დიდი ალბათობით, პლუტონს ზედაპირქვეშა თხევადი ოკეანეები აქვს - ახალი კვლევა
დიდი ალბათობით, პლუტონს ზედაპირქვეშა თხევადი ოკეანეები აქვს - ახალი კვლევა

მზის სისტემა შესაძლოა იმაზე ტენიანი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ჯუჯა პლანეტა პლუტონს შესაძლოა, აზოტის ყინულის საფარის ქვეშ თხევადი ოკეანე ჰქონდეს.

მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პლუტონზე ვერ იქნებოდა ის ტემპერატურა, რომელიც თხევადი ოკეანის შენარჩუნებისთვის არის საჭირო, თანაც ისე, რომ ყინული არ გადნეს. მაგრამ იაპონელმა მეცნიერებმა ახალი შესაძლებლობა იპოვეს. საქმე ეხება აირების ფენას ყინულის ქვეშ და სითხის თავზე, რომელიც ამ ორს ერთმანეთისგან ყოფს და თანაარსებობის საშუალებას აძლევს.

ამ ფაქტმა შესაძლოა ამოხსნას ის გრავიტაციული ანომალია, რომელიც ხომალდმა „ნიუ ჰორაიზონსმა“ პლუტონის ეკვატორთან, რეგიონ „სპუტკიკ-პლანიტიას“ ქვეშ დააფიქსირა და მის ქვეშ თხევადი ოკეანის არსებობაზე მიუთითა.

სპუტნიკ-პლანიტიას ქვეშ თხევადი ოკეანის არსებობამ ასევე შეიძლება ახსნას პლანეტის ტექტონიკური მახასიათებლები. თუმცა, პლუტონის ასაკსა და მდებარეობაზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ იქ ყველანაირი სითხე გაიყინებოდა.

როგორც ისინი კვლევაში წერენ, ოკეანის შესანარჩუნებლად პლუტონს წიაღში სიცხის შეკავება სჭირდება. მეორე მხრივ, ყინულის შესანარჩუნებლად საჭიროა სიცივე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებულ აირად ჰიდრატებს კარგად შეუძლია ახსნას როგორც თხევადი ოკეანის არსებობა, ისე ყინულის სისქეების კონტრასტი.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, ყველაფრის მიზეზია აირადი ჰიდრატები — წყლის მყარი, ყინულის მსგავსი ფორმა აირებთან ერთად, რომელიც ჩაჭედილია მისივე მოლეკულებისგან წარმოქმნილ სტრუქტურაში, რომელსაც კლათრატსაც უწოდებენ. სამწუხაროდ, ამის შემოწმება ჯერ უშუალოდ პლუტონზე არ შეგვიძლია და შესაბამისად, მოსაზრებები კომპიუტერულ სიმულაციებს ეფუძნება.

მეცნიერებმა პლუტონის ევოლუციის სიმულაცია მზის სისტემის ასაკის მიხედვით დაიწყეს. სცადეს ორივე შესაძლებლობა — როგორც აირადი ჰიდრატების ფენის არსებობა ყინულის საფარსა და ოკეანეს შორის, ისე მისი არარსებობა.

ასევე მოახდინეს ჯუჯა პლანეტის თერმული ევოლუცია და გამოთვალეს რა დრო დასჭირდებოდა ზედაპირქვეშა ოკეანეს გაყინვისა და ერთფეროვანი სისქის ყინულის წარმოსაქმნელად.

როგორც გაირკვა, აირადი ჰიდრატების ფენის გარეშე, როგორც მოსალოდნელი იყო ოკეანე სრულად გაიყინებოდა დაახლოებით 800 მილიონი წლის წინ.

თუმცა, ასეთი სცენარი არ განვითარდა სიმუმაციაში, რომელშიც ჩართული იყო აირადი ჰიდრატები. აღმოჩნდა, რომ თუ აირების ფენით გამოვყოფთ, ოკეანე ძალიან მცირედით გაიყინება. აირადი ჰიდრატების ფენის გარეშე, ერთნაირი სისქის ყინულის ფენას მხოლოდ 100 მილიონი წელი დასჭირდა, თუმცა ასეთი ფენის არსებობის შემთხვევაში, გაყინვის დრო მილიარდობით წლამდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპუტნიკ-პლანიტიას რეგიონს აზოტის ყინული ფარავს, აირთა ეს ფენა ოკეანესა და ყინულის საფარს შორის, დიდი ალბათობით მეთანისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც პლუტონის ბირთვიდან მოდის.

როგორც კვლევაში წერია, კლათრატის ჰიდრატები თერმული იზოლატორების როლს ასრულებენ, ოკეანეს სრულად გაყინვისგან იცავენ, ყინულის საფარს კი სიცივესა და უძრაობას უნარჩუნებენ.

გარდა იმისა, რომ ეს სიმულაციები ეთანხმება ხომალდ „ნიუ ჰორაიზონსის“ მიერ ჩატარებულ დაკვირვებებს, რომელთა მიხედვითაც პლუტონს ზედაპირქვეშა ოკეანე უნდა ჰქონდეს, არამედ მიუთითებს იმ გზაზე, რომლის საშუალებითაც თხევადი ოკეანის შენარჩუნება ყველაზე ყინულოვან პლანეტებსაც კი შეუძლიათ.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.