები, ამინდი, საკუთარი მთვარეები.

აქვს ლანდშაფტიც — კლდოვანი მთის მასივები და ვრცელი ვაკეები. პლუტონზე არის ზვავებიც, სავარაუდოდ მიწისძვრებიც და თხევადი ზედაპირქვეშა ოკეანეებიც. შესაბამისად, პლუტონის დამცველ მეცნიერთა აზრით, ორბიტის მოსუფთავებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება აზრსმოკლებულია.

მეცნიერთა განცხადებით, ეს არგუმენტი უადგილოა იმიტომაც, რომ ორბიტულ სამეზობლოს ზოგიერთი სხვა პლანეტაც ვერ ასუფთავებს. მაგალითად, მრავალი ასტეროიდია დედამიწისა და იუპიტერის ორბიტებზეც (თუმცა არა იმდენი, რამდენიც კოიპერის სარტყელში).

შარშან, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტად უნდა განისაზღვროს ობიექტი, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რათა სფერული ფორმა მიიღოს.

„როგორც ჩანს, პლანეტური სხეულის ევოლუციაში ეს მომენტი გარდამტეხია, რადგან როცა ეს ხდება, სხეულში იწვევს აქტიური გეოლოგიური პროცესების დაწყებას“, — განმარტავს პლანეტური მეცნიერი ფილიპ მეცგერი.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს; პოზიციებს ჯიუტად იცავენ პლუტონის მხარდამჭერებიც. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელთა რიგებს ნასას ხელმძღვანელიც შეუერთდა, ცხადია, კამათი კიდევ უფრო გამწვავდება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი