ხომალდმა New Horizons-მა კოიპერის სარტყელში რეკორდული ფოტოები გადაიღო
ხომალდმა New Horizons-მა კოიპერის სარტყელში რეკორდული ფოტოები გადაიღო

NASA-ს ზონდმა New Horizons-მა ახლახან ჩართო თავის ტელესკოპური კამერა და დაამყარა ვარსკვლავთშორისი სივრცის კვლევის ახალი რეკორდი — გადაიღო ფოტოები კოსმოსში ისე შორს მყოფმა, რაც აქამდე არც ერთ სხვა ხომალდს არ გაუკეთებია. სურათები, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ზონდმა დედამიწიდან 6,12 მილიარდი კმ მანძილზე ყოფნისას გადაიღო.

ეს მანძილი 6 მილიონი კილომეტრით მეტია იმაზე, ვიდრე ვოიაჯერ 1 იყო, როცა 1990 წელს მან დედამიწას გადაუღო მკრთალი ლურჯი წერტილის სახელით ცნობილი ფოტო. იმის გამო, რომ ამ კადრის აღბეჭდვიდან სულ ცოტა ხანში ვოიაჯერ 1-ის კამერა სამუდამოდ გამოირთო, მომდევნო 27 წლის განმავლობაში, ეს რეკორდი სწორედ მას ეკუთვნოდა.

ახალ რეკორდულ ფოტოზე ასახულია კოიპერის სარტყლის ორი იობიექტი, 2012 HZ84 და 2012 HE85. მართალია, ხედები საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ წარმოადგენს ვრცელი ყინულოვანი სარტყლის შიგნით არსებული ნებისმიერი ობიექტის ჩვენს ხელთ არსებულ ყველაზე ახლო ხედს. ეს ზონა, ანუ კოიპერის სარტყელი, მზის გარშემო დედამიწაზე 30-55-ჯერ შორი მანძილიდან მოძრაობს.

„უკვე დიდი ხანია, New Horizons-ი პირველი მისიაა მრავალმხრივ — პირველმა გამოიკვლია პლუტონი, პირველმა გამოიკვლია კოიპერის სარტყელი, არის ამ დრომდე გაშვებული ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდი“, — ამბობს New Horizons-ის მთავარი მკვლევარი ალან სტერნი.

„ამჯერად, ჩვენს ხელთ აღმოჩნდა დედამიწიდან ყველაზე შორი მანძილიდან გადაღებული ფოტოები, რაც აქამდე არც ერთ ხომალდს არ გაუკეთებია“.

სინამდვილეში, დროის მოკლე შუალედებით, New Horizons-მა ორი რეკორდი დაამყარა: პირველად გადაიღო ჩვენი პლანეტიდან 1300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთა გროვა NGC 3532 (ე. წ. ფეხბურთის გროვა) და რამდენიმე საათში, ამას მოჰყვა კოიპერის სარტყლის ორი ობიექტის ფოტო.

ფოტოები ხომალდმა 2017 წლის დეკემბერში, კამერა Long Range Reconnaissance Imager (LORRI)-ით გადაიღო და შემდეგ კვლავ მიიძინა, არააქტიურ რეჟიმში გადავიდა.

New Horizons-მა დედამიწა 2006 წელს დატოვა. მისი მთავარი მიზანი პლუტონის თავზე გადფაფრენა იყო, რაც 2015 წელს შეძლო და გზადაგზა დრამატული ფოტოებიც გადაიღო. ამის შემდეგ, გაემართა კოიპერის სარტყლისკენ, რომელშიც 2019 წლის იანვრში, გადაუფრენს იდუმალებით მოცულ ობიექტ 2014 MU69-ს.

ფეხბურთის ვარსკვლავთგროვა

იმ დროისათვის, 2014 MU69-ს უკვე ახალი, თვალშისაცემი სახელი ერქმევა. სავარაუდო სახელზე NASA ყველასგან იღებს შეთავაზებებს.

ღრმა კოსმოსში მოძრაობისას, ზონდი დღეში 1,1 მილიონ კილომეტრს გადის და არის კაცობრიობის მიერ შექმნილი მეხუთე ობიექტი პიონერ 10-ის, პიონერ 11-ის, ვოიაჯერ 2-ისა და ვოიაჯერ 1-ის შემდეგ, რომელმაც მიაღწია ან გასცდა მზის სისტემის კდეებს.

თუკი ფოტოს გადაღებისას ოდესმე გიცდიათ კამერის მყარად დაჭერა, ალბათ მიხვდებით, თუ რამდენად წარმოუდგენად რთულია სურათების გადაღება ამ სიჩქარით მოძრაობისას.

სანამ New Horizons-თან კავშირს თანდათან დავკარგავთ, იმედია, ზონდი კიდევ უფრო მეტ ახალ ცნობას მოგვაწვდის კოიპერის სარტყლის შესახებ. მოგზაურობისას, ხომალდი ზომავს პლაზმის, მტვრისა და გაზის დონეებს; გზად მას კიდევ 20 სხვა ობიექტთან შეხვედრა ელის.

4 ივნისს, New Horizons-ი კვლავ გამოიღვიძებს და რა თქმა უნდა, მორიგ განსაცვიფრებელ ფოტოებს გადაიღებს.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით