არამიწიერი ცივილიზაციები იმიტომ არ გვსტუმრობენ, რომ ჩვენი მზე ზედმეტად მოსაწყენი, უინტერესო ვარსკვლავია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
არამიწიერი ცივილიზაციები იმიტომ არ გვსტუმრობენ, რომ ჩვენი მზე ზედმეტად მოსაწყენი, უინტერესო ვარსკვლავია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ფერმის პარადოქსი არსად გამქრალა. ის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი სააზროვნო ექსპერიმენტია და მასთან ჭიდილს მეცნიერთა მთელი თაობები აგრძელებენ.

პარადოქსი ერთმანეთს უპირისპირებს გალაქტიკაში ცივილიზაციების არსებობის მაღალ შანსებს და იმ ფაქტს, რომ ჯერ არც ერთი მათგანი არ გვინახავს.

ფერმის პარადოქსის მიხედვით, თუკი ირმის ნახტომში არსებობს სწრაფად გაფართოებადი ცივილიზაციები, ჩვენს მზის სისტემაში ერთი მათგანი მაინც უნდა მოსულიყო. ის ფაქტი, რომ ჯერ არც ერთი მათგანი არ მოსულა, არ ნიშნავს მათ არარსებობას.

ფერმის პარადოქსს მრავალმა მოაზროვნემ და მეცნიერმა მიმართა და სცადა იმის მიზეზის დადგენა, რატომ ვერ ვხედავთ გაფართოებადი ტექნოლოგიური ცივილიზაციის რაიმე მტკიცებულებას.

სიცოცხლე შეიძლება უჩვეულოდ იშვიათი იყოს, ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობასთან დაკავშირებული სირთულეები კი ზედმეტად გამომწვევი. ყველაფერი შეიძლება ასე მარტივად იყოს.

თუმცა, ახალ კვლევას ახალი პასუხი აქვს: შესაძლოა, ჩვენი მზის სისტემა დიდი ხნის, სწრაფად გაფართოებად ცივილიზაციებს ვერ სთავაზობს იმას, რაც მათ სურთ — ვარსკვლავის სწორ ტიპს.

ფერმის პარადოქსის გასაგებად, საჭიროა ჯერ დრეიკის განტოლება გავიგოთ. დრეიკის განტოლება წარმოადგენს ირმის ნახტომში ცივილიზაციათა რაოდენობის სავარაუდო შეფასებას.

ვერ გვეუბნება, რამდენი ცივილიზაციაა გალაქტიკაში; აჯამებს იმ კონცეპტებს, რომლებსაც უნდა შევეჭიდოთ, თუკი გვსურს, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რამდენი ცივილიზაცია შეიძლება იყოს გალაქტიკაში.

დრეიკის განტოლების კრიტიკული კომპონენტი ვარსკვლავებს ეხება. განტოლება ითვალისწინებს გალაქტიკაში ვარსკვლავთა წარმოქმნის მაჩვენებელს, ამ ვარსკვლავთაგან რამდენს აქვს პლანეტები და ამ პლანეტებიდან რამდენზე შეიძლება იყოს სიცოცხლე.

განტოლება უფრო დეტალური ხდება, რადგან სვამს კითხვას, ამ პლანეტებიდან რამდენზე შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე, რამდენად შეიძლება გადაიქცეს ეს სიცოცხლე ტექნოლოგიურ ცივილიზაციებად და ამ ცივილიზაციათაგან რამდენი ამჟღავნებს თავის არსებობას კოსმოსში სიგნალების გაშვების გზით. და ბოლოს, აფასებს ამ ცივილიზაციათა სიცოცხლის ხანგრძლივობას.

თითოეულ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვადასხვა ცვლადის გამოყენებით, სხვადასხვა შეფასებას ვიღებთ შესაძლო ტექნოლოგიურ ცივილიზაციათა რაოდენობის შესახებ. სააზროვნო ექსპერიმენტია, მაგრამ მტკიცებულებები ელემენტარულია.

ახალმა კვლევამ ფერმის პარადოქსს ვარსკვლავთა ტიპებზე ფოკუსირების გზით მიმართა. პუბლიკაცია ამბობს, რომ გაფართოებადი ტექნოლოგიური ცივილიზაციისთვის, ყველა ტიპის ვარსკვლავი როდია სასურველი. დღეგრძელი ცივილიზაციისთვის, მიგრაციისთვის საუკეთესო სამიზნეებია დაბალმასიანი ვარსკვლავები, განსაკუთრებით K-ტიპის ჯუჯები.

კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიღებულია Astrophysical Journal-ში, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

პუბლიკაცია ფერმის პარადოქსის შეჯამებით იწყება: „გაფართოებადი ცივილიზაცია შეიძლება სწრაფად მოედოს გალაქტიკას და შესაბამისად, მზის სისტემაში არამიწიერი დასახლების არარსებობა მიუთითებს, რომ ასეთი ექსპანსიონისტი ცივილიზაციები არ არსებობენ“, — წერენ ავტორები.

ავტორები იშველიებენ ფერმის პარადოქსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანალიზს, რომელიც 1975 წელს გამოაქვეყნა ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა მაიკლ ჰართმა. ეს გახლდათ ფერმის პარადოქსის პირველი მკაცრი ანალიზი.

თავის კვლევაში ჰართმა აჩვენა, როგორ შეიძლება ცივილიზაცია გალაქტიკაში გავრცელდეს თავად გალაქტიკის ასაკზე ნაკლებ პერიოდში.

ჰართი განმარტავს, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ცივილიზაცია კოლონიურ ხომალდებს გაგზავნის უახლოესი ასი ვარსკვლავისკენ. მათ შეიძლება ვარსკვლავთა ამ სისტემების კოლონიზაცია მოახდინონ, შემდეგ კი თითოეულმა ამ კოლონიამ იგივე გააკეთოს და ეს პროცესი ასე, მრავალგზის გაგრძელდეს.

„თუკი მოგზაურობებს შორის წყვეტები არ ყოფილა, კოსმოსის კვლევის საზღვრები უხეშად მოთავსდებოდა იმ სფეროს ზედაპირზე, რომლის რადიუსიც 0,10c სიჩქარით იზრდება. ამ მაჩვენებლით, ჩვენი გალაქტიკის დიდი ნაწილი გადაკვეთილი იქნებოდა 650 000 წელიწადში“, — წერდა ჰართი.

ჰართი შენიშნავდა, რომ ტექნოლოგიურ ცივილიზაციას საკმარისი დრო უნდა ჰქონოდა ჩვენამდე მოსაღწევად, თუკი მოგზაურობას ორ მილიონზე ნაკლები წლის წინ დაიწყებდნენ. ჰართისთვის, არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის მტკიცებულებათა არარსებობის ერთადერთი ახსნა ის იყო, რომ ისინი არ არსებობენ.

თავის პუბლიკაციაში, ჰართი ორ დასკვნამდე მივიდა: გონიერი არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა (SETI) და ასეთივე სხვა მცდელობები დროის და ფულის ხარჯვაა და თუკი ვინმე ჩვენი მზის სისტემის კოლონიზებას მოახდენს, ისინი სავარაუდოდ ჩვენივე შთამომავლები იქნებიან.

ახალი კვლევის ავტორები ჰართის დასკვნებს არ ეთანხმებიან.

ფერმის პარადოქსზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი ვარაუდი ის არის, რომ ვარსკვლავები ერთნაირად მიმზიდველია კოსმოსში მოგზაური ცივილიზაციისთვის და ეს ცივილიზაცია ყველგან თანაბრად უნდა გავრცელდეს. მართლაც ასეა?

ახალი კვლევის ავტორები ასე არ ფიქრობენ.

„ვვარაუდობთ, რომ ჰანსენ-ზაკერმანის ჰიპოთეზის (2021) მიხედვით, გაფართოებადი ცივილიზაცია უპირატესად დასახლდება დაბალმასიან K- ან M-ჯუჯა სისტემებში, თავს აარიდებს მაღალმასიან ვარსკვლავებს, რათა გალაქტიკაში არსებობა გაიხანგრძლივონ“, — წერენ მკვლევრები.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით ვარსკვლავების გაზომვა ადამიანებისთვის ინტუიციური არ არის. თუკი ერთი ტიპის ვარსკვლავი 10 მილიარდ წელიწადს ცოცხლობს, მეორე კი 10 ტრილიონს, რა სხვაობაა ვინმესთვის, გარდა ასტროფიზიკოსებისა?

მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხართ მილიონი წლის ან უფრო ძველი, სხვადასხვა ვარსკვლავურ სისტემებს მოდებული ცივილიზაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრი. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავის ასაკს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

K ჯუჯები და M ჯუჯები (წითელი ჯუჯები) საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ. წარმოუდგენლად მოწინავე ცივილიზაციისთვისაც კი, სხვა ვარსკვლავური სისტემის კოლონიზება ბევრ რესურსს მოითხოვს. რატომ უნდა დახარჯო ეს რესურსები იმ ვარსკვლავზე, რომელიც დიდხანს ვერ იცოცხლებს?

ახალი კვლევის ავტორებმა გამოთვალეს ის დრო, რაც გალაქტიკურ ცივილიზაციას გალაქტიკის კოლონიზებისთვის დასჭირდება, თუ ამ ცივილიზაციის სამიზნე მხოლოდ K და M ჯუჯა ვარსკვლავები იქნება. მათი განცხადებით, ყველა დაბალმასიან ვარსკვლავამდე მისაღწევად, გალაქტიკურ ცივილიზაციას ორი მილიონი წელიწადი დასჭირდება.

„ყველა M ჯუჯის ასათვისებლად და დასასახლებლად საჭიროა დაახლოებით 0,3 სინათლის წლის სიჩქარის ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის უნარი, K ჯუჯებისთვის კი დაახლოებით 2 სინათლის წლის“, — წერენ მკვლევრები.

მოგზაურობის დიდი შესაძლებლობების მქონე ცივილიზაციას დრამატულად შეუძლია შეამციროს ორმილიარდ-წლიანი პერიოდი.

ასეთი შეფასება ეფუძნება ცივილიზაციას, რომელიც გალაქტიკაში ტალღებად ვრცელდება. უნდა იყოს ისეთი პერიოდებიც, როდესაც ცივილიზაცია სასურველი ვარსკვლავის მოახლოებას უნდა დაელოდოს.

ავტორთა განცხადებით, ცივილიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ვარსკვლავთა მოახლოებები, რათა გალაქტიკაში სწრაფად გავრცელდნენ რელატივისტური კოსმოსური ფრენების გარეშე. მათივე აზრით, 2-მილიონ წელიწადში დასახლების სცენარი არარეალური გამოდის.

„თუმცა, ეს სცენარი, ისევე როგორც მთლიანი გალაქტიკის დასახლების, შეიძლება გამოვრიცხოთ იმაზე დაყრდნობით, რომ მზის სისტემაში არავინ დასახლებულა“, — წერენ მკვლევრები და იქვე აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სხვა ცივილიზაციის მტკიცებულებათა ზოგადი ნაკლებობა მხარს უჭერს მათ ჰიპოთეზას დაბალმასიან ვარსკვლავთა შესახებ.

მათი განცხადებით, მზის სისტემაში არამიწიერი დასახლების არარსებობა შესაბამისობაშია მოსაზრებასთან, რომ მათი გავრცელება ნახევარი გალაქტიკით შემოიფარგლება, M-ჯუჯა ვარსკვლავებით ან K-ჯუჯა ვარსკვლავებით.

ავტორთა აზრით, უნდა არსებობდეს დაბალმასიანი ვარსკვლავების გალაქტიკური კლუბი, რომელიც ირმის ნახტომში სწორედ ახლა ვრცელდება და ამის გამორიცხვა არ შეგვიძლია უბრალოდ იმის გამო, რომ ეს არ შეგვიმჩნევია. მტკიცებულების არარსებობა არარსებობის მტკიცებულება არ არის, როგორც ამას ანდაზა ამბობს.

„კერძოდ, აღვნიშნავთ, რომ დაბალმასიან გალაქტიკურ კლუბს, რომელიც სათავეს იღებს მშობელი G-ჯუჯა სისტემიდან, საკმაო დრო უნდა ჰქონოდა, რომ გალაქტიკის ისტორიაში ისე განვითარებულიყო, რომ ჩვენ ვერც კი შეგვემჩნია მათი რაიმე აქტივობა“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

რა უნდა განაპირობებდეს სახეობის მუდმივად ექსპანსიას? მოსახლეობის რაოდენობის ზრდა? ენერგიის საჭიროება? მეცნიერული ცნობისმოყვარეობა? სხვებზე ბატონობა?

„თუმცა ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებ, ასეთი მასშტაბის გალაქტიკური ექსპანსია ბანალური უნდა იყოს თუ სასურველი ზოგადად ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაციებისთვის“, — წერენ ავტორები.

ჩვენ ეს ვერაფრით გვეცოდინება. თანამედროვე კაცობრიობის ისტორია მხოლოდ მეოთხედ მილიონ წელს ითვლის. სოფლის მეურნეობას ჯერ მხოლოდ 10 000 წელიწადია, რაც ვიყენებთ და კოსმოსში პირველი ნაბიჯები მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ გადავდგით.

მოტივები, რომლებიც გვიბიძგებს და აზროვნების ჩარჩო, რომელიც გვიხელმძღვანელებს, ჯერ ზუსტად არ არის დროში გამოცდილი.

ავტორთა განცხადებით, სხვა ცივილიზაციათა გაფართოების ნიშნების ძებნა მაინც ღირს და ჩვენი სამიზნე დაბალმასიანი ვარსკვლავები უნდა იყოს.

„ეგზოპლანეტურ სისტემებში ტექნოხელწერების ძებნა შეიძლება გალაქტიკაში დღეს ასეთი დაბალმასიანი გალაქტიკური კლუბის ძებნაში დაგვეხმაროს“, — ამბობენ მკვლევრები და არ ეთანხმებიან ჰართს იმაში, რომ გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა და სხვა ასეთი ძალისხმევები დროისა და რესურსების ფლანგვაა.

დრო ჩვენი სამყაროს ოსტატია. დრო ყველაფრის მბრძანებელია, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობითა და არამიწიერ ცივილიზაციათა ასაკით დაწყებული, ვარსკვლავთა და პლანეტათა სიკვდილით დამთავრებული. ფარდობითობამ შეიძლება დრო შეაფერხოს, მაგრამ მის მსვლელობას ვერ შეაჩერებს.

არაფერი ვიცით, რა სახის ცივილიზაციები შეიძლება არსებობდეს და როგორ შეიძლება ისინი მართავდნენ და აღიქვამდნენ დროს. მიკერძოებული ვართ თუ არა მხოლოდ საკუთარი არსებობით? დიახ, ნამდვილად ასეა.

მაგრამ იქნებ არამიწიერი სიცოცხლე იმდენად განსხვავებულია, რომ ფერმის პარადოქსის განხილვის მცდელობაც კი კურსის ცვლილებას საჭიროებს? იქნებ დროის მათი მთლიანი აღქმა და გამოცდილება ჩვენისგან სრულიად განსხვავდება?

იქნებ უცხოპლანეტელები სიცოცხლის გახანგრძლივების ტექნოლოგიას ფლობენ და იმდენხანს ცოცხლობენ, რომ ცალკეული ინდივიდები სხვა ვარსკვლავურ სისტემებში რამდენიმე გადასახლების მონაწილეებიც არიან? იქნებ ისინი ჩვენს მსგავსად მკაცრად ინდივიდუალურები არ არიან და ინდივიდუალურისა და გენეტიკური კოლექტივის გარკვეული სახის ჰიბრიდები არიან? იქნებ მათ ახალი გენეტიკური ინფორმაციის მიღება ისეთი გზებით შეუძლიათ, რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენთ? იქნებ გამრავლება მათთვის მოძველებულია და არ ანაღვლებთ ასეთი შფოთვები და სიცოცხლის სიმოკლე? იქნებ ისინი უკვე ორგანულებიც აღარ არიან და ის, რაც ჩვენ დღეს გვაცოცხლებს, მათთვის უკვე შორეული წარსულია? იქნებ სიმბიოზურები არიან? იქნებ ასობით ასეთი „იქნებ“ არსებობს?

იქნებ მათი საზოგადოებები იმდენად განსხვავებულია, რომ ექსპანსიის საჭიროება არ არსებობს? იქნებ თავად ექსპანსია ამად არც ღირს? ამ შემთხვევაში, ცივილიზაცია სიკვდილისთვის არის განწირული, როცა მათი პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი აღარ იქნება. იქნებ ასეთ შემთხვევას მათ როგორღაც გვერდი აუარონ? იქნებ ასობით ისეთი რამ არის, რაზე ფიქრიც კი არ შეგვიძლია?

ისეთი რამეები, რაზე ფიქრიც არ შეგვიძლია, უსარგებლოა, გარდა იმის გაცნობიერებისა, რომ ისინი არსებობენ.

ეს გახლავთ ფერმის პარადოქსისა და დრეიკის განტოლების ირგვლივ მიმდინარე მრავალი დისკუსიის სასრული წერტილი. ზედმეტად ბევრი რამ არ ვიცით; სინამდვილეში, იმის წარმოდგენაც არ შეგვიძლია, რომ არ ვიცით. კაცობრიობა ჯერ კიდევ პატარა ბავშვია.

თუმცა, ადამიანი ცნობისმოყვარეა და ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისებაა. მეცნიერებს სწორედ ის უბიძგებს ასეთ რამეებზე ფიქრისკენ.

არსებობს თუ არა ირმის ნახტომში ექსპანსიური ცივილიზაცია?

შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ძებნას არ უნდა შევეშვათ.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.