რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — მეცნიერებს ახალი ახსნა აქვთ #1tvმეცნიერება
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — მეცნიერებს ახალი ახსნა აქვთ #1tvმეცნიერება

ადამიანებს კოსმოსიდან არამიწიერი ცივილიზაციები არასოდეს დაგვკონტაქტებიან. თუმცა, სტატისტიკური თვალსაზრისით, სამყაროში მარტონი ნამდვილად არ უნდა ვიყოთ.

უარყოფილი შეყვარებულის მსგავსად, უიმედოდ ვცდილობთ გავარკვიოთ, რატომ არავინ გვეკონტაქტება; ერთ შესაძლო ახსნას მეორე მოსდევს.

შვეიცარიის ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EPFL) სტატისტიკური ბიოფიზიკის ლაბორატორიის მკვლევრებმა ამ რადიოსიჩუმის ახალი ახსნა შემოგვთავაზეს, რომლის შთაგონების წყაროც საყოფაცხოვრებო მოხმარების ღრუბელი გახდა.

„ჯერ მხოლოდ 60 წელია, რაც ვეძებთ. დედამიწა უბრალოდ შეიძლება იყოს ბუშტში, რომელიც მოკლებულია არამიწიერი სიცოცხლის მიერ გამოყოფილ რადიოტალღებს“, — ამბობს ბიოფიზიკოსი კლაუდიო გრიმალდი.

მოკლედ რომ ვთქვათ, დასასკანირებელი ძალიან დიდი სივრცეა და დიდი ალბათობით, ჩვენს გზას საკმარისი ოდენობის არამიწიერთა სიგნალი არ კვეთს. ეს კი ეფუძნება სტატისტიკურ მოდელს, რომელიც წარსულში ფოროვანი მასალების, მაგალითად, ღრუბლის შესასწავლად გამოიყენებოდა; ოღონდ, მასალაში ფორების შეფასების ნაცვლად, გამოიყენეს არამიწიერ სიგნალთა გამომსხივებლების შესაფასებლად, რომლებიც სადღაც კოსმოსში უნდა იყვნენ.

მთავარი შედეგი აღმოჩნდა მოთმინება. კოსმოსში კომუნიკაციების კვალის ძებნა მოითხოვს დროს, ძალისხმევას და ფულს, თანაც მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული კამათი იმის შესახებ, ღირს თუ არა გონიერი არამიწიერი ცივილიზაციის ძებნა (SETI) ამ ყველაფრად.

კვლევის მოდელი იწყება ვარაუდით, რომ ირმის ნახტომში ნებისმიერ მოცემულ დროს არის ტექნოლოგიური წარმოშობის სულ მცირე ერთი ელექტრომაგნოტური სიგნალი; ამ დროს კი დედამიწა უკვე სულ მცირე სამოცი წელიწადია (მეტი თუ არა), წყნარ ბუშტშია მოქცეული (ანუ ღრუბლის ფორაში).

თუ მართლაც ასეა, მაშინ, სტატისტიკურად, ჩვენს გალაქტიკაში რომელიმე ნებისმიერ ადგილას საუკუნეში 1-დან 5-მდე ელექტრომაგნიტური გამოსხივება უნდა იყოს. უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ისინი ჩვენს გალაქტიკაში იმავე სიხშირით უნდა გამოსხივდებოდეს, რა სიხშირითაც სუპერნოვები ფეთქდება — შესაბამისად, არც ისე ხშირად.

ასეთ შეფასებებში, რომელშიც ალბათობაა ჩართული, ხშირად არის ისეთი ვარაუდები, რომლებით მანიპულირებაც შესაძლებელია. შეიძლება ფაქტორების ისე კორექტირება, რათა იყოს ცოტა უფრო ოპტიმისტური (ან პესიმისტური).

ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ზემოთ ხსენებული პირობების გათვალისწინებით, გრიმალდი ამბობს, რომ შესაძლოა, სულ მცირე 60 წელი გვაშორებდეს მომენტთან, როდესაც არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალს დავიჭერთ. ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტური სცენარით კი, მოცდა დაახლოებით 2000 წელიწადს მოგვიწევს. ორივე შემთხვევაში, გვესაჭიროება რადიოტელსკოპი, რომელიც სწორი მიმართულებით არის მიმართული.

„შეიძლება უბრალოდ იმით არ გაგვიმართლა, რომ რადიოტელესკოპების გამოყენება მაშინ ვისწავლეთ, როდესაც კოსმოსის იმ ნაწილს ვკვეთდით, რომელშიც სხვა ცივილიზაციათა ელექტრომაგნტური სიგნალები არ იყო. ჩემთვის, ეს ჰიპოთეზა უფრო ნაკლებად ექსტრემალური ჩანს, ვიდრე ვარაუდი, რომ ჩვენ მუდმივად, ყველა მხრიდან გვირტყამს ეს სიგნალები, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, მათი დაფიქსირება არ შეგვიძლია“, — ამბობს გრიმალდი.

რაც უფრო იხვეწება ინსტრუმენტები, რომლებსაც კოსმოსის კვლევისთვის ვიყენებთ, სულ უფრო მეტ ისეთ პლანეტას ვპოულობთ, რომლებიც სიცოცხლისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი; ეს კი იმას ნიშნავს, რომ იზრდება ჩვენთან კონტაქტის მსურველ არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის შანსიც.

ამ ძებნაში ჯერ კიდევ ბევრი სივრცე გვაქვს დასაფარი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოდელირება, იმის გასარკვევად, თუ სად ვეძებოთ. მაგალითად, თუ არამიწიერი ცივილიზაცია განვითარდა, შეიძლება პლანეტების ჯგუფის გარშემო შეჯგუფდეს და სულაც არ გადანაწილდეს თანაბრად, როგორც ამ კვლევის ანალიზში ივარაუდეს.

გრიმალდის ვარაუდით, საუკეთესო გზა არის კომენსალური კვლევები: სიგნალების ძებნა იმ ტელესკოპთა მონაცემებში, რომლებიც სხვა მისიებზეა ფოკუსირებული; და არა სპეციალურად არამიწიერ ცივილიზაციათა კომუნიკაციების მძებნელ ტელესკოპთა გამოყენება.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია actu.epfl.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.