პლუტონს შესაძლოა, პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს
პლუტონს შესაძლოა, პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს

12 წელი გავიდა, რაც ყველასათვის საყვარელმა ჯუჯა პლანეტა პლუტონმა პლანეტის სტატუსი დაკარგა. მას შემდეგ არ წყდება კამათი, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მართებული.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც პლუტონი ჩამოაქვეითეს, არასწორია. შესაბამისად, ისინი პლუტონისთვის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლუტონს პლანეტის სტატუსი ოფიციალურად 2006 წლის აგვისტოში შეუჩერა, მას შემდეგ, რაც ასტრონომიის ექსპერტთა გლობალურმა ჯგუფმა პლანტისადმი წაყენებული მოთხოვნები განაახლა, კონკრეტულად კი დაამატა მესამე კრიტერიუმი.

ახალი განსაზღვრების მიხედვით:

„(ა) ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს, (ბ) აქვს საკმარისი მასა გრავიტაციისთვის, რათა დაძლიოს საკუთარი უხეში სხეული და გადავიდეს ჰიდროსტატიკური ეკვილიბრუმის (თითქმის მრგვალ) ფორმაში, (გ) და მოსუფთავებული აქვს ორბიტის გარშემო სამეზობლო“.

მესამე კრიტერიუმი ნიშნავს იმას, რომ ობიექტი დომინანტი უნდა იყოს თავის ორბიტულ გზაზე და ჰქონდეს საკმარისი მასა, რათა ამ ზონიდან მოიშოროს მოფარფატე კოსმოსური ნამსხვრებები.

მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი პირველ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა პლანეტად ჩაითვალოს, ვერ ასრულებს მესამე მოთხოვნას ორბიტის მოსუფთავებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კოიპერის სარტყლის მრავალ სხვა სხეულთან იზიარებს.

მაგრამ როგორც ახალი კვლევა იუწყება, ამ კრიტერიუმს მხარს არ უჭერს სამეცნიერო ლიტერატურა.

გასული 200 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების გადახედვისა და ანალიზის შემდეგ, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა 1802 წელს გამოქვეყნებული ერთადერთი პუბლიკაცია, რომელიც პლანეტის კლასიფიცირებისთვის ორბიტის მოსუფთავების მოთხოვნას იყენებდა. ისიც ეყრდნობოდა მიზეზს, რომელიც შემდეგ უარყვეს.

„საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა უნდა აღიაროს, რომ პლანეტარული მეცნიერების ფუნდამენტური სხეულის, პლანეტის განსაზღვრება ამჟამად ეფუძნება კონცეპტს, რომელსაც კვლევებში არავინ იყენებს. ეს განსაზღვრება თამაშგარეთ ტოვებს მზის სისტემის მეორე ყველაზე კომპლექსურ, საინტერესო პლანეტას“, — ამბობს კვლევის ავტორი ფილიპ მეზგერი.

გარდა ამისა, ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ჯერ კიდევ გალილეოს ეპოქიდან, სატურნის მთვარე ტიტანსა და იუპიტერის მთვარე ევროპას, მეცნიერები რუტინულად ეძახიან პლანეტას.

„ხელთ გვაქვს პლანეტარულ მეცნიერთა მიერ ბოლო ხანებში სიტყვა პლანეტის იმგვარად გამოყენებული 100-ზე მეტი მაგალითი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტებას. ისინი ასე იმიტომ იქცევიან, რომ ეს მიდგომა ფუნქციურად სასარგებლოა“, — აღნიშნავს მეზგერი.

მისი თქმით, ეს განსაზღვრება აბსურდულია და საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ორბიტის მოსუფთავებაში. თუკი მას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, გამოდის, რომ მზის სისტემაში პლანეტები არ არსებობს, რადგან ორბიტას არც ერთი მათგანი არ ასუფთავებს.

როგორც მეზგერი აღნიშნავს, როცა საერთაშორისო ასტრონოიულმა კავშირმა 2006 წელს ეს ცვლილება განახორციელა, აცხადებდა, რომ ორბიტის მოსუფთავება სტანდარტული განსაზღვრება იყო, რომელსაც მეცნიერები ასტეროიდების პლანეტებისგან გასარჩევად იყენებდნენ. მაგრამ როგორც მათი მიმოხილვა ცხადყოფს, ეს მიდგომა არამართებულია.

კვლევის თანაავტორის, კირიბ რანიონის თქმით, ასეთი მიდგომა ისტორიულად მცდარია და შესაბამისად, ის პლუტონზე არ უნდა გავრცელდეს.

ჯგუფის მტკიცებით, პლანეტის განსაზღვრება უნდა მოხდეს მის შიდა მასახიათებლებზე დაყრდნობით და არა ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც იცვლება, მაგალითად ორბიტის დინამიკა.

„დინამიკა მუდმივი არ არის, ის გამუდმებით იცვლება. შესაბამისად, ის არ გახლავთ სხეულის ფუნდამენტური აღმწერი და წარმოადგენს სხეულის მდგომარეობას მხოლოდ ამჟამინდელ ეპოქაში“, — აღნიშნავს მეზგერი.

ამის ნაცვლად, ჯგუფის რეკომენდაციით, პლანეტის კლასიფიკაცია უნდა მოხდეს მარტივად — თუკი ის იმდენად დიდია, რომ გრავიტაცია მას სფერულ ფორმას აძლევს. ამავე დროს აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს მომენტი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია პლანეტური სხეულის ევოლუციაში, რადგან განაპირობებს ამ სხეულის გეოლოგიას.

მეზგერის განცხადებით, მაგალითად გამოდგება ისიც, რომ პლუტონს აქვს ზედაპირქვეშა ოკეანე, მრავალფენიანი ატმოსფერო, ორგანული ნაერთები, უძველესი ტბებისა და მრავალი მთვარის მტკიცებულებები.

„ის გაცილებით დინამიკური და ცოცხალია, ვიდრე მარსი. ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც დედამიწაზე უფრო კომპლექსური გეოლოგია აქვს“.

რა თქმა უნდა, ვერც ეს ახალი კვლევა მოუღებს ბოლოს დაუსრულებელ დებატებს უახლოეს ხანში და ალბათ, მალე ვიხილავთ სხვა მკვლევართა განსხვავებულ პასუხებსაც.

კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.