პლუტონის დიუნების საიდუმლო ამოხსნილია
პლუტონის დიუნების საიდუმლო ამოხსნილია

მეცნიერებმა პლუტონზე დიუნები აღმოაჩინეს. მათი თქმით, ისინი სავარაუდოდ წარმოქმნილია მის გაიშვიათებულ ატმოსფეროში არსებული მეთანის ყინულის მარცვლებისგან.

გეოგრაფების, ფიზიკოსებისა და პლანეტურ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა NASA-ს ხომალდ New Horizons-ის მირ ჯუჯა პლანეტის ზედაპირისთვის 2015 წელს გადაღებული ფოტომასალა.

როგორც ამ ფოტოებზე ჩანს, სპუტნიკ-პლანიტიის ყინულის ვაკის საზღვარზე და ძირითადი მთის ქედის წინ, გადაჭიმულია დიუნების სერია, რომელიც 75 კილომეტრზე ვრცელდება.

პლანეტის ზედაპირზე არსებული დიუნებისა და ქარის მიერ წარმოქმნილი ახლომდებარე ხაზების სივრცული ანალიზის, სპექტრული და რიცხობრივი მოდელირების შედეგად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ქვიშის ზომის მეთანის მარცვლები სუბლიმაციის შედეგად წარმოიქმნება. ამ პროცესში (სუბლიმაცია) მყარი აზოტი გარდაიქმნება პირდაპირ აირად ფორმაში.

ამის შემდეგ, ეს მარცვლები პლუტონის სუსტ ქარებს (30-40 კმ/სთ) ყინულის ვაკისა და მთის ქედის სიახლოვეს მიაქვს.

დიუნების არათანაბარი მორფოლოგიისა და მათ ქვეშ არსებულ მყინვარებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, მკვლევრებს ასევე მიაჩნიათ, რომ ეს მახასიათებლები ბოლო 500 000 წლის განმავლობაშია წარმოქმნილი.


„ვიცით, რომ მზის სისტემის ყოველ სხეულს, რომელსაც ატმოსფერო და მყარი ზედაპირი აქვს, გამოირჩევა დიუნებით, მაგრამ ვერ ვარკვევდით, რასთან გვქონდა საქმე პლუტონზე ნაპოვნი მახასიათებლების შემთხვევაში. როგორც ჩანს, დიუნები წარმოიქმნა ასეთი სუსტი ატმოსფეროსა და -230 გრადუს ტემპერატურაზეც კი“, — ამბობს დოკუმენტის ავტორი, პლიმუთის უნივერსიტეტის მკვლევარი მატ ტელფერი.


მისი თქმით, New Horizons-ის მონაცემებმა მეცნიერები უპრეცედენტო დეტალებით მოამარაგა, თუმცა ისინი მაინც თავს იმტვრევდნენ გაერკვიათ, რამდენად იყო შესაძლებელი დანალექების წარმოქმნა პლუტონისნაირ ზედაპირზე. გარდა ამისა, დიუნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო იყო ქარებიც.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, ერიკ პარტელის განცხადებით, დედამიწაზე, ჰაერში ქვიშის ნაწილაკების გავრცელებისათვის საჭიროა ძლიერი ქარი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პლუტონის სუსტ გრავიტაციას და უკიდურესად დაბალ ატმოსფერულ წნევას, დანალექი მასალების გადატანისათვის საკმარისი იქნება ასჯერ უფრო სუსტი ქარიც. პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მზის რადიაციით გამოწვეული ტემპერატურის ცვალებადობა გრანულებიან ყინულის ფენაში.

როგორც პარტელი აღნიშნავს, ყველა ამ პროცესს ერთად, შეუძლია დიუნები წარმოქმნას პლუტონის ნორმალურ, ყოველდღიურ გარემოში.

დოქტორ ჯანი რადებოფის განცხადებით, როდესაც მათ პირველად იხილეს New Horizons-ის ფოტოები, მაშინვე იფიქრეს, რომ ეს დიუნები იყო, მაგრამ საოცარი ის გახლდათ, რომ პლუტონს არ აქვს მათი წარმოქმნისთვის საკმარისი ატმოსფერო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი მზიდან დედამიწაზე 30-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, როგორც ჩანს, ამ ჯუჯა პლანეტის ბევრი მახასიათებელი ძალიან ჰგავს ჩვენი პლანეტისას.

პლუტონის დიუნების ისტორიის კვლევას მეცნიერები ამჯერად კომპიუტერული სიმულაციებით გეგმავენ. შედეგად, უნდა გაირკვეს, რა როლს ასრულებს ქარი პლუტონის გეოლოგიაში.

მომზადებულია plymouth.ac.uk-ის მიხედვით