არამიწიერმა ცივილიზაციებმა დედამიწა შეიძლება მობილური ტელეფონის ანძების სიგნალებით იპოვონ — #1tvმეცნიერება
არამიწიერმა ცივილიზაციებმა დედამიწა შეიძლება მობილური ტელეფონის ანძების სიგნალებით იპოვონ — #1tvმეცნიერება

მობილური ტელეფონები დღეს იმდენად არის გავრცელებული, რომ როგორც წესი, სულ არ ვფიქრობთ, როგორ მუშაობს ისინი. ძირითადად, ბევრი სარგებელი მოაქვთ, მაგრამ ზოგჯერ თავსაც გვაბეზრებენ.

მათი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია რადიოგადამცემ ანძათა ფართო სპექტრი.

ფიჭური კავშირის ანძებს დედამიწის ხმელეთის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ზონებში; ისინი მუდმივად გადასცემენ მიკროტალღურ სიგნალებს.

მაშინ, როდესაც ამდენი ფიჭური ანძა ასხივებს რადიოსიგნალებს, ჩნდება სახალისო კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ეს სიგნალები არამიწიერმა ცივილიზაციამ დააფიქსიროს?

ამ კითხვაზე პასუხი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში და მისი წაკითხვა ნამდვილად ღირს. პუბლიკაცია იწყება იმით, თუ როგორ შეიცვალა კოსმოსში გამავალი რადიოსიგნალები. მე-20 საუკუნეში, რადიოგამოსხივების უდიდესი ნაწილი კომერციულ რადიო და სატელევიზიო სადგურებს ეკუთვნოდა.

ახლა ისინი მნიშვნელოვნად დაჩრდილა მობილურმა კომუნიკაციებმა. დედამიწიდან რადიოსიგნალთა გაჟონვის ყველაზე მძლავრი წყარო ჯერ კიდებ სამხედრო რადართა გამოსხივებაა, მაგრამ მეორე ადგილს უკვე იკავებს მობილური კავშირის ანძები.

თითოეული ფიჭური ანძა 100-200 ვატის სიმძლავრის რადიოსიგნალს გამოყოფს. ანძებისა და გაჟონილ რადიოსიგნალთა რაოდენობიდან გამომდინარე, კოსმოსში რამდენიმე გიგავატი მიდის.

თუ დავუშვებთ, რომ არამიწიერი ცივილიზაცია დახვეწილ რადიოასტრონომიას ფლობს, ისეთს, როგორიც არის ჩვენი მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი, დედამიწის კომუნიკაციების გამოსხივება მან დაახლოებით 12-სინათლის წლის რადიუსში უნდა შეძლოს.

თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, სად არის არამიწიერი ცივილიზაცია ჩვენს ცაზე. ფიჭური ანძები რადიოსიგნალთა უმეტესობას დედამიწის ზედაპირის პარალელურად გამოყოფს და შესაბამისად, ანძის სიგნალი ყველაზე ძლიერია ანძიდან ამოსვლისა და ჩასვლისას, როგორც ეს იმ ცივილიზაციის ვარსკვლავიდან გამოჩნდებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ანძების უმეტესობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია მოქცეული, უფრო ძლიერ სიგნალს სწორედ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე მოქცეული ვარსკვლავი მიიღებდა, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფეროსი.

ერთი სირთულე ისაა, რომ ყველა ანძის სიგნალი სხვადასხვანაირია და ერთმანეთს ისე ედებიან, რომ არამიწიერი ცივილიზაცია რაიმე კონკრეტულ შეტყობინებას ვერ გამოარჩევს. ასე რომ, არ იდარდოთ, უცხოპლანეტელები თქვენს პირად სატელეფონო საუბრებს ვერ მოუსმენენ.

თუმცა, ამ სიგნალების საფუძველზე, მათ მაინც შეეძლებათ საინტერესო ცნობების მიღება დედამიწის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ სატელეფონო ანძების გადანაწილება დაახლოებით შეესაბამება მოსახლეობის გადანაწილებას, არამიწიერ ცივილიზაციას შეეძლება გაზომოს დედამიწის ბრუნვა და დახრილობა.

ასევე შეეძლებათ დედამიწაზე ხმელეთის გადანაწილების გაზომვა და დროთა განმავლობაში იმის დადგენაც, როგორ იცვლება დედამიწის მოსახლეობის განაწილება.

მაგალითისათვის, ჯგუფმა მოახდინა იმის მოდელირება, თუ როგორ გამოჩნდებოდა ეს სიგნალები სამი ახლომდებარე ვარსკვლავიდან. ალფა კენტავრი დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზეა მოქცეული, მაგრამ ჩვენგან სულ რაღაც 4 სინათლის წელიწადი აშორებს და შესაბამისად, იქ ჩვენგან გასული სიგნალის დაფიქსირებას შეძლებდნენ.

ბერნარდის ვარსკვლავი (6 სინათლის წელი) და HD 95735 (8 სინათლის წელი) ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზეა და დიდი ალბათობით, დედამიწიდან კარგ რადიოსიგნალს მიიღებდნენ. ცნობილია, რომ სამივე ამ ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს პლანეტები, მაგრამ არ ვიცით, რამდენად არის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი რომელიმე მათგანი.

რაც უფრო თანამედროვე ხდება კაცობრიობის მობილური ტექნოლოგიები, მაგალითად, 5G, უფრო ძლიერდება ფიჭური ანძების სიგნალებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ახლომდებარე ვარსკვლავიდან უნდა შეძლონ დედამიწიდან გასული სიგნალების დაფიქსირება.

შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს, როდის მიაღწევს ჩვენი ტელეფონების სიგნალები არამიწიერ ცივილიზაციათა გონებამდე.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.