რამდენად შორს ისმის კაცობრიობის ხმა კოსმოსში
რამდენად შორს ისმის კაცობრიობის ხმა კოსმოსში

თუკი დედამიწის მიღმა სამყაროში გონიერი სიცოცხლე სადმე არსებობს, რატომ ვერ ვიპოვეთ მისი რაიმე მტკიცებულება ამ დრომდე? ამ შეკითხვას ფერმის პარადოქსს უწოდებენ და არსებობს რამდენიმე პოტენციური პასუხიც.

თუმცა, ქვემოთ მოცემული ერთი ფოტო ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. კოსმოსი წარმოუდგენლად დიდია და საინტერესოა, მის რა ნაწილს სწვდება კაცობრიობა ამჟამად? — წარმოუდგენლად მცირეს.

მოცემულ ფოტორეკოსნტრუქციაზე ასახულია ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი 110 000 სინათლის წლის დიამეტრით (ბოლო კვლევების თანახმად, ის უფრო დიდია).

ქვედა მარჯვენა კუთხეში მოცემული ლურჯი წერტილი ასახავს, თუ სადამდეა გასული რადიოსიგნალები დედამიწიდან — დაახლოებით 200 სინათლის წლის დიამეტრზე.

რადიოს გამოგონებაზე მეცხრამეტე საუკუნეში მრავალი გენიოსი მუშაობდა, მაგრამ სიგნალის პირველი გადაცემა მხოლოდ 1895 წელს მოხერხდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო რადიომაუწყებლობაც.

პირველი სპეციალურად განზრახული რაიდიოსიგნალი, სახელად არესიბოს შეტყობინება კოსმოსში 1974 წელს გაუშვეს, მაგრამ დედამიწიდან კოსმოსში რადიოსიგნალები უკვე ას წელზე მეტია ჟონავს.

ბევრ მათგანს სავარაუდოდ ამახინჯებს იონსფერო. მაგრამ ამ ზღვარს გაცდენილი სიგნალებიც კი, რომლებიც ჩვენგან უკვე 100 სინათლის წლით უნდა იყოს დაშორებული, იმდენად სუსტი იქნება, რომ მათი დაფიქსირება ფაქტობრივად შეუძლებელია.

გამომდინარე აქედან, თუკი ამ რადიუსს მიღმა არსებობს გონიერი ცივილიზაცია და თუ მათ რადიოტექნოლოგია აქვთ, სავარაუდოდ, ჩვენი სიგნალების დაჭერას ისინი ვერ შეძლებენ.

იგივე შეიძლება ხდებოდეს პირიქითაც. იქნებ სადღაც, 100 სინათლის წლის მოშორებით არსებობს ცივილიზაცია, რომელმაც რადიოტექნოლოგია ზუსტად იმ დროს შექმნა, როცა ჩვენ, მაგრამ მათი სიგნალები იმდენად სუსტია, რომ ვერ ვაფიქსირებთ.

ნაკლებ სავარაუდოა, თვალუწვდენელ კოსმოსში გონიერი სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ, ერთ პლანეტაზე განვითარებულიყო, მაგრამ… რამდენადაც თვალუწვდენელია კოსმოსი, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენ ასეთ ცივილიზაციებს მალე ვიპოვით.

დატოვე კომენტარი