ბუნებრივი თანამგზავრები, პლუტონი და სხვა ჯუჯა პლანეტები ნამდვილ პლანეტებად უნდა ჩავთვალოთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ბუნებრივი თანამგზავრები, პლუტონი და სხვა ჯუჯა პლანეტები ნამდვილ პლანეტებად უნდა ჩავთვალოთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს სიტყვა „პლანეტის“ ძალიან მკაცრი განსაზღვრება აქვს.

ამ განსაზღვრების მიხედვით, რომელზე შეთანხმებასაც 2006 წლის აგვისტოში მიაღწიეს, ასტრონომიული ობიექტი ოფიციალურად არის პლანეტა, თუ ის გარს უვლის მზეს, აქვს საკმარისი მასა, რათა სფერული ფორმის იყოს და საკუთარი ორბიტის გარშემო სამეზობლო მოსუფთავებული აქვს.

ასეთი მკაცრი განსაზღვრების გამო, მზის სისტემაში მხოლოდ რვა სხეული შეიძლება ჩაითვალოს პლანეტად: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

ამ განსაზღვრებამ სტატუსი ჩამოართვა პლუტონს, რაც ძლიერ საკამათო აღმოჩნდა; ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ საჭიროა უფრო ინკლუზიური ხელახალი განსაზღვრება, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სხეულის ფიზიკურ მახასიათებლებს უნდა დაეყრდნოს.

ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ახალ პუბლიკაციამდე, რომელმაც საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის კრიტერიუმები სიღრმისეულად განიხილა. პუბლიკაცია მიდის დასკვნამდე, რომ ეს კრიტერიუმები არა მეცნიერებას, არამედ ფოლკლორსა და ასტროლოგიას ეფუძნება.

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ფილიპ მეცგერის ხელმძღვანელობით, მკვლევრები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს განსაკუთრებით მესამე კრიტერიუმი და პლანეტის განსაზღვრებაც ძალიან მარტივი გახდება: სხეული, რომელიც იყო ან არის გეოლოგიურად აქტიური.

შედეგად, პლანეტის კატეგორიაში გადაინაცვლებს მზის სისტემის ბევრი სხეული, მათ შორის დედამიწის მთვარე და სხვა პლანეტათა მრავალი მთვარე, ჯუჯა პლანეტები და ასტეროიდებიც კი; სწორედ ასეთი შედეგი გამოიყენებოდა წარსულში განმარტების გაფართოების საწინააღმდეგო არგუმენტად.

თუმცა, როგორც ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ის ფაქტი, რომ ეს სხეულები საკმარისად ერთმანეთის მსგავსია, რათა ერთად დაჯგუფდეს, საკმარისი მიზეზია.

„ძუძუმწოვრების განსაზღვრებას ჰგავს. ისინი მაინც ძუძუმწოვრები არიან იმის მიუხედავად, ხმელეთზე ცხოვრობენ თუ წყალში. საქმე მათ მდებარეობას არ ეხება. იმად, რაც ისინი არიან, მათ შინაგანი მახასიათებლები აქცევს“, — ამბობც მეცგერი.

ხუთი წლის განმავლობაში, ჯგუფმა სიღრმისეული მიმოხილვა ჩაუტარა პლანეტების შესახებ ბოლო 400 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ლიტერატურას. აღმოაჩინეს, რომ დროთა განმავლობაში, გალილეოს მიერ 1630-იან წლებში შემოღებული განსაზღვრება უგულებელყოფილია.

გალილეო ამტკიცებდა, რომ პლანეტები არის ისეთი ელემენტებისგან წარმოქმნილი ობიექტები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება, როგორიც დედამიწის შემთხვევაში. ანდაც, როგორც მკვლევრები ინტერპრეტირებენ, გეოლოგიურად აქტიურია. ისინი ასევე ციტირებენ გალილეოს არგუმენტს, რომ პლანეტები ირეკლავენ მზის სინათლეს და არ წარმოქმნიან საკუთარ სინათლეს.

მკვლევრები შენიშნავენ, რომ ეს განსაზღვრება მე-20 საუკუნემდე გამოიყენებოდა. როცა 1930 წელს პლუტონი აღმოაჩინეს, მას პლანეტის კატეგორია მიანიჭეს. თუმცა, 1910-1950-იან წლებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პლანეტური მეცნიერებისადმი ინტერესი სუსტდებოდა, სულ მცირე, ამას მეტყველებდა ლიტერატურა — იმ პერიოდში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა რაოდენობა შემცირებული იყო.

„ბიბლიომეტრიის საშუალებით ვაჩვენეთ, რომ იყო უგულებელყოფის პერიოდი, როდესაც ასტრონომები პლანეტებს იმხელა ყურადღებას აღარ უთმობდნენ. სწორედ ამ უგულებელყოფის პერიოდში მოხდა გალილეოსეული პრაგმატული ტაქსონომიის შეწყვეტა“, — ამბობს მეცგერი.

პუბლიკაციის მტკიცებით, ეს ვაკუუმი ფოლკლორით შეავსეს. წინა ორ საუკუნეში პოპულარობა მოიპოვა ალმანახებმა — ყოველწლიურმა წიგნებმა, რომლებიც მეტეოროლოგიურ და სხვა პროგნოზებს პლანეტათა მცირე რაოდენობაზე დაყრდნობით აკეთებდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასტროლოგია.

ამან კი შემოიტანა და განავითარა აღქმა, რომ პლანეტები მხოლოდ მზის გარშემო მოძრავი ყველაზე დიდი სხეულები იყო. ნებისმიერი სხვა რამ კი, მაგალითად, მთვარეები და ასტეროიდები, არა.

მათი ვარაუდით, ამან სამეცნიერო ლიტერატურაშიც ჰპოვა ასახვა.

„თითქოს პატარა ცვლილებას ჰგავს, მაგრამ ძირს უთხრის გალილეოსეულ ცენტრალურ იდეას პლანეტების შესახებ“, — ამბობს მეცგერი.

მისი განცხადებით, პლანეტებს აღარ განსაზღვრავდნენ კომპლექსურობის გამო, აქტიური გეოლოგიითა და სიცოცხლისა და ცივილიზაციის პოტენციალით. ამის ნაცვლად, ისინი განისაზღვრებოდნენ სიმარტივის გამო, რომ მიჰყვებოდნენ გარკვეულ, იდეალიზებულ გზას მზის გარშემო.

გეოფიზიკური განსაზღვრება 1960-იანი წლებიდან აღმოცენდა, როდესაც განახლდა სამეცნიერო ინტერესი მზის სისტემის კვლევის მიმართ, რამაც მეცნიერებს შორის კვლავ უთანხმოება გამოიწვია. მიიჩნეოდა, რომ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის განსაზღვრება არგუმენტს დაასრულებდა, მაგრამ ასე აშკარად არ მოხდა.

შეიძლება ვინმე ამტკიცებდეს, რომ მზის სისტემაში სხვადასხვა სახის ქანების გაგება ახლა გაცილებით დახვეწილია, ვიდრე გალილეოს დროს. მაგრამ მკვლევართა განცხადებით, კრიტერიუმი „ორბიტული სამეზობლოს მოსუფთავება“ ის არ არის, სადაც ამ არგუმენტს უნდა მივყავდეთ. ამის ნაცვლად, ეს კრიტერიუმი იმიტომ შემოიღეს, რომ შეენარჩუნებინათ პლანეტათა მცირედი რაოდენობა, რაც ცუდი მეცნიერების მაგალითია.

„როდესაც გალილეომ შემოგვთავაზა, რომ პლანეტა მზის გარშემო ბრუნავდა და დედამიწა პლანეტად წარმოსახა, ამის გამო დასაჯეს და მთელი დარჩენილი ცხოვრება შინაპატიმრობა მიუსაჯეს“, — ამბობს მეცგერი.

მისივე განცხადებით, როდესაც მეცნიერებმა მისი პოზიცია დაიკავეს, ის გაამართლეს და პატიმრობაც მოუხსნეს. მაგრამ შემდეგ, 1900-იანი წლების დასაწყისში, ჩვენ ის კვლავ დავადანაშაულეთ, როდესაც პლანეტათა მოწესრიგებული რაოდენობის ეს ფოლკლორის კონცეპტი ავიღეთ. ასე რომ, გარკვეული გაგებით, გალილეო კვლავ დავსაჯეთ.

„შესაბამისად, ჩვენ ერთგვარად ვცდილობთ, რომ გალილეოს ბრალი მოვუხსნათ, ისე, რომ მისი ღრმა ხედვა კრისტალურად ნათელი იყოს“, — აღნიშნავს მეცგერი.

ავტორებს, რომელთაგან ყველა კოსმოსურ კვლევათა ექსპერტია, შეიძლება მეცნიერების ისტორიის საკუთარი ინტერპერეტაცია ჰქონდეთ, რასაც მკვლევართა საზოგადოების სხვა ნაწილი არ ეთანხმებოდეს.

როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, განსაზღვრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი აყალიბებენ, როგორ ვაკვირდებით, ვადგენთ თეორიებს და ფუნდამენტურ დონეზე ვფიქრობთ ბუნების შესახებ.

უდავოდ არის ის პუბლიკაცია, რომელიც დებატებს კიდევ უფრო გაამწვავებს,

კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucf.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.