პლუტონის უკიდურესად ცივი ამინდის საიდუმლო ამოხსნილია
პლუტონის უკიდურესად ცივი ამინდის საიდუმლო ამოხსნილია

რაც უფრო მეტს ვსწავლობთ პლუტონის შესახებ, ეს ციცქნა პლანეტა მით უფრო საინტერესო ხდება.

როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, ჯუჯა პლანეტის გასაოცრად დაბალ ტემპერატურაზე პასუხისმგებელია პლუტონის ატმოსფეროში არსებულ ნახშირწყალბადთა ნაწილაკები.

აქედან გამომდინარე, პლუტონი ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტური სხეულია, რომლის ტემპერატურასაც უფრო მეტად განსაზღვრავს ატმოსფეროში არსებული ნისლის ნაწილაკები, ვიდრე აირის მოლეკულები, ამბობენ ახალი კვლევის ჯგუფის წევრები.

„ეს გახლავთ პლანეტათა კლიმატის რეჟიმის ახალი სახე. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს გვინახავს“, — უთხრა Space.com-ს კვლევის ავტორმა, სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა სი ჟანგმა.

მოსალოდნელზე უფრო ცივი
პლუტონის ატმოსფეროს შემადგენლობაზე დაყრდნობით ჩატარებული მოდელების მიხედვით, ტემპერატურა იქ -173 გრადუსი ცელსიუსის მიდამოებში უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, შემაცბუნებელი აღმოჩნდა, როდესაც 2015 წლის ივლისში, პლუტონის თავზე გადაფრენილმა NASA-ს ხომალდმა New Horizons-მა მისი ტემპერატურ გაზომა და გაირკვა, რომ ის ამ მაჩვენებელზე 30 გრადუსი ცელსიუსით დაბალი იყო.

New Horizons-მა ასევე შეამჩნია ჯუჯა პლანეტის თავზე გაწოლილი ნისლის მრავალი ფენა, რომლის შესახებაც მეცნიერებმა მანამდე არაფერი იცოდნენ. ეს მასალა სავარაუდოდ წარმოქმნილია პლუტონის ზედა ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიური რეაქციებით, სადაც მზიდან მომდინარე ულტრაიისფერი რადიაცია ურთიერთქმედებს აზოტთან და მეთანთან და წარმოქმნის ნახშირწყალბადთა პატარა ნაწილაკებს, ამბობენ მისიის ჯგუფის წევრები.

მიჩნეულია, რომ მსგავსი რეაქციები მიმდინარეობს სატურნის უდიდესი მთვარის — ტიტანის ატმოსფეროს ზედა ნაწილშიც, სადაც იმდენად სქელი ნისლია, რომ ართულებს მისი ზედაპირის დანახვას.

„პლუტინი ასე სუპერცივი სწორედ ამ ნისლის დამსახურებითაა“, — ამბობენ ჟანგი და მისი კოლეგები. მათ გარკვეული მოდელებიც შექმნეს, რისთვისაც გამოიყენეს New Horizons-ის მიერ შეგროვილი მონაცემები აირების მოლეკულებისა და ნისლის ნაწილაკების გადანაწილების შესახებ.

ჯგუფმა აღმოაჩნა, რომ პლუტონის ნისლი მზის ენერგიას ეფექტიანად შთანთქავს, მაგრამ ამავე დროს, კოსმოსში უკან გამოყოფს დიდი ოდენობით ენერგიასაც ულტრაიისფერი რადიაციის (სიცხე) სახით. ჟანგის თქმით, მოდელირების კვლევის შედეგები კარგად ემთხვევა პლუტონზე დაკვირვების გზით დაფიქსირებულ ტემპერატურას.

„ატმოსფერო, რა თქმა უნდა, აირებისგან შედგება. მაგრამ აირების ტემპერატურა არ კონტროლდება თავად ამ აირთა მიერ — სინამდვილეში, მას აკონტროლებს ნისლის შემადგენელი ნაწილაკები“, — აღნიშნავს ჟანგი.

ეს ყველაფერი ხდება 700 კმ სიმაღლის ზემოთ, რომლის მიღმაც, დომინანტური პროცესი ჩვეულებრივი, ძველი სითბოს გატარებაა. წერენ მკვლევრები ახალ კვლევაში, რომელიც 15 ნოემბერს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

„ახალი შედეგები მართლაც ამაღელვებელია, მაგრამ ნამდვილად არ წარმოადგენს ბოლო სიტყვას ამ სფეროში“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის მეცნიერი რობერტ ვესტი.

„პლუტონის ატმოსფერული ტემპერატურის ეს შემთხვევა ჯერ დახურული არაა“, — ამბობს ვესტი, რომელიც ამ კვლევის ჯგუფის წევრი არ ყოფილა.

„მაგალითად, ბოლომდე არაა გარკვეული პლუტონის ნისლის შემადგენლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორთა მიერ დაანგარიშებული გაციებისა და გაცხელების მაჩვენებლები ძლიერ არასანდოა. შეზღუდვების გარეშე, მოდელირების ავტორები სრულიად თავისუფალნი არიან განიხილონ ნისლის შემადგენლობის მრავალი შესაძლებლობა“.

ეს საკითხი, წესით მალე უნდა გადაიჭრას. თუკი პლუტონის ნისლი კოსმოსში მართლაც ასხივებს დიდი ოდენობით სითბოს, მისი დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპს, რომელიც 2019 წელს გაეშვება, ამბობს ჟანგი.

არის პლუტონი განსაკუთრებული?
სავარაუდოდ, პლუტონის ასეთი სიცივის მიზეზი დიდწილად სწორედ მისი ნისლის დამსახურებაა: ასეთ ტემპერატურაზე, აირები უმეტეს შემთხვევაში კონდენსირდება და შესაბამისად, არ შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს გაციების პროცესში, ამბობს ჟანგი.

ჯერ ადრეა იმის თქმა, არის თუ არა პლუტონი განსაკუთრებული ამ მხრივ, ანდა არის თუ არა სხვა ობიექტებიც ნისლით ასე დომინირებული.

„ამ ყველაფერს ვიკვლევთ. ვფიქრობთ, რომ ატმოსფეროს მხრივ, შეიძლება სხვა პლანეტური სხეულებიც ნისლის მიერ იყოს მართული. თუმცა, ამ მიმართულებით აქამდე არავის უფიქრია.

 

მომზადებულია space.com-ის მიხედვით